Accessibility links

ნაციონალიზმი საქართველოში წინასაარჩევნო დემაგოგიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა


საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას არ აძლევს არჩევნების წინ თავი რეალური საქმეებით მოიწონონ.

მათ იარაღად - ისევ დაპირებების ნიაღვარი, შიგადაშიგ, დამაჯერებლობისთვის, - დაშვებული შეცდომების აღიარება და, რაც მთავარია, - ერთმანეთის დადანაშაულება რჩება. ფსევდონაციონალიზმი - ასეთი გახლავთ ბრალდება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას უყენებენ - ერთს ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბების, მეორეს კი - ქრისტიანულ-კონსერვატიულ პარტიაში ინტეგრაციისთვის, ორივეს ერთად კი იმისათვის, რომ პრეზიდენტის პარტიიდან მოვიდნენ.


სხვისი დადანაშაულებით დღეს ყველა თვითდამკვიდრებას ცდილობს. იმის მტკიცება, ვის უფრო ძლიერად და ჭეშმარიტად უყვარს საქართველო, ძნელად თუ დაარწმუნებს ამომრჩეველს კონკრეტული პარტიის რეალურ შესაძლებლობებში, მაგრამ ეს, როგორც წესი, პოლიტიკური დებატების მთავარ თემას წარმოადგენს. სამშობლოს სიყვარულზე საუბრისას კი იკვეთება ის საკითხები, რაზეც ვერასდროს შერიგდებიან, პირობითად თუ დავარქმევთ, - "ძველი" და "ახალი" ნაციონალისტები".

ძნელად დასაჯერებელია, რომ მწერალთა კავშირის შენობაში შეხვედრას მართავდეს პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თავად მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა ან წევრთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, ასევე ძნელად დასაჯერებელია, რომ ის, რაც 23 მაისს მწერალთა კავშირის დარბაზში ითქვა, იყო სიტყვა, რომელსაც ქართული მწერლობა ქვეყანას გამოსავლად სთავაზობს. ეს უფრო ძიების პროცესს ჰგავდა, თუმცა არა გამოსავლის, არამედ ისევ და ისევ - მტრის.

ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მეთაური გაიოზ მამალაძე, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერად მწერალთა კავშირის წევრი, "მართალი გაზეთის" რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა გვევლინება, აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ლევან ბერძენიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ეშინია და დასძენს:

[მამალაძის ხმა]
"აღმოჩნდა, რომ ნაციონალიზმი დგას დღის წესრიგში. ჩვენი ხალხი მიხვდა, რომ კორუფცია არ არის ჩვენი უმთავრესი უბედურება. ჩვენი უმთავრესი უბედურება ეს არის ნიჰილიზმი. ეს არის ეროვნული, სარწმუნოებრივი ნიჰილიზმი. ეს არის აბსოლუტურად ყველა ღირებულებების გათელვა".

ნაციონალისტთა მეთაური თუ ახალ ნაციონალისტურ მოძრაობას მედროვეობაში, ფსევდონაციონალისტობასა და ზედმეტად დასავლურობაში სდებს ბრალს, მისი მოგვარე ქვემო ქართლის გუბერნატორი, ლევან მამალაძე, იმავე პოლიტიკურ ჯგუფს სწორედ ევროპულობას უწუნებს:

[ლევან მამალაძის ხმა]
"ეს არა ევროპული იდეოლოგიის ჯგუფია, არამედ ეს არის იმისთვის, რომ სწორედ ევროპული იდეოლოგიის დისკრიმინაცია მოახდინოს, რომ დანერგოს აქ ფაშიზმი, დანერგოს რასისტული იდეოლოგია და ამით ხალხს დაანახვოს, რომ ვიღაცის გარეშე თითქოს ქვეყანას ეშველება".[სტილი დაცულია]

იმავე სააკაშვილის მოძრაობას რუსეთისადმი არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებაში ადანაშაულებს საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ გოგუაძე, რომელმაც ორი დღის წინ გაზეთ "სვობოდნაია გრუზია"-ს ფურცლებზე რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს ღია წერილით მიმართა და ჯორჯ ბუშს შესჩივლა: ამერიკელი სენატორები (მხედველობაში ჰყავდა საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილი გახმაურებული წერილის ავტორები) საქართველოში ანტიმართლმადიდებლურ და ანტინაციონალურ ძალებს აქეზებენო.

შესაძლოა, ყველას თავისი პოზიციის სარწმუნოობის სჯერა, მაგრამ ამომრჩევლისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. სამწუხაროა, მაგრამ სულ უფრო მტკიცდება იმ ადამიანთა პოზიცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყოველი ახალი არჩევნების მოახლოებისას საქართველოს ამომრჩეველს სულ უფრო ნაკლები არჩევანის საშუალება ეძლევა.
XS
SM
MD
LG