Accessibility links

logo-print

კერძო ბიზნესს საქართველოს ხელისუფლება მის მიერვე მიღებული კანონებით ებრძვის


საქართველოში კორუფციის აყვავებასა და არალეგალური ბიზნესის დამკვიდრებას არასრულყოფილი და წინააღმდეგობებით აღსავსე კანონმდებლობა დიდად უწყობს ხელს.

ხშირ შემთხვევაში დაბალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეები კანონებს პირადი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ, რამაც კანონმდებლობა ბიუროკრატიული ყაჩაღობის იარაღად აქცია.

რადიო “თავისუფლების” 1 აპრილის გადაცემაში სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაკროკომის” შესახებ ვისაუბრე. ეს ფირმა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საერთაშორისო სატელეფონო საუბრების ზღვრული ტარიფის შემცირებისათვის 5000 ლარით დააჯარიმა. “მაკროკომის” გენერალურმა დირექტორმა ანდრო გაბისონიამ მარეგულირებელი კომისიის ეს გადაწყვეტილება ჩემს რეპორტაჟში გააკრიტიკა. გაბისონიას თქმით, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, მაგალითად, ამერიკაში 1 წუთი სატელეფონო საუბ რის საფასურის ქვედა ზღვარი 1 ლარი - ძალიან მაღალია, რადგან სატელეკომუნიკაციო კომპანია აღნიშნულ კავშირში მხოლოდ 7 თეთრს იხდის.

როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ დააინტერესა ვაჭრობის, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექცია და 5 აპრილს “მაკროკომს” 1999 წლიდან დღემდე ფასების დინამიკის ამსახველი ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა. ამას “მაკროკომმა” დასაბუთებული უარით უპასუხა, რადგან სატელეკომუნიკაციო ფირმების ფასწარმოქმნის რეგულირება, მისი შემოწმება და დაჯარიმება მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

15 აპრილს კი ფასების ინსპექციამ ოფიციალური წერილით ხელმეორედ მოითხოვა ტარიფების შესახებ ინფორმაცია. რაზეც ანდრო გაბისონიამ ასეთი პასუხი გასცა:

[გაბისონიას ხმა] „ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ტარიფებს ადგენს და არეგულირებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მარეგულირებელი კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტისა და თავისი ნორმატიული აქტების საფუძველზე. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის პრეამბულის მეშვიდე მუხლის მეორე ნაწილის ოცდამეშვიდე მუხლის მესამე ნაწილის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 სექტემბრის ნომერ 411 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების თანახმად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ზღვრული ფასების დადგენისა და მათი კონტროლის უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“

ამის შემდეგ უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის უფროსმა ჩხატარაშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მას ფასების ინსპექციისათვის “მაკროკომის” შემოწმების უფლება მიეცა. ჩხატარაშვილი თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებს, რომ მიმდინარეობს წინასაგამოძიებო შემოწმება “მაკროკომის” ხელმძღვანელობის მიერ მონოპოლიურად დაბალი ფასების დაწესებით მონოპოლიური საქმიანობის განხორციელების ფაქტის შესახებ. არადა “მაკროკომი” სატელეკომუნიკაციო ბაზრის მხოლოდ 0.05 პროცენტს ფლობს და მისი მონოპოლიური საქმიანობა ძნელად წარმოსადგენია.

მიუხედავად ამისა, ვაკე-საბურთალოს მოსამართლე ნოზაძემ უშიშროების სამინისტროს შუამდგომლობა ერთპიროვნულად დააკმაყოფილა დახურულ სხდომაზე, თუმცა “მაკროკომმა” ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა და კომპანიის შემოწმება დროებით შეჩერდა. მოულოდნელად გაირკვა, რომ საოლქო სასამართლოს დახურული პროცესი 24 მაისს უნდა გაემართა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მაკროკომის” მხარე მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ისე გადაწყდებოდა მისი ბედი. იმის გამო, რომ კომპანიის იურისტმა საქმეში ჩართვა მოითხოვა, სასამართლო განხილვა 27 მაისამდე გადაიდო.
ფასების ინსპექციის ესოდენ სისხლხორცეული დაინტერესება “მაკროკომით”, ინსპექციის უფროსის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, უშიშროების სამინისტროს 20 მაისის მოთხოვნამ განაპირობა. თუმცა მანამდე რომ ინსპექციას 2-ჯერ მიუმართავს “მაკრკომისთვის”, ეს ღვალაძეს ჩემთან საუბარში არ უთქვამს. ხოლო უშიშროების სამინისტრომ თუ რატომ მაინცდამაინც ფასების ინსპექციას უშუამდგომლა “მაკროკომის” შესამოწმებლად და არა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ეს სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა ჩემთან საუბარში ასე განმარტა.

[ლალიაშვილის ხმა] “მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო ინსპექცია უფრო კომპეტეტურია კანონის ფარგლებში რომ მოახდინოს ასეთი შემოწმება. კომისია ვერ მოახდენს შემოწმებას, ფასების სახელმწიფო ინსპექციის კომპეტენციაა ზუსტად ეს.“

მარეგულირებელ კომისიაში კი ასე არ ფიქრობენ. კომისიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის გელა ბუტბაიას განცხადებით: [ბუტბაიას ხმა] „ფასების კომისია რომ ამოწმებს რა უფლებით ამოწმებს რა საკანონმდებლო აქტზე დაყრდნობით მე ვერ გეტყვით.
-
ანუ ეს არის თქვეს კომპეტენციაში ჩარევა?
-
თქვენ თუ ასე დაარქმევთ ასე გამოდის.“


მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიაზე ასეთი ბიუროკრატიული შეტევის მიზანი, საეჭვოა, რომ კანონის მოთხოვნათა შესრულება იყოს, რადგან თავად პროცესი კანონის უხეში დარღვევებით მიმდინარეობს; ამასთან, ბიუროკრატები ბევრ რამეს მალავენ, თუმცა მათი ქმედებების ამსახველი დოკუმენტები მათივე უწყებების კანცელარიებშიც ინახება და კერძო კომპანიაშიც. სავარაუდოა, რომ სახელმწიფო მოხელეების ეს ძალისხმევა, რომელიც კერძო კომპანიის წინააღმდეგაა მიმართული, მის მიერ ერთხელ ჩადენილი შეცდომისთვის უკვე გადახდილი ჯარიმის ხელმეორედ ამოღების სურვილით იყოს განპირობებული.
XS
SM
MD
LG