Accessibility links

ორი დასავლელი ჟურნალისტის მოგზაურობა პანკისის ხეობაში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბოლო დროს საქართველოს ლიდერები აღიარებენ, რომ პანკისის ხეობას არაბი მეოემრები და ჩეჩენი მებრძოლები აფარებენ თავს.


21 მაისს საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ თქვა, რომ პანკისის ხეობაში 100-მდე არაბი და 800-მდე ჩეჩენი მებრძოლია.

“ახალი და სენსაციური ამაში არაფერია… ადრეც მითქვამს, ეს არის არალეგალური შეიარაღებული ფორმაცია და საქართველში მათი ყოფნა არაკანონიერია, ” აღნიშნა მინისტრმა.

მეორე დღეს, 22 მაისს პრეზიდენტი ედუარდ შევარნაძე გამოვიდა ტელევიზიით და მოუწოდა ამ ხალხს თავის ნებით დატოვონ საქართველოს ტერიტორია. “ჩვენ გვსურს მათთან მეგობრულად დაშორებაო,” თქვა მან.

საინტერნეტო გამოცემაში “იურეიჟა ვიუ”გამოქვეყნებულია თბილისში მომუშავე ორი ჟურნალისტის – ჯეფრი სილვერმანისა და ფილიპ ო-სილეის სტატია პანკისი ხეობაში მათი მოგზაურობის შესახებ.


თუმცა დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ პანკისის ხეობაში ჩეჩენმა მებრძოლებმა მოიკალათეს, ამერიკელების შიში, რომ მათ ბინ ლადენის “ალ-ყაიდასთან” აქვთ კავშირი, დამოუკიდებელ წყაროებს ეს არ დაუდასტურებია, ნათქვამია სტატიაში.

6 აპრილს ხსენებულმა ორმა ჟურნალისტმა პანკისის ხეობაში იმოგზაურა. მათი შთაბეჭდილებით, არც საქართველოსა და არც ამერიკის მხარე ხეობაში შექმნილ სიტუაციას ზუსტად არ ხატავს.

ჟურნალისტებს არ შეუძლიათ ოფიციალური ნებართვისა და სამხედრო ესკორტის გარეშე პანკისის ხეობაში შესვლა, უსაფოთხოების მოსაზრებებით. მაგრამ სილვერმანმა და ო-სილეიმ უგულებელჰყვეს ეს მოთხოვნა.

ხანმოკლე ვიზიტი, რასაკვირველია, არ იძლევა სრულ სურათსო, აღიარებენ ჟურანალისტები.

ადგილობრივი ტაქსით მათ ქართული ჯარისკაცებით დაკომპლექტებული ორი საკონტროლო პუნქტი შეუმოწმებლად გაიარეს. გაისეირნეს სოფელ დუისში და იქიდან ადგილობრივი ავტობუსით გაემგზავრნენ რეგიონის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, ისე რომ საქართველოს უშიშროების ძალების ყოფნის ნიშანწყალიც არ დაუნახავთ.

ჟურნალისტები ესაუბრნენ ადგილობრივ მცხოვრებთ, მათ შორის ლტოლვილებს ჩეჩნეთიდან და შეიტყვეს, რომ კონფლიქტზე მეტად მათ სიდუხჭირე ადარდებთ, და რომ ჰუმანიტარული დახმარებიდან შარშანდლის შემდეგ ფქვილის გარდა არაფერი მიუღიათ, და რომ ბავშვები სკოლას არიან მოკლებული.

რაც შეეხება რეგიონის სტაბილურობას, როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა: “ყველა უარყოფს რომ ბოევიკია, მაგრამ ყველას აქვს იარაღიო”.

ერთი წვერებიანი მამაკაცი, ჯარისკაცის ტანისამოსში და ზურგზე კალაშნიკოვით, მიესალმა ჟურნალისტებს სიტყვებით “სალამ ალეიქუმ”. მისი უნიფორმა განმასხვავებელ ნიშანს არ ატარებდა. ქართულ ჯარში წვერი არ დაიშვება, მაგრამ შეუძლებელი იყო დადგენა, ჰქონდა თუ არა ამ წვერიან კაცს, ან ჩვენს მიერ ნანახ სხვა შეიარაღებულ მამაკაცებს კავშირი ჩეჩენ სეპარატისტებთან ან “ალ ყაიდასთანო”. წერენ ჟურნალისტები.

მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიიდან კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ჟურნალისტებს მესამე და, ტაქსის მძღოლის სიტყვით, უკანასკნელი საკონტროლო პუნტი დახვდათ. ამჯერად მათ შეუმოწმეს დოკუმენტები. შემოწმება ორ საათს გაგრძელდა. ჯარისკაცები უმთავრესად ჩეჩნურად ლაპარაკობდნენ და ზოგჯერ ჩეჩნურ რადიოსაც უსმენდნენ. ერთმა ჯარისკაცმა თქვა, რომ იბრძოდა ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს.

ერთ ჯარისკაცთან საუბარში ჟურნალისტებმა ასეთი კითხვა დასვეს: თუ ჩვენ შევძელით პანკისის ხეობაში ადვილად შემოსვლა და გადაადგილება, ალბათ, ასევე ადვილია აქ იარაღისა და სხვა არალეგალური საქონლის შემოტანა, უშიშროების ძალების ყოველგვარი შემოწმების გარეშეო.

“მართალია”, იყო ჯარისკაცის პასუხი. “ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ნუ იტყვით ამას ჩვენი ოფიცრების თანდასწრებითო.”

როცა თბილისში დავბრუნდით, წერენ სტატიის ავტორები, ჩვენ არ შეგვეძლო არც დადასტურება და არც უარყოფა იმისა, რომ პანკისის ხეობაში ისლამისტი ექსტრემისტები იმყოფებიან. თუმცა ჩვენ არ დაგვინახავს “ალ ყაიდის” იქ ყოფნის აშკარა ნიშნები, ჩვენი ხანმოკლე ვიზიტი არ იძლევა მკაფიო დასკვნების გაკეთების საშუალებას. შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ, რომ პანკისი ხეობის შესახებ ყოვლისმომცველი სურათის შესაქმნელად ამ კუთხის უფრო გულდასმით შესწავლა არის საჭირო.
XS
SM
MD
LG