Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს ვალერი ლოშჩინინის საქართველოში ვიზიტი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზე?


ხუთშაბათს თბილისში პირველად ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ვალერი ლოშჩინინი, რომელმაც,

ქართულ მხარესთან ერთად, ამ მიმართულებით დაგროვილი ყველა საჭირბოროტო პრობლემა უნდა განიხილოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწესთან შეხვედრაზე კვლავ მთელი სერიოზულობით დადგება აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და უსაფრთხოების ზონის გაფართოების საკითხი.

მაისის თვეში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველო-რუსეთს შორის კვლავ განახლდა დიპლომატიური მიმოსვლა, რაც, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს. თბილისში მოქმედი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს 31 ივლისს დაგეგმილი სხდომის შემდეგაც არ შეიცვლება ვითარება და არ დაიწყება დევნილთა დაბრუნება, აფხაზეთში, შესაძლოა, უმართავი პროცესები დაიწყოს. მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ 1 აგვისტოს მოქმედებას შეწყვეტს ქართული პარტიზანული შენაერთების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი, რაც თავისთავად გულისხმობს აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული მოქმედებების განახლებას.

მაგრამ არსებობს თუ არა ასეთი საშიში პერსპექტივის ალტერნატივა? საქართველოს მხარეს ამაზე პოზიტიური პასუხი აქვს იმ კომპლექსური ფორმატის სახით, რომელიც მან 8-9 მაისს თბილისში ექსპერტთა დონეზე გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე გაეროს, რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამხედრო-საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს გააცნო.
[კახა სიხარულიძის ხმა] "პირველ ყოვლისა, ეს გულისხმობს მართლა უსაფრთხო დაბრუნებას ლტოლვილებისა. გარდა ამისა, ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთობლივ საერთაშორისო ადმინისტრაციაზე, რაც ძალიან კომპლექსური ფორმატია - ის გულისხმობს სასამართლოს ფუნქციონირებას, ის გულისხმობს პოლიციურ ზედამხედველობას. ძალიან დიდი ფორმატია".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, კახა სიხარულიძის, განცხადებით, საქართველოს მხარის მიერ შემუშავებული ამ წინადადების ირგვლივ გაიმართა საუბარი 23 მაისს ვალერი ლოშჩინინისა და ირაკლი მენაღარიშვილის შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, ორ საათს გრძელდებოდა.
შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ასეთი კომენტარით შემოიფარგლა:
[ვალერი ლოშჩინინის ხმა] "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვითარება ამჟამად რთულია და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, შესაძლოა, არა იმდენად მკვეთრი და მასშტაბური, მაგრამ მაინც ისეთი ნაბიჯებისა, რომლებიც მიგვიყვანენ სტაბილიზაციისა და უფრო მშვიდ ვითარებამდე და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების პროცესამდე."

თუმცა, თუ როგორ წარმოუდგენია მოლაპარაკების პროცესის განახლება რუსეთის ხელისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც ოფიციალური სოხუმი გადაჭრით ეწინააღმდეგება ქართული მხარის მიერ მომზადებულ წინადადებებს, ვალერი ლოშჩინინს ჯერჯერობით არ დაუზუსტებია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG