Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე პრეზიდენტის ფონდის წინააღმდეგ


თუ პრეზიდენტი მესამე სექტორისთვის განკუთვნილი გრანტების გაცემისა და ხარჯვის კონტროლზე აყვანას ითხოვს და ამით გრანტების არამიზნობრივად ხარჯვის წინააღმდეგ გამოდის,

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, კერძოდ, “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი და ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გივი თარგამაძე “პრეზიდენტის პროგრამების ფონდის” წინააღმდეგ იბრძვის. მისი ვარაუდით, აღნიშნული ფონდი სერიოზული გრანტული მაქინაციებით უნდა იყოს დაკავებული.

როგორც გვახსოვს, გრანტების - მათ შორის, მესამე სექტორისთვის განკუთვნილი გრანტების - გაცემისა და ხარჯვის სახელმწიფო კონტროლზე აყვანის მოთხოვნა 475 მილიონის ოდენობის გრანტების მითვისების შესახებ ინფორმაციას ეყრდნობოდა, გრანტების სახით მიღებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა კი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბრალდებოდა. საფუძვლიანი იყო ეს ბრალდება თუ არა, მთავრობის სხდომებზე წამოწყებული ანტიგრანტული კამპანიით საქართველოს ხელისუფლებამ თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა: მესამე სექტორის ფინანსური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლზე აყვანის მოთხოვნით, მან იმის გაკეთება სცადა, რაც არც ერთ დემოკრატიული ქვეყანაში არ ხდება, მესამე სექტორის წარმომადგენლებს კი ერთი საკმაოდ საინტერესო კონტრაქტით დაინტერესების საბაბი მისცა.

“პრეზიდენტის პროგრამების ფონდსა” და”global humanitarian service”- ს შორის გაფორმებული კონტრაქტით გივი თარგამაძე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კონტრაქტის არსებობის შესახებ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან შეიტყო.
როგორც ის იხსენებს, იმ გადაცემაში “პრეზიდენტის პროგრამების ფონდის” მიერ მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტით შემოტანილ საქონელზე იყო საუბარი. მაგრამ ანტიკორუფციული საბჭოს ამ წევრმა გაარკვია, რომ საქმე ეხებოდა საკმაოდ სოლიდურ კონტრაქტს - ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც, “პრეზიდენტის პროგრამების ფონდს,” ამერიკული ფონდის “global humanitarian service”- ისგან მიღებული გრანტის სახით, უნდა შემოეტანა არა მილიონ ნახევრის, არანედ 482 მილიონი ამერიკული დოლარის საქონელი. კონტრაქტი 5 წლიანია. მისი ძალით, “პრეზიდენტის პროგრამების ფონდს” 98 წელს, გრანტის სახით, 75 მილიონის დახმარება უნდა მიეღო, 2000, 2001 და 2002 წლებში - 200-200 მილიონის, 2003 წლისთვის კი 75 მილიონის დახმარებაა განსაზღვრული.
98 წლიდან მოყოლებული, ამ დახმარებით საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი და მედიკამენტები უნდა შემოსულიყო. მაინც რისთვის და რა სახის, ჯერჯერობით დაუზუსტებელია. თუმცა ამაზე უფრო საინტერესო სხვა რამეა.
როგორც ვთქვით, 482 მილიონიანი გრანტი “პრეზიდენტის პროგრამების ფონდს” global humanitarian service” – ისაგან უნდა მიეღო, ამ უცხოური ფონდის კონტრაქტში მითითებულ მისამართსა და ტელეფონის ნომრებზე კი ფონდის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. “global humanitarian service,” უბრალოდ, არ არსებობს. კალიფორნიის შტატში არის ფონდი “global human service”, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელიც “პრეზიდენტის პროგრამების ფონდთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, იურიდიული ხარვეზის გარდა, ეჭვებს კონტრაქტში მითითებული კიდევ ერთი პირობაც აღძრავს: მხარეები ვალდებულნი არიან კონტრაქტის პირობების კონფიდენციალურობა დაიცვან.

გივი თარგამაძის აზრით, თუ “პრეზიდენტის პროგრამების ფონდი” სუფთა ფინანსურ საქმიანოაბს ეწეოდა და ეწევა, მის მიერ 482 მილიონის ოდენობის გრანტის მოზიდვა ასე უხმაუროდ არ ჩაივლიდა. მისივე თქმით, პირებმა, რომლებმაც პრეზიდენტი მესამე სექტორის ფინანსური საქმიანობის კონტროლზე აყვანის აუცილებლობაში დაარწმუნეს, საქმეში ჩაუხედაობის გამო, სერიოზული ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს და საქართველოში გრანტების სახით შემოსული 475 მილიონი მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწერეს. გივი თარგამაძის ვერსიით, თუ საქართველოში, დახმარების სახით, ასეთი სოლიდური თანხა, მართლაც, შემოვიდა,ის, ეტყობა, მეტწილად “პრეზიდენტის პროგრამების ფონდში” შევიდა. მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც: გივი თარგამაძე ეჭვობს, რომ “პრეზიდენტის პროგრამების ფონდსა” და არარსებულ ფონდს შორის გაფორმებული კონტრაქტი ფულის გათეთრებას ემსახურებოდა.

[გივი თარგამაძის ხმა] “წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი ფული, რომელსაც ვერ ვაჩენთ. გაგვაქვს უცხოეთში ეტაპობრივად და ამ პროცესს ვწელავთ 5 წელზე. ამ ფულის ერთბაშად გატანა გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული. ეტაპობრივად გატანილი ფულით კი ხდება სხვადასხვა სახის საქონლის შეძენა, შემდეგ მათი დაუბეგრავად შემოტანა, რადგან გრანტის სახით შემოტანილად ითვლება. მერე ეს საქონელი აქ იყიდება, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირად. ამოღებული თანხა შედის “პრეზიდენტის პროგრამების ფონდში”, სადაც დაცვა გარანტირებულია - ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტის ფონდია. აქედან ფული ისევ გრანტის სახით გაიცემა - უკვე იმ პირებზე, ვისიც იყო ეს შავი ფული. ეს არის რეალური და, ამავდროულად, ძალიან მომგებიანი მექანიზმი.”

ანტიკორუფციული საბჭოს წევრი კვლევას განაგრძობს და ამბობს, რომ “პრეზიდენტის პროგრამების ფონდის” ფინანსური მაქინაციების დეტალურად შესწავლის მოთხოვნას ანტიკორუფციულ საბჭოს შეკრებაზე დააყენებს.
XS
SM
MD
LG