Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემა ბუშისა და პუტინის და რუსეთ-საქართველოს დიალოგის ფონზე


ედუარდ შევარდნაძის პროგნოზი გამართლდა: ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე წინა პლანზე საქართველოს საკითხმაც წამოიწია.

მოსკოვში ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ასეთ ფონზე პუტინის პირად წარმომადგენელს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში, ვალერი ლოშჩინინს, საქართველოდან მიაქვს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის მოთხოვნა და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული წინადადებები. აფხაზთა მხარე კი, პირველად მთელი ამ ხნის მანძილზე, რუსეთის სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობაზე საუბარს იწყებს.

ედუარდ შევარდნაძე ვარაუდობდა, რომ ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალი და ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებები გამოიკვეთებოდა. ეს ვარაუდი, ნაწილობრივ, გამართლდა. “შეერთებულ შტატებსა და რუსეთს განზრახული აქვთ გააგრძელონ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა იმ გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესამუშავებლად, რომლითაც შენარჩუნებული
იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოფილი იქნება ქართულ-აფხაზურ თუ ქართულ-ოსურ კონფლიქტებში ჩართული ყველა ადამიანის უფლებების დაცვა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი.

როგორ აისახება რუსეთის პოლიტიკაზე ის ახალი რეალობა, რომელიც ჯორჯ ბუშის მოსკოვში ჩასვლით გაფორმდა, ახლო მომავალში გამოჩნდება. სულ მალე რუსეთისა და საქართველოს ექსპერტები იმ წინადადებების განხილვას შეუდგებიან, რომლებიც თბილისში ჩამოსულ პუტინის პირად წარმომადგენელს, ვალერი ლოშჩინინს, გადაეცა. აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს საქართველოს მხარემ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე გაფართოების, გალის რაიონში ახალი ერთობლივი ადმინისტრაციის
ჩამოყალიბებისა და აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის მოთხოვნები წარუდგინა. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით მსჯელობა, როგორც ვთქვით, მოსკოვში გაგრძელდება და გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში რუსეთის სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზიის საკითხიც დადგეს.

ვალერი ლოშჩინინის თბილისში ვიზიტის კომენტირებისას, რუსეთის საინფორმაციო წყაროები შენიშნავენ, რომ პუტინის პირადი წარმომადგენელი სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაციის წინააღმდეგი არ არის და აცხადებს, რომ რუსეთი მომხრეა, სამშვიდობო ოპერაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ მოულოდნელ განცხადებას აკეთებს აფხაზთა მხარის წარმომადგენელი გივი აგრბაც. მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვთქვათ, რომ სოხუმის რეჟიმმა, პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამშვიდობო მისიის ინტერნაციონალიზაცია დაუშვა. ეს არის, რომ აგრბას თქმით, ამ პროცესში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს შეუძლიათ, როგორსაც ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და სომხეთი წარმოადგენს. 24 მაისს სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოში დიტერ ბოდენის საქმიანობასაც აჯამებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი ჰეიდი ტელიავინით შეიცვალა. საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამიერიდან ეს შვეიცარიელი დიპლომატი იქნება; შესაბამისად,
თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე შემუშავებული დოკუმენტის შეთანხმებისთვის გაეროში ის იშუამავლებს.
XS
SM
MD
LG