Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უჯდება ამერიკას რუსეთის დათმობები შუა აზიასა და კავკასიაში?


სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოსკოვის დასავლეთისადმი დამოკიდებულებაში გარდატეხა მოხდა:

რუსეთის პრეზიდენტი მხარში ამოუდგა ვაშინგტონს ანტიტერორისტულ ომში; მან მისაღებად ჩათვალა ჯერ ამერიკელი ჯარისკაცების შუა აზიაში განთავსება, ახლა კი ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩასვლა. მაგრამ ანალიტიკოსები ამჩნევენ, რომ პუტინზე შინ ზეწოლა იზრდება: რუსი ნაციონალისტები პრეზიდენტისაგან მოითხოვენ, დაამტკიცოს, რომ ამერიკელებს სარბიელი საფასურის გარეშე არ ერგოთ.

რა საფასურის გადახდა უწევთ ამერიკელებს შუა აზიისა და კავკასიის შემთხვევაში?

მოსკოვის სამიტის წინა პერიოდში აშკარა იყო რუსეთის მცდელობა, გააქტიურებულიყო შუა აზიაში. მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებსა და მოსკოვს შორის ”უშიშროების პაქტს” ეწოდა ”უშიშროების ორგანიზაცია”, რაც, მართალია, უშიშროების მხრივ არაფერს აუმჯობესებს, მაგრამ განამტკიცებს რუსეთის პოზიციებს ვაშინგტონისაგან დათმობების მოთხოვნისას. შუა აზიის საკითხში გააქტიურების კიდევ ერთი მაგალითია საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ მოსკოვი ისარგებლებს ბუშისა და პუტინის შეხვედრით, რათა გამოთქვას შეშფოთება შუა აზიაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის გამო.

არადა, შუა აზიისა და კავკასიის ამერიკელ ექსპერტ მარტა ბრილ ოლკოტის შეფასებით, რუსეთს ამ რეგიონებში ისედაც დაკარგული ჰქონდა თავისი ზეგავლენის უდიდესი ნაწილი. როგორც ოლკოტი აღნიშნავს: [ოლკოტის ხმა] ”შუა აზიაში ამერიკელების ყოფნა პუტინს აძლევს შესაძლებლობას, ივაჭროს იმით, რაც მას უკვე დაკარგული აქვს. და ვფიქრობ ის სწორედ ამას აკეთებს შუა აზიაში".

თუ მართლაც ასეა, რისი მიღწევა, რისი მოპოვება უნდა პუტინს? ოლკოტის ვარაუდი ასეთია: მაშინ, როცა რუსი სამხედროების ნაწილი შუა აზიიდან და საქართველოდან ამერიკელების გასვლას მოითხოვს, პუტინი ორ რეგიონში მიმდინარე პროცესებს მიიჩნევს გზად, რომელიც ხელს შეუწყობს დასავლეთთან უშიშროების სფეროში ახალი ურთიერთობის დამყარებას. ამ მხრივ შედეგი უკვე სახეზეა: მომავალ კვირაში რომში ამოქმედდება ნატო-რუსეთის საბჭო, რომელიც მოსკოვს ალიანსის ზოგ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

ხოლო კავკასიაში მოსალოდნელია მოსკოვის ე.წ. ”ანტიტერორისტული ოპერაციის” ლეგიტიმაცია. ოლკოტის სიტყვებით: [ოლკოტის ხმა] ”შესაძლებელია, რომ ამ სამიტზე არა, მაგრამ მომდევნო 6 თვის მანძილზე ჩეჩნეთი ტერორიზმთან ბრძოლის ფრონტად გამოცხადდეს. ეს კი რუსეთის თვალთახედვით კიდევ ერთი პლუსია.”

როგორც მოსკოვიდან იუწყება ჩვენი კორესპონდენტი, ჯეფრი დონოვენი, რომელიც ჯორჯ ბუშის თანმხლებ ჟურნალისტებს შორის არის, ბუშმა პარასკევს ხელმოწერის ცერემონიაზე აღნიშნა: [ბუშის ხმა] ”ჩვენ ვითანამშრომლებთ ავღანეთის აღსადგენად, ვითანამშრომლებთ საქართველოში უშიშროების გასაუმჯობესებლად, ვითანამშრომლებთ ჩეჩნეთში ბრძოლების შესაწყვეტად და პოლიტიკური დარეგულირების მისაღწევად”.

დაბოლოს, კავკასიასთან და შუა აზიასთან უშუალო კავშირშია ამერიკა-რუსეთის დაახლოების ეკონომიკური ასპექტი. ჯორჯ ბუშმა პარასკევს ეს სიტყვებიც წარმოთქვა: [ბუშის ხმა] ”წამოვიწყეთ ახალი, ფართომასშტაბიანი პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში. კერძო ფირმები რუსეთისა და კასპიის რეგიონის ენერგორესურსებს აითვისებენ და გაიტანენ მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა მილსადენით, როგორიც არის კასპიის მილსადენის კონსორციუმი და ბაქო-ჯეიჰანი”.
XS
SM
MD
LG