Accessibility links

პრესა და საზოგადოება: ურთიერთნდობა თუ ურთიერთაგრესია?


გიორგი სანაიას ტრაგიკულმა დაღუპვამ და საზოგადოების რეაქციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათლად დაადასტურა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს ენდობიან.

როდესაც ძალოვანი უწყებებისგან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ისიც დადასტურდა, რომ საზოგადოება არა მხოლოდ ენდობა საინფორმაციო საშუალებებს, არამედ ენერგიულად იცავს კიდეც მათ.

მეორე მხრივ, ადამიანები გადაღალა იმ დაპირისპირებამ და აგრესიამ, რაც ყოველდღე ჟონავს ტელეეკრანიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან. ამიტომ რიგითი მოქალაქეებისგან ხშირად ისმის საყვედური იმის გამო, რომ დღევანდელ მძიმე ყოფას პრესა და ტელევიზია კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.

.

პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის "რეცეპტი" დიდი ხნის წინ შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებში: ნდობას იწვევს მხოლოდ სტანდარტის დაცვა, თანაც ხანგრძლივად. რა განაპირობებს საზოგადოების ნდობას პრესისადმი საქართველოში? ცხადია, ზუსტად ის ფაქტორები, რაც სხვა ქვეყნებში: ოპერატიული და კეთილსინდისიერი ინფორმაცია. უფრო მეტიც, საქართველოში სიმართლის თქმა ჯერ კიდევ დიდ გმირობად არის მიჩნეული და ამიტომ საზოგადოება ჟურნალისტთა კორპუსს აღიარებს როგორც ავანგარდს, როგორც მთელი საზოგადოების ინტერესების დამცველს. ეს თვალნათლივ ჩანს არა მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში, არამედ სოციოლოგიურ გამოკითხვებშიც. საზოგადოება პირდაპირ იმეორებს პრესის მიერ ჩამოყალიბებულ აზრს ამა თუ იმ საჯარო პირის შესახებ. მაგალითად, გასული წლის შემოდგომაზე სოციოლოგიურ გამოკითხვებში ყველაზე ცუდ მინისტრებად სახელდებოდნენ თარგამაძე და ჩხარტიშვილი, რაც, ფაქტობრივად, პრესის "დამსახურება" იყო.

პრესის მიმართ საზოგადოების ნდობა ფარული და უწყვეტი პროცესია, რომელიც ტენდენციებსა და ექსტრემალურ სიტუაციებში იჩენს თავს. ყოველდღიურ ყოფაში კი სულ უფრო მეტად იკვეთება აგრესია მედიის მიმართ. დათრგუნული და შეჭირვებული საზოგადოების წევრებს აღიზიანებთ ჟურნალისტების სითამამე და განსაკუთრებით აღიზიანებთ დაპირისპირების მუხტი, რომელსაც საინფორმაციო საშუალებები საგანგებოდ აღვივებენ. დაპირისპირებულ მხარეთა წარმომადგენლები ბოროტად იყენებენ სატელევიზიო ეთერს, ხშირად უშუალოდ მიმართავენ და უხეშად ეკამათებიან ერთმანეთს, ხოლო საზოგადოება სრულიად ავიწყდებათ. მაყურებელი კი შეურაცხყოფილი რჩება საკუთარი როლით ამ წარმოდგენაში. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, თითქოს, ყოველდღე შეახსენებენ რიგით მოქალაქეს, რომ იგი არავის სჭირდება და არავის ახსოვს. ამის შემდეგ საზოგადოებაში საპასუხო და ბუნებრივი აგრესია ჩნდება მედიის მიმართ. ეს აგრესია დააზარალებს ჯერ თავისუფალ პრესას, რომელიც არ არსებობს მოქალაქეების მხრადაჭერის გარეშე და, შემდეგ, პრესის არსიდან გამომდინარე, თავად საზოგადოებასაც.

ურთიერთნდობისა და ურთიერთაგრესიის გზაჯვარედინზე პრესისა და საზოგადოების შემდგომი ურთიერთობა, ალბათ, საგანგებო დაფიქრებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG