Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კანონპროექტი “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”


სოზარ სუბელიანი, თბილისი იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა ახალ კანონპროექტზე “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”.

სახელწოდების მიუხედავად, პროექტი გაცილებით მეტად ზღუდავს სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ვიდრე ამას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივება და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა უშუალოდ სახელმწიფოს სურვილითა და დაკვეთით ხორციელდება.

კანონპროექტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გეზი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მკვეთრი შეზღუდვისკენ აიღო, თუმცა` თავად პროექტის ავტორი, იუსტიციის სამინისტრო, განსხვავებულ განმარტებას იძლევა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონპროექტის მიზანს აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა და რელიგიის სფეროში ფუნდამენტურ დებულებათა გათვალისწინება წარმოადგენს: [ზურაბ ეზუგბაიას ხმა] “კანონპროექტი ითვალისწინებს ფუნდამენტურ დებულებებს რელიგიის სფეროში, აღიარებს რწმენის აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ყველა კონფესიის და ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანასწორუფლებიანობას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებას, აღიაროს ნებისმიერი მრწამსი, ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა ან არ აღიარებდეს ასეთს და რჩებოდეს ათეისტად. ამავდროულად, განსაზღვრავს რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების რეჟიმს, რელიგიური ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლების ფორმირების წესს და ფორმატს, რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს და ზოგად წესს. აი, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც დაეფუძნა ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი”.

სინამდვილეში, კანონპროექტის არსი რადიკალურად განსხვავდება ყოველივე ზემოთქმულისგან. მაგალითად, იგი ითვალისწინებს “არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის” დაუშვებლობას, რაც განმარტებულია როგორც “რომელიმე რელიგიური ორგანიზაციისადმი ან კონფესიისადმი ახალი წევრების მიზიდვის მიზნით მატერიალური ან სოციალური შეღავათების შეთავაზება, ან იმავე მიზნით პირზე ფსიქიკურ-იდეოლოგიური ხასიათის ზეწოლის განხორციელება, მისი მხრიდან აშკარად გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე”.

პროექტის ამ მუხლის შესაბამისად, შემუშავებულია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით, ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე. ამასთან, არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმი შეიძლება გახდეს რელიგიური გაერთიანების აკრძალვის საფუძველი. ყოველივე ზემოთქმული და, აგრეთვე, კანონის ზოგიერთი სხვა მუხლი, სახელმწიფოს აძლევს სრულ თავისუფლებას, აკრძალოს ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა, ან საპატიმროში ჩასვას მისთვის მიუღებელი რელიგიის მიმდევრები.

კანონით იმის განსაზღვრა, რატომ ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს – ახალი წევრების მიზიდვის მიზნით თუ, უბრალოდ, კეთილი ნების გამო, შეუძლებელია. არსებული ფორმულირებით კი, ადამიანი შეიძლება 2 წლით აღმოჩნდეს ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მეორე ადამიანს დაეხმარა. ეს მაშინ, როცა ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები, ასეულობით ადამიანის ცემის, დაზიანების, სხვისი საკუთრების განადგურებისა და მითვისების მიუხედავად, მშვიდად სეირნობენ გარეთ, პოლიციის მაღალჩინოსნები კი მკალავიშვილისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულებას განკვეთილი პროტოპრესვიტერის მარჯვენაზე საჯარო ამბორითა და ლოცვა-კურთხევის გამოთხოვით ადასტურებენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG