Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 436-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გამარჯობათ, ძვირფასო რადიომსმენელებო. ახლა “მეათე სტუდიაში” გეპატიჟებით. ჩვენი ყოველკვირეულ რადიოჟურნალის 436-ე გამოშვებაში გესაუბრებით პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დევიზებსა და დაპირებებზე; შევეხებით დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას: სასკოლო განათლების პრობლემას; გიამბობთ ქართულ-ოსური თანამშრომლობის ერთ ახალ ფორმაზე; ვიმსჯელებთ საზოგადოებისა და კომპიუტერის ურთიერთზემოქმედების საკითხზე; რადიოჟურნალის ბოლოს კი შემოგთავაზებთ ნაირ-ნაირი ამბების კალეიდოსკოპს. პრაღაში “მეათე სტუდიას” დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

პარტიების წინასაარჩევნო დევიზების შესახებ

დავით კაკაბაძე:
2 ივნისს საქართველოს ელექტორატი 1031 საკრებულოში 16 ათასამდე დეპუტატს აირჩევს. საყოველთაო აღიარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინასაარჩევნო დაძაბულობა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებით არის გამოწვეული. მართლაც, არჩევნების შედეგები პარტიებისთვის თავისებური მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვის მნიშვნელობას იძენს, საკუთარი სამომავლო სტრატეგიისა და ტაქტიკის განსასაზღვრად. საარჩევნო კამპანიის ზოგიერთი ტენდენციის თაობაზე თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საარჩევნო ტექნოლოგიებში კომპრომატების ომს ყველაზე საპატიო ადგილი უკავია. საარჩევნო კამპანიის წარმოების ეს ფორმა საქართველოსთვის უცხო ნამდვილად არ არის. საკმარისია, გავიხსენოთ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა ორი სახელისუფლო პარტია – მოქალაქეთა კავშირი და საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი – წარმატებით იყენებდნენ კომპრომატებით ბრძოლის ხერხებს.

სწორედ მაშინ, საქართველოს სანაოსნოს განიავებაში ასლან აბაშიძის “წვლილის” დამადასტურებელი დოკუმენტების გამოქვეყნებისას, ბევრს გულუბრყვილო იმედი გაუჩნდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაცა რაღაცაზე მაინც აგებდა პასუხს, მაგრამ არჩევნების შემდეგ სანაოსნოს საქმე ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც იმ დღეებში გახმაურებული სხვა სკანდალური ცნობები, რომლებიც უკვე მმართველი პარტიის ლიდერებისა და პრეზიდენტ შევარდნაძის საქმიანობას ეხებოდა.

და მაინც, კომპრომატების ომის არცთუ ჯენტლმენური ურთიერთობის ფორმამ პოლიტიკურ პარტიებს შორის არნახულ “პოპულარობას” მიაღწია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინასაარჩევნო კამპანიისას. როგორც ჩანს, პარტიების ლიდერების აზრით, ოპონენტის კომპრომეტირება დღეს საუკეთესო ფორმაა ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

ერთი მხრივ, კრიტიკაზე აგებული საარჩევნო კამპანია უსაფუძვლო სულაც არ გახლავთ. პრობლემებით დამძიმებული საზოგადოება შინაგანად კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ. თუმცა, მეორე მხრივ, მხოლოდ ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია საზოგადოების კიდევ უფრო დიდ გაღიზიანებას იწვევს. მართლაც, გაუგებარია, თუ ოპონენტები ამდენად კარგად იყვნენ ინფორმირებული მოწინააღმდეგის უსამართლობაზე, რატომ შემოინახეს კრიტიკული პათოსი არჩევნებისთვის?

გამორიცხული არ არის, თავად პარტიებიც გრძნობდნენ ასეთ შეუსაბამობას და, ამიტომ, მათი უმრავლესობა საარჩევნო დევიზებით საზოგადოების ოპტიმისტურ ნოტაზე მომართვას ცდილობს.

“სხვები გპირდებიან – ჩვენ ვაკეთებთ” – ასეთია საარჩევნო ბლოკ “აღორძინება – 21-ე საუკუნის” საარჩევნო დევიზი. გულახდილად რომ ითქვას, ოპტიმიზმთან ერთად, ეს დევიზი კონკრეტულ კითხვებსაც ბადებს. მაგალითად, ნიშნავს თუ არა ეს, რომ “აღორძინება – 21-ე საუკუნე” იმ დაპირებების შესრულებას გეგმავს, რომლითაც 1999 წლის არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირმა მოიპოვა ამომრჩევლის სიმპათია. თუ ასეა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირმა გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა.
საქართველოს გამოღვიძებისკენ მოწოდებებს გამოთქვამენ ახალი მემარჯვენეები, რომელთა დევიზი ასე ჟღერს - “გაიღვიძე, საქართველო”. საინტერესოა, რომ ამ პოლიტიკური პარტიის არაფორმალური სახე – უცნობი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შექმნილი სიმღერებით (თუმცა ეს თავად ედპ-ის შედეგზე არ ასახულა), ამჯერად ახალი მემარჯვენეების კამპანიაში იმავე ამპლუაში – ანუ ქვეყანაში არსებული “მუქი ფერების” შემხსენებლის როლში აღარ გამოდის.

საერთოდ კი, სიმღერებით ამომრჩეველს პარტიები ამჯერად აღარ ანებივრებენ. გამონაკლისი მხოლოდ მწვანეთა პარტიაა, რომელმაც ამომრჩეველს, ჰიმნთან ერთად, დევიზად საქართველოს სიბინძურისგან გაწმენდის დაპირება შესთავაზა.
“ყველაფერი კარგად იქნება” – არწმუნებს ამომრჩეველს სოციალისტური პარტიის წინასაარჩევნო დევიზი, რომელიც უკვე მრავლად გაჩნდა თბილისის ქუჩებში. მრეწველები საქმეს უფრო პროფესიულად უდგებიან და ამომრჩეველს ქვეყნის ერთად აშენებას სთავაზობენ.

ყველაზე სკანდალურად ჯერჯერობით “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტის” საარჩევნო დევიზი რჩება, რომელიც ამომრჩეველს “თბილისს – შევარდნაძის გარეშე” ჰპირდება. ბლოკ “აღორძინების” არ იყოს, ამ დევიზთან დაკავშირებითაც ჩნდება, ასე ვთქვათ, დამაკონკრეტებელი კითხვა: რა საერთო აქვს თბილისში პრეზიდენტ შევარდნაძის ყოფნა-არყოფნის საკითხს დედაქალაქის საკრებულოს არჩევნებთან?

და ალბათ, ყველაზე აქტუალურად მაინც ის დევიზი რჩება, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვით, კომპრომატების ომით გადაღლილ ელექტორატს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მაინცდამაინც არ კლავს. ასე რომ, ისევ და ისევ საარჩევნო დევიზებს თუ დავეყრდნობით, თუ გინდათ, რომ მრეწველების მოწოდება საქართველოს ერთად შენების თაობაზე შესრულდეს, გაითვალისწინეთ “ახლების” რჩევა და გაიღვიძეთ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესრულდება მწვანეთა გადაწყვეტილება, საქართველოს სიბინძურისგან გაწმენდის შესახებ, ხოლო ნაციონალისტების დაპირებას “თბილისი შევარდნაძის გარეშე” “აღორძინება” შეასრულებს, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვების დაპირებების აღსრულებით ყოფილა დაკავებული. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად რომ იქნება, ამას უკვე სოციალისტები ირწმუნებიან.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

სასკოლო განათლების ზოგიერთი პრობლემა

დავით კაკაბაძე:
იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოა წინასაარჩევნო დაპირებები, ჩვენს შემდეგ მასალაშიც გესაუბრებით, ოღონდ ამ საკითხს სხვა კუთხით მივუდგებით. საქართველოს განათლების მუშაკთა დამოუკიდებელი გაზეთის “ჩემი სკოლის” მთავარი რედაქტორის, დოდო ნათიძის თქმით, სასკოლო განათლების პრობლემები პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ახსენდებათ. ჩვენ არაერთხელ გაგვიშუქებია ეს თემაო – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ხშირად გაისმის ლოზუნგი სკოლის აპოლიტიკურობის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მოვლენები სულ სხვაგვარად ვითარდება. გაზეთის მთავარ რედაქტორს გიორგი კაკაბაძე სკოლასთან დაკავშირებული სხვა მწვავე საკითხებზეც ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
დოდო ნათიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად საარჩევნო უბანი იქმნება სკოლებში, საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად ინიშნებიან სკოლის დირექტორები, წევრებად – პედაგოგები. როგორც წესი, ისინი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან არჩევნების დროს, დაპირებებსაც ისმენენ, [დოდო ნათიძის ხმა] “მაგრამ შემდეგ, რაც უნდა მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს სკოლის ცხოვრებაში, აღარც რომელიმე პარტიას ახსოვს ეს სკოლა, აღარც არჩეულ დეპუტატს ახსოვს სკოლა და სკოლის პრობლემები და ა.შ.”

ჩემი თანამოსაუბრის ინფორმაციით, თითქმის არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დაინტერესებულა თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სკოლებისადმი მიყენებული ზარალით. რამდენიმე სკოლა დაათვალიერეს “აღორძინების” წარმომადგენლებმა, [დოდო ნათიძის ხმა] “შეიძლება იმიტომ, რომ ამ ბლოკიდან კენჭს იყრის მეცნიერ-პედაგოგი გია მურღულია, რომლისთვისაც სისხლხორცეულია სასკოლო პრობლემები. სხვა პარტიებზე ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ არაერთხელ შევეხეთ ამ თემას: რატომ არის, რომ არჩევნების დროს ყველას ახსოვს სკოლა, მასწავლებელი, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათ ავიწყდებათ სკოლა და სკოლის პრობლემები მოუგვარებელი რჩება”.

გაზეთ “ჩემი სკოლის” მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ განვლილი სასწავლო წელი ისეთივე მძიმე იყო, როგორიც წინა წლები. დოდო ნათიძე იხსენებს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფკავშირების ფორუმს, სადაც ბევრი მტკივნეული საკითხი განიხილეს. ჯერ ერთი, არანაირად არ გაუმჯობესებულა საშუალო და უმაღლესი განათლების მუშაკთა ძალიან მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ტრადიციად იქცა ისედაც მიზერული ხელფასების 12-14-თვიანი დაგვიანებით გაცემა.

[დოდო ნათიძის ხმა] “შემდეგ ძალიან დიდი ბრძოლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩვენი მთავრობა წამოვიდა წინადადებაზე, სექტემბრიდან განახორციელოს ხელფასების მომატება 30%-ით. ეს იყო პირველი მოსინჯვა ამ ურთიერთობისა.”

დოდო ნათიძის თქმით, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში სასწავლო პროცესი, არსებითად, ჩაშლილი იყო. მაგალითად, გაზეთ “ჩემი სკოლის” ფურცლებზე გამოქვეყნდა მესტიის რაიონის მასწავლებელთა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ სკოლებში არ არის მატერიალური ბაზა, შენობები გაურემონტებელია, ძალიან ცუდი მდგომარეობაა სახელმძღვანელოების მხრივ, რაიონში ვერ იღებენ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებით. ალბათ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთ პირობებში მყოფი მესტიელი მასწავლებლები რამდენჯერმე გაიფიცნენ კიდეც.

არსებული მდგომარეობიდან ერთ-ერთი გამოსავალი განათლების სფეროში ინვესტიციებს გულისხმობს და, როგორც დოდო ნათიძე აღნიშნავს: [დოდო ნათიძის ხმა] “აქ ჩადებული კაპიტალი უცებ არ იძლევა შედეგს. დავუშვათ, რაღაც სხვა სფეროში ჩავდებთ კაპიტალს და ამოვიგებთ ძალიან სწრაფად, მაგრამ შეიძლება ასევე სწრაფად დავკარგოთ. განათლებაში კი შედეგს უნდა დაველოდოთ გარკვეული წლების შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ მყარი შედეგი იქნება და უფრო ფეხზე დააყენებს ქვეყანას.”

ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, რომ დღესდღეობით გამოუყენებელი რჩება საქართველოს მეცნიერულ-პედაგოგიური პოტენციალი. ერთი თვის წინათ განათლების მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ კონფერენციაზე ასეთი კითხვაც დაისვა: საერთოდ, სჭირდება კი განათლების სისტემას ქართველი მეცნიერები?

მართალია, ქვეყანას უჭირს, ამიტომ უცხოური კრედიტები და გრანტები აუცილებელია, მაგრამ როგორც დოდო ნათიძე მიიჩნევს, არ შეიძლება განათლების სისტემის რეფორმირება მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთული რეკონემდაციების მიხედვით მიმდინარეობდეს.

საქართველოში არსებული გამოცდილების, ტრადიციების და ცნობიერების გაუთვალისწინებლად, რეფორმის წარმატებით განხორციელება, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიაო – ამბობს გაზეთ “ჩემი სკოლის” მთავარი რედაქტორი.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.


ქართულ-ოსური თანამშრომლობის ახალი საფეხური

დავით კაკაბაძე:
ამ კვირაში “კავკასიურმა სახლმა” უმასპინძლა მრგვალ მაგიდას, რომლის მონაწილენი იყვნენ თბილისისა და ცხინვალის არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახლო მომავალში უნდა ამოქმედდეს ქართველი და ოსი ჟურნალისტების პროექტი – ერთობლივი გადაცემა, რომელიც 9 თვის მანძილზე ყოველკვირეულად და ერთდროულად გავა თბილისში რადიო “მწვანე ტალღისა” და ცხინვალში რადიო “ნაუ ლენის” ეთერში. მრგვალი მაგიდაც სწორედ ამ ერთობლივი გადაცემის სტრატეგიის განსაზღვრას მიეძღვნა, თუმცა შეხვედრისას, როგორც დავით პაიჭაძე იუწყება, ქართულ-ოსური ურთიერთობის უფრო მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხნენ.

დავით პაიჭაძე:
მიღებული აზრით, ქართულ-ოსურ დიალოგს ნაკლები სიძნელე ახლავს, ვიდრე ქართულ-აფხაზურს. ორივე შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები სამთავრობო სტრუქურების მოლაპარაკებებზე უფრო პროდუქტიულია. პროდუქტიული, მაგრამ არცთუ ეფექტიანი, რადგან სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობები შეზღუდულია. და მაინც, საზოგადოებრივი აქტივობის სფეროში მხარეები ახერხებენ პოზიტიურ ურთიერთქმედებას ისე, რომ არ ეხებიან კონფრონტაციულ საკითხებს, რაც არ ნიშნავს, რომ გვერდს უვლიან მწვავე, მათ შორის პოლიტიკურ პრობლემებსაც.

შეხვედრას კავკასიურ სახლში ესწრებოდა არაღიარებული სამხრეთი ოსეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტოლოგი კოსტა ძუგაევი, რომელიც დღეს ფილოსოფიის დოცენტია ცხინვალის უნივერსიტეტში და ხელს უწყობს თბილისისა და ცხინვალის არასამთავრობო სექტორის ურთიერთობებს. ჩემს შეკითხვას, ადამიანური საქმიანობის რომელ სფეროებშია შესაძლებელი ეთნიკური ქართველი და ოსი მოქალაქეების ნაყოფიერი ურთიერთქმედება, კოსტა ძუგაევმა ასე უპასუხა [ძუგაევის ხმა რუსულად]: “ვფიქრობ, უწინარესად, ეს არის სპორტი და გარწმუნებთ, აქ დიდი პოტენციალია. სამწუხაროდ, მას არ იყენებენ, ან არასაკმარისად იყენებენ; ესაა კულტურა – კავკასიურ სახლში გიორგი ბესტაევის, “ვეფხისტყაოსნის” ოსურ ენაზე მთარგმნელი პოეტის, დაბადებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა ამის დასტურია. ასეთი შესაძლებლობა არაერთია, უბრალოდ, ისინი სწორად და ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის ახლობელი და კარგად გასაგები თემა გახლავთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესში. ჩემი აზრით, ის დიდი წარმატებით ვითარდება, რამდენადაც ამას ვაკვირდები ჩვენთან, ერგნეთის სახელგანთქმული ბაზრობის მაგალითზე. ასე რომ, მთავარია, სურვილი იყოს”...

ერგნეთის ბაზრობის ხსენებისას კოსტა ძუგაევი ოდნავ ირონიული იყო. ერგნეთის არსებობა, როგორც ვაჭრობის ასპარეზისა, სასარგებლოა ქართველი და ოსი მოქალაქეების ურთიერთობათა განვითარებისათვის, მაგრამ შეხვედრაზე ისიც ბევრჯერ ითქვა, რომ ამ ნიადაგზე ყველაზე უკეთ ერთმანეთთან შეთანხმდნენ ქართველი და ოსი ძალოვანები ქართველ და ოს კრიმინალებთან ერთად [ძუგაევის ხმა რუსულად]: “აქ ლაპარაკი იყო მაფიაზე. რა თქმა უნდა, მაფიაც გარკვეულ როლს ასრულებს, რადგან თავისი ბუნებით მაფია დაინტერესებული არ არის არანაირი კონტროლით. მოწესრიგება კი გულისხმობს ცხოვრების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და, საერთოდ, ნებისმიერ სფეროში კანონიერების მთელი სისავსით გავრცელებას. ცხადია, ეს არ წარმოადგენს კრიმინალური და ჩრდილოვანი სტრუქტურების ინტერესს.”

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, ირაკლი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ მხარეთა შეხვედრების დროს წამოუდგენელია პოზიციათა კომპრომისი, მაგრამ ის შესაძლებელია ინტერესებში, რომლებიც ამ პოზიციებში აირეკლებიან [მაჭავარიანის ხმა]: “დაპირისპირება იმიტომაც არ ისპობა, რომ დღესაც არის ის ძალა, რომელიც აღვივებს ამ დაპირისპირებას და ჰქმნის კონფრონტაციულ სტერეოტიპებს. ამის მიზანია, ოსურ მოსახლეობას ჰქონდეს ცუდი წარმოდგენა საქართველოზე და ქართველებს ჰქონდეთ ცუდი წარმოდგენა იქითა მხარეზე და ა.შ. როცა ეს ყველაფერი იგეგმებოდა, გაღვივდა და ქართული საზოგადოების ნაწილიც წამოეგო, გაუჩინეს ოს მოსახლეობას სტერეოტიპი, თითქოს მათი კეთილდღეობა, მათი არსებობის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსგან ჩამოშორების შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად მათ შეუძლიათ, დღევანდელზე უკეთ იცხოვრონ. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო და სამხრეთი ოსეთი არის ერთი სახელმწიფო, ისინი კი ამბობენ, რომ არა, ორი სახელმწიფოაო – ამ ორ პოზიციას შორის კომპრომისი ლოგიკურად არ არსებობს. არავითარი დიპლომატია ამას არ უშველის. მაგრამ რა ინტერესია ამ პოზიციათა უკან? თუ დამოუკიდებლობა იმისთვის უნდათ, რომ ეთნოსის, ენის, კულტურის არსებობა იქნეს დაცული, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ პირობები და დავიცვათ ეს ყველაფერი ისე, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა მაინცდამაინც სავალდებულო არ იყოს.”

სხვა საკითხია, რამდენად ახერხებს საქართველოს ხელისუფლება ამ პოლიტიკის განხორციელებას. პოლიტიკოსთა უშედეგო მოქმედების ფონზე თბილისისა და ცხინვალის არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა, ინფორმაციის საჯარო მიმოცვლა, საერთო და საზიარო პრობლემების საზოგადოებისათვის გაცნობა შეიძლება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

კომპიუტერი და საზოგადოება

დავით კაკაბაძე:
კომპიუტერი ჩვენი ეპოქის ძირითადი სიმბოლოა, ძირითადი შიფრია, როგორც სოციოლოგები იტყოდნენ. რაც დრო გადის, კომპიუტერი და საზოგადოება ერთმანეთზე სულ უფრო მეტად ახდენენ გავლენას. კომპიუტერი მანქანა აღარ არის, ის საკუთარ თავში მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ სოციალურ მექანიზმებსაც. შეიძლება ითქვას, კომპიუტერი არის მანქანა, რომელმაც გვასწავლა, როგორ გამოვემშვიდობოთ ძველ ცნებას მანქანაზე. ბიძინა რამიშვილმა მოამზადა მასალა, რომელიც კომპიუტერისა და საზოგადოების ურთიერთზემოქმედების საკითხებს ეხება.

ბიძინა რამიშვილი:
ახალი ტექნიკა არასოდეს არის მხოლოდ ახალი ტექნიკა. მაგრამ ცვლილებები, რაც კომპიუტერმა მოიტანა საზოგადოების ყველა შრეში, უკვე თვისებრივი ნახტომია. ეს გარდატეხა ჩიპის რევოლუციამ გახადა შესაძლებელი. მოხდა სპეციალიზაციათა გამოცალკევება, დეცენტრალიზაცია, გაიხსნა კომპიუტერის გამოყენების სრულიად ახალი, ადრე უცნობი სფეროები.

ყველაფერი, რაც ციფრული ფორმით შეიძლება დამუშავდეს, პერსონალური კომპიუტერებისა და მონაცემთა ბანკების ”საცავებში” იდებს ბინას.

თაგვისა და გრაფიკული სამომხმარებლო ზედაპირის გამოგონების შემდეგ კომპიუტერი მეოთხე კულტურულ ტექნიკად იქცა წერის, კითხვისა და ანგარიშის შემდეგ.

კომპიუტერი ადამიანის ტვინის მოდელს მისდევს, პრობლემის ამოხსნის ადამიანურ პრინციპს ემყარება.

კომპიუტერმა ამბივალენტური შედეგები მოიტანა. ახალგაზრდებ ის ახალ შანსებს სთავაზობს, ხანდაზმულეს კი ეშინიათ, რომ კომპიუტერი შეცვლის მათ სამუშაო ადგილს.

ერთი რამ ცხადია: კომპიუტერმა ძირეულად შეცვალა ადამიანების აზროვნება. ეს განსაკუთრებით მას მერე მოხდა, რაც მსოფლიო კომპიუტერი ქსელის განვითარების შემდეგ კომპიუტერი უნივერსალურ მედიუმად იქცა.

მაინც რა ცვლილებები მოიტანა კომპიუტერმა და რა შეიძლება მისცეს მან საქართველოს საზოგადოებას?

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]

საზოგადოებაზე კომპიუტერის ზომოქმედებაზე როცა ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია პერსონალური კომპიუტერი. ფირმა IBM-ის მიერ პერსონალური კომპიუტერის გამოგონების შემდეგ მოხდა ინფორმაციის, ცოდნის დეცენტრალიზაცია. ვინაიდან ის ინფორმაცია, რაც ადრე სპეციალურ ლაბორატორიაში მდგარ უზარმაზარ კომპიუტერში ინახებოდა, ახლა ხელმისაწვდომი გახდა რიგითი მოქალაქისთვისაც. საკუთარ სახლში, საკუთარ მაგიდაზე, მისი მართვა ექსპერტების სპეციალური ცოდნის გარეშე შეიძლება, თანაც მის მეშვეობით მუშაობის გარდა დროის ტარებაც არის შესაძლებელი. ისევ ლევან ბერძენიშვილს მოუსმინეთ.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა]

დაბოლოს იმასაც ვახსენებთ, რომ სულ უფრო გახშირდა მეცნიერთა ჩივილი, რომ დადგა დრო, შეიქმნას ახალი თეორიები საზოგადოებრიობის ამ ნაზავის – ადამიანისა და მანქანის – ურთიერთმოქმედების აღსაწერად.

[მუსიკა]

კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდიის” დასასრულს მარიამ ჭიაურელი ნაირ-ნაირი ამბების კალეიდოსკოპს გთავაზობთ.

მარიამ ჭიაურელი:
ტომ კრუზს ყველაზე ლამაზი მკლავები აქვს, მის ყოფილ მეუღლეს ნიკოლ კიდმენს კი ყველაზე ლამაზი ფეხები – ყოველ შემთხვევაში, ასეთ დასკვნას ვეცნობით ჟურნალ ”ფიფლ მაგაზინში”, რომლის ბოლო ნომერი ჰოლივუდის ვარსკვლავების სხეულის ნაწილების შეფასებას ეთმობა. ქალებს შორის მკლავების სილამაზით მსახიობი ჯენიფერ გარნერი გამოირჩევა, ხოლო ბენჯამინ ბრეტი და ჰალი ბერი – ყველას ჩრდილავენ მკერდის მშვენიერებით. ამ უცნაური შეფასებების მზადებისას ”ფიფლ მაგაზინის” რედაქცია ჰოლივუდს არ დასჯერდა და პოპ-მუსიკისა და სპორტის სფეროებსაც გადასწვდა – მამაკაცებს შორის ულამაზესი ფეხები ავსტრალიელ ჩოგბურთელს, პატრიკ რაფტერს აღმოუჩინეს, ხოლო მომღერლებმა ჯერი ჰოლიუელმა და აშერმა რედაქციის თანამშრომლებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება... მუცლის კუნთებით მოახდინეს.

[მუსიკა]

ბრუს უილისის გარეგნობამ ”ფიფლ მაგაზინის” რედაქცია, როგორც ჩანს, ვერ მოხიბლა – მაგრამ ინტერვიუდან, რომელიც 47 წლის კინოვარსკვლავმა ”რიდერს დაიჯესტს” მისცა, მისი ცხოვრების ერთ მართლაც შთამბეჭდავ დეტალს ვეცნობით: 10-დან 18 წლამდე ასაკში უილისს ენის ბორძიკი სტანჯავდა და ბიჭუნამ მეტყველება თეატრის სცენაზე გამოისწორა – ”სკოლაში სპექტაკლს ვდგამდით და უცებ თავისუფლად ავლაპარაკდი. მაგრამ უბედურება ის იყო, რომ, როგორც კი მაყურებელი გაიკრიფებოდა, ენას ვეღარ ვატრიალებდიო”, იხსენებს მსახიობი, რომელსაც დღეს მაყურებელი, მოგეხსენებათ, არ აკლია.

[მუსიკა]

ამ რამდენიმე დღის წინათ წარმატებებით განებივრებული კიდევ ერთი ადამიანის წარსულის არცთუ სასიამოვნო დეტალები გამომზეურდა: საბავშვო ბესტსელერის ”ჰარი პოტერის” ავტორი, ინგლისელი ჯოან როულინგი თავისი მოთხრობების ახალი კრებულის წინასიტყვაობაში აღწერს, რა პირობებში წერდა თავის პირველ წიგნს. ”საბავშვო ტანისამოსის ძვირ მაღაზიაში შევდიოდი, რათა შვილისთვის სარეკლამო, უფასო საცვლები ამეღო. ერთხელ, სუპერმარკეტში, ორად ორი პენი დამაკლდა და ლობიოს კონსერვის დაბრუნება მომიხდაო”, წერს როულინგი, რომელიც ”ჰარი პოტერის” სენსაციურ წარმატებამდე თავს სოციალური დახმარებით ირჩენდა. დღეს ის ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია და ახალი წიგნით მიღებული შემოსავლის ნაწილს მარტოხელა დედებისა და მამებისათვის გაიღებს.

[მუსიკა]

ლუჩანო პავაროტის საოპერო სცენა, კარგა ხანია, ეპატარავება – ის სტადიონებზე გამოსვლას ამჯობინებს, რითაც ოპერის არაერთი მოყვარული განაწყენებული ჰყავს. მაგრამ ის, რაც ”ტენორისიმომ” ნიუ-იორკის სახელგანთქმულ ”მეტროპოლიტენ ოპერაში” გააკეთა, უფრო ზუსტად არ გააკეთა, უკვე აღშფოთების მიზეზად იქცა – პავაროტიმ ზედიზედ ორჯერ თქვა უარი სპექტაკლებში მონაწილეობაზე! გაციება, გრიპი, ხმის ჩახლეჩა გასაგები მიზეზებია, მაგრამ როცა მომღერალი უარს სპექტაკლის დაწყებამდე სულ ერთი საათით ადრე ამბობს და თავს არ იწუხებს თეატრში მისვლით, რათა მომლოდინე მაყურებელს ბოდიში მოუხადოს – ამას პავაროტისაც არ აპატიებენ! ”უგემოვნო მელოდრამა მეტროპოლიტენ ოპერაში”, ”დიდი კარიერა ასე არ უნდა დამთავრებულიყოო”, წერდნენ გაზეთები და თან ხოტბას ასხამდნენ სალვატორე ლიჩიტრას – 33 წლის იტალიელ ტენორს, რომელმაც ”მეტროპოლიტენში” სახელდახელოდ შეცვალა დიდი კოლეგა. პავაროტისა და მის ერთგულ თაყვანისმცემლებს კი ისღა დარჩენიათ, თავი ინუგეშონ შეგონებით, რომ ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია, პირველ რიგში ტენორის ხმა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
მარადიული მართლაც არაფერია, მათ შორის არც ტენორის ხმა. რა კარგია, რომ ადამიანმა ხმის ჩაწერის ტექნიკა გამოიგონა და დღეს საშუალება გვეძლევა, ლუჩანო პავაროტის ახალგაზრდობის დროინდელი შესრულებით დავტკბეთ. სანამ დაგემშვიდობებოდეთ, იმასაც გეტყვია, რომ ”მეათე სტუდია” პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. ახლა კი მოუსმინეთ 1972 წელს ჩაწერილ ნაწყვეტს ლეონკავალოს ოპერიდან “ჯამბაზები”. მღერის ლუჩანო პავაროტი.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG