Accessibility links

logo-print

როგორი საგადასახადო სისტემა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, ხალხისთვის თუ ეკონომიკისთვის სასარგებლო


საქართველოში არ უყვართ სახელმწიფოსთვის გადასახადის გადახდა. ისიც ცნობილია,

რომ გადახდის სხვა ფორმებს იოლად ეგუებიან და მარტივად გაურიგდებიან ხოლმე ამ ქვეყანაში საგადასახადო უწყების წარმომადგენელს, მას სწრაფად და იაფად ისტუმრებენ. ნაკლებად არის ცნობილი, რომ საგადასახადო კანონები, რომელიც 1997 წლამდე მოქმედებდა, შედარებით მცირე რაოდენობით ადამიანს აიძულებდა არაოფიციალურად გარიგებოდა საგადასახადო ინსპექციას და მისთვის ეძლია ფული. სტატისტიკის თანახმად, 1997 წლამდე, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედების წინ, ორჯერ უფრო მეტი გადამხდელი ირიცხებოდა საქართველოში. დასკვნა მარტივია, კანონიერი საქმოსნობის განვითარებას მოქმედი კოდექსი ზღუდავს. და ეს შეზღუდვა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება.

საქართველოს საგადასახადო, ასე ვთქვათ, ცნობიერება გაგრძელებაა იმ საბჭოთა ცნობიერებისა, რომელიც მოქალაქეებს არა ღია და კანონიერი, არამედ ფარული გზით ყველაფრის მიღწევის, შესაბამისი საფასურით, ცხადია, გარანტიას აძლევდა. რა არის ნაკლულოვანი, კოდექსი თუ ეს ხალხი, რომელიც ვერ იქნა და ვერ გახდა ცივილიზებული და ვერ ისწავლა, რომ სახელმწიფოს უნდა გადაუხადოს?

ერთი ევროპელ, გერმანელ პროფესორზე გიამბობთ, რომელიც საგადასახადო სისტემებზე მუშაობს. ეს არის ჰაიდელბერგელი ეკონომიკის დოქტორი მანფრედ როზე, რომელიც ყველაფერ კლასიკურზე უარის თქმას ქადაქებს, ცხადია საგადასახადო სფეროში. როზეს აზრით, ის რაც ევროპაში წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ის კანონები, რომელზეც დამყარებულია მაგალითად, გერმანიის საშემოსავლო გადასახადი, უნდა გაუქმდეს. ეს სიტემა მოქალაქეებს ორმაგად და სამმაგად ბეგრავს და ამით ეკონომიკის დინამიკას აფერხებს. საგადასახადო სისტემა, რომელსაც როზე ემხრობა, მას ექსპერტები “ბაზარზე ორიენტირებულ საგადასახადო წესწყობილებას” უწოდებენ, ემყარება იდეას, რომ სახელმწიფო საფინანსო უწყებამ რაც შეიძლება ნაკლები გავლენის მოხდენა უნდა შეძლოს საბაზრო პროცესებზე და ამდენად, კაპიტალის წარმოქმნა გააიოლოს. კაპიტალის წარმოქმნა კი ყველანაირი ეკონომიკური ზრდის საფუძველია, სწამს პროფესორ როზეს. მისი სურვილია, ხალხი განთავისუფლდეს წარმოდგენისგან, რომ საგადასახადო უწყებას ყოველთვის შეუძლია, როგორც საგზაო ყაჩაღს, მიადგეს გადასახადის გადამხდელს და თავისი მოითხოვოს. როზეს კონცეპციით, დაიბეგრება მხოლოდ ის შემოსავალი, რომელიც უშუალოდ შრომიდან მოდის. ბანკში დადებული ფულის პროცენტები და აქციებით მიღებული შემოსავლი ბეგრისგან თავისუფალიუნდა იყოს. ასევე უპირატესობა აქვს ამ სისტემას საწარმოებისა და ფირმებისთვის. საგადასახადო უწყებას, ანუ სახელმწიფოს მათ მხოლოდ ის მოგება უნდა გაუნაწილონ, რომელიც აღემატება დადგენილ მინიმალურ პროცენტებს. ეს ინვესტიციებს გაამართლებს.

ნათქვამია, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო და ასეა მანფრედ როზეს საქმეც. მისი კონცეპცია გერმანიაში მიუღებელია, მას იქ არ იზიარებენ, გერმანიის საგადასახადო სისტემას სხვები განაგებენ. ამ გამგებლებს შორის არის პაულ კირხჰოფი, რომელსაც ბიურო ჰაიდელბერგში როზეს მეზობლად აქვს ეგრეთწოდებულ “გადასახადების ვილაში”, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.
კირხჰოფი იურისტია, როზე - ეკონომისტი. იურისტი, როცა იდეალურ საგადასახადო სისტემაზე ლაპარკობს, თანასწორობაზე, ოჯახების კეთილდღეობაზე ოცნებობს. როზე, ეკონომისტი, სულ სხვა რამეზე ფიქრობს - ეკონომიკურ წინსვლაზე, სამუშაო ადგილებზე, ინვესტიციებზე.
ალბათ ჩნდება შეკითხვა, სად აპირებს ჰაიდელბერგელი პროფესორი თავისი იდეების გნხორციელებას. არის ასეთი ქვეყანა-ბოსნია-ჰერცეგოვინა, სადაც როზე ყოველგვარი დებატების და კამათის გარეშე ახერხებს თავისი სისტემის ამოქმედებას. მისი სისტემა მარტივია, რამდენიმე პარაგრაფისგან შედგება და ძალიან დაბალ საგადასახადო განაკვეთს ითვალისწინებს. ალბათ მსოფლიოში ყველაზე რადიკალური საგადასახადო სისტამაა, რომელსაც როზე სთვაზობს ბოსნიის ქალაქ ბრჩკოს მცხოვრებთ. ის იმედოვნებს, რომ კანონი შემდგომ გავრცელდება და მთელს ფედერაციას მოედება. ახლა, ჯერჯერობით, ყოფილ იუგოსლავიაში საფინანსო-პოლიტიკური არეულობა სუფევს. ბევრი საგადასახადო კანონი, იუგოალავიის ძველი დიქტატორის ტიტოს პერიოდისაა, ანუ საგეგმო ეკონომიკას ემყარება. ომების შემდეგ ზოგიერთი კანონი შეცვალეს, გარდამავალი პერიოდის კოდექსი შემოიღეს. საქმე ისეა, რომ არათუ მოქალაქეები, თვით საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებიც ვერ ერკვევიან მასში. როზეს კონცეფცია, როგორც გითხარით, მარტივია. მისი პროექტი მხოლოდ 33 გვერდისგან შედგებდა. ბოსნიაში ასეთი აზრი მეფობს, ხალხმა კანონი უნდა გაიგოს, ამით იქნებ როგორმე აღიდგინოს სახელმწიფოს და მმართველობის მიმართ ნდობა.
ბოსნიელებს კი ეს სჭირდებათ. ამ ქვეყანაში კარგად ფუნქციონირებს კონტრაბანდა, გაუფორმებელი სამსახურები, ბაჟის და გადასახადების გადახდა არ ხდება. ჰაიდელბერგელმა პროფესორმა იცის, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკის შესატყვისი კანონი სჭირდება და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, როცა ის ახალ კანონს იღებს. “ა პროპო”ცალკეული ქვეყნის სპეციფიკა. საქართველოს ახლა მოქმედი საგადასახადო კოდექსი რუსეთიდან შემოიტანეს საქართველოს რეფორმატორებმა ამ ხუთი წლის წინ. ეს სისტემა თვით რუსეთშიც კი დაწუნებული იყო თავის დროზე. მომავალი საგადასახადო სის ტემის ავტორებმა აპრილის ბოლოს თქვეს, იმასთან ერთად, რომ არსებული 18 გადასახადის 4-მდე შემცირებას ითვალისწინებენ, გადამხდელის კეთილსინდისიერების პრეზუმპციაც შემოაქვთ.
XS
SM
MD
LG