Accessibility links

logo-print

გესაუბრებით პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტზე


13 ივნისს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭო საქართველოსთვის პირველადი ჯანდაცვის განვითარების კრედიტის გამოყოფის საკითხს განიხილავს.

უკვე დასრულდა კრედიტის მოსამზადებელი ყველა პროცედურა და ხელი მოეწერა საბოლოო ოქმს, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკიდან 20, 3 მილიონი დოლარის ოდენობის გრძელვადიან და შეღავათიან კრედიტს მიიღებს. მსოფლიო ბანკის პირობების შესაბამისად, საქართველოს თანადაფინანსებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის საერთო ღირებულებამ 25 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.

თუ მსოფლიო ბანკი პირველადი ჯანდაცვის პროექტის დასაფინანსებლად კრედიტს გამოყოფს, მისი ათვისება საქართველოს მაღალმთიანეთში უნდა დაიწყოს. ცივილიზაციის გარეშე დარჩენილი საქართველოს მთა მსოფლიო ბანკის ეგიდით წარმოებული სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების პირველი მიმღები იქნება. წილობრივად რა ოდენობის თანხა დაიხარჯება უშუალოდ მაღალმთიანი საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აშენებასა თუ გაცოცხლებაზე, ჯერ დაზუსტებული არ არის, ცნობილია მხოლოდ, რომ პროექტი, ძირითადად, ქართველი სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდება. ნიშნავს თუ არა მსოფლიო ბანკის მეორე ჯანდაცვითი პროექტის დაწყება იმას, რომ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციათა სოლიდური მონაწილეობის გარეშე,
საქართველოს ჯანდაცვის სექტორი პირველ დონეზეც კი ვერ იმუშავებს, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, დღეისათვის არსებული სურათი ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. პირველადი ჯანდაცვის პროექტის მიხედვით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მთელი ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, ხელახლა შესაქმნელია,ანუ სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის 200-მდე ცენტრი და 5 რეგიონული რეფერალური ლაბორატორია, შესაქმნელია ოჯახის ექიმის, ექთნისა და მენეჯერის ინსტიტუტი, რისთვისაც საკადრო რესურსის მომზადება-გადამზადების სისტემა უნდა ამოქმედდეს და, სამედიცინო აკადემიის ბაზაზე, სპეციალური ახალი ფაკულტეტი გაიხსნას და სხვ. კრედიტის ფარგლებში ახალი ფაკულტეტის გახსნა, მაშინ როცა საქართველოში დღეისათვის არსებული უმაღლესი სამედიცინო კადრის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, უთუოდ ერთ-ერთი იქნება იმ სადაო საკითხთა შორის, რომლებიც მსოფლიო ბანკის კრედიტის რატიფიცირებას ხელს შეუშლის. ყოველ შემთხვევაში, სკეპტიკოსთა სიმრავლის გამო, კრედიტის რატიფიცირება იოლი არ უნდა იყოს. რატიფიცირება სექტემბრისთვის იგეგმება, პირველი თანხების გადმორიცხვა კი - მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
პირველადი ჯანდაცვის განვითარების კრედიტი, საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მთლიანობაში, 25 მილიონი დოლარით განისაზღვრა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი ამირან გამყრელიძე განმარტავს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებისადმი მსოფლიო ბანკის ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, თანხა მცირეა. ამიტომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებათა რაუნდებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთია მოლაპარაკება ევროგაერთიანებასთან კონკრეტულად კახეთის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაციის თაობაზე, რასაც, დაახლოებით, 5 მილიონი ევრო დასჭირდება; მეორე კი არის მოლაპარაკება ინგლისის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, დაახლოებით, 7 მილიონი დოლარის ტექნიკური დახმარების შესახებ.

პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის განხორციელების ვადა 5 წლით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG