Accessibility links

logo-print

ქართველ ფერმერებს იაპონია საგრანტო პროგრამას გაუგრძელებს


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე წელია, იაპონიის მთავრობა საქართველოს სოფლის მეურნეობას ეხმარება.

იაპონური გრანტის პროგრამა 2KR-ის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ უკვე მიიღო 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. პარასკევს, 24 მაისს, იაპონიის ელჩმა საქართველოში კეცუია ჰიროსემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პროგრამის გაგრძელებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს საქართველოში უკვე შემოვიდა ტექნიკის 600-მდე ერთეული; ტექნიკის მომხმარებელს აქამდეც არჩევდა და შეარჩევს საკონკურსო კომისია, რომელშიც იაპონელი ექსპერტებიც შედიან.

რა შეჰმატა ქართველ ფერმერებს იაპონელთა შემწეობამ? მარტო 2002 წელს - ათეულობით იტალიური ტრაქტორი, გუთანი, ლაფეტი, ფარცხი, მარცვლის სათესი, სასუქის შემტანი და შემასხურებელი, კარტოფილის სათესი და ამღები, სიმინდის სარჩევი და კულტივატორი. ცხადია, მუქთად ეს არავის ეძლევა: ტექნიკით სარგებლობის მსურველმა პირველ ეტაპზე უნდა გადაიხადოს საერთო ღირებულების 5%, გირაოს შემთხვევაში, და - 20%, გირაოს უქონლობის შემთხვევაში. სრული ღირებულება კი უნდა დაიფაროს 4 წელიწადში. პარასკევს ხელმოწერილი მემორანდუმი შეიცავს შესაძლებლობას, ერთი მესამედით შემცირდეს დასაფარი თანხა, ხოლო დაფარვის ვადა 4-დან 7 წლამდე გაიზარდოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის თქმით [კირვალიძის ხმა]: “თუ ამას მივაღწიეთ, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გრანტი, რომელიც კი საქართველოში იმუშავებს”.

იაპონური პროგრამა გულისხმობს სერვის-ცენტრების მოწყობა-განვითარებას მანქანებისა და ტრაქტორების მომსახურებისათვის. გარდა ამისა, როგორც დავით კირვალიძე აღნიშნავს [კირვალიძის ხმა]: “იაპონელები მოითხოვდნენ, რომ პრიორიტეტული ყოფილიყო ტექნიკის მოხმარება მარცვლეული კულტურებისათვის, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში გვაქვს სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი კულტურა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ აბორიგენული ჯიშების, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და, ბუნებრივია, ექსპორტზე. აი, ეს პრიორიტეტები წარვუდგინეთ და პასუხს მოველით”.

მინისტრი ამბობს, რომ შემოტანილი ტექნიკა მთელ საქართველოში გავრცელდა: აჭარიდან კახეთამდე. რაც ძვირია, ის განვადებით იყიდება, ხოლო ზოგი ერთეული, მაგალითად, ქიმიური დაცვის საშუალებათა შემასხურებლები, შესყიდვის მსურველებს არც ეყოთ. კირვალიძის თქმით [კირვალიძის ხმა]: “რაზეც მეტია მოთხოვნილება, იმის წილი მომავალი წლის განაცხადში, ბუნებრივია, აიწევს. ეს არის, დაახლოებით, 3 მილიონი, რაც ისევ მოხმარდება მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოტანას საქართველოში. არ გამოვრიცხავ, გაისად კომბაინებიც იქნეს ჩასმული. წელს კომბაინები არ იყო”.

პროგრამის ფარგლებში შექმნილია საპარტნიორო ფონდი, რომელშიც აკუმულირდება ტექნიკის საფასურად ფერმერთა გადახდილი ფული. ამ ფონდში დღეს, დაახლოებით, მილიონი ლარია, რაც ცოტაა. შარშანდლამდე, 4 წლის მანძილზე, ფონდში სულ 250 ათასი ლარი იყო შესული, 2001 წელს კი ეს თანხა გაიზარდა. საპარტნიორო ფონდის ფული ისევ სოფლის მეურნეობას უნდა მოხმარდეს, ოღონდ – იაპონელთა თანხმობით.
XS
SM
MD
LG