Accessibility links

logo-print

ვალერი ხაბურძანია - სპეცსამსახურის მთავარი დანიშნულებისა და ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ


მაისის შუა რიცხვებში სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ პანკისის ხეობაში რამდენიმე ათეული არაბი დაქირავებული მებრძოლისა და ასეულობით ჩეჩენი მეამბოხის ყოფნის ფაქტი დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული პირების ყოფნა პანკისის ხეობაში ახალი ხილი არ არის, საქართველოს უშიშროების შეფის ეს ინფორმაცია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა ვალერი ხაბურძანია არათუ არ უარყოფს მრავალრიცხოვანი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ყოფნის ფაქტს პანკისის ხეობაში, არამედ ხმამაღლა აცხადებს, რომ თუ იქ სიტუაცია არ შეიცვლება, საქართველოს აღარც იურიდიული და აღარც ზნეობრივი უფლება არ დარჩება, უარი უთხრას რუსეთს საპასუხო მოქმედებაზე პანკისის მიმართულებით.

პანკისის ხეობის პრობლემა და იქ მყოფი შეიარაღებული პირები ამოუწურავი თემაა: ზოგი მათ ტერორისტებად და კრიმინალებად ნათლავს, ზოგიც - ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის მებრძოლებად, რომლებიც საქართველოს მთიან რეგიონს თავს მხოლოდ იმისთვის აფარებენ, რომ დროებით სული მოითქვან და შემდგომ კვლავ განაგრძონ სამართლიანი ომი რუსეთის ფედერალური არმიის რეგულარული ნაწილების წინააღმდეგ. ამიტომ საქართველოს უშიშროების მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველი შეკითხვით სწორედ იმის გარკვევას შევეცადეთ, თუ როგორ აფასებს იგი შექმნილ ვითარებას პანკისის ხეობაში.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "პანკისში შექმნილი ვითარება მეტად რთულია. პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების, იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის- ქისტების, ქართველების,ოსებისა და ჩეჩნეთიდან ლტოლვილი რამდენიმე ათასი ადამიანის - მძიმე მდგომარეობა მაქვს მხედველობაში. ამას ემატება მნიშვნელოვანი პრობლემები, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების სახით. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვადასტურებ, რომ პანკისის ხეობაში იმყოფება რამდენიმე ათეული ეთნიკური არაბი, დაახლოებით 70-იდან 100-კაცამდე, და დაახლოებით რვაასი შეიარაღებული პირი, მათ შორის, არამარტო ჩეჩენი ეროვნების წარმომადგენლები. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იქ ქისტი მოსახლეობაც შეიარაღებულია და იქ არიან კრიმინალებიც. გარკვევა იმისა, ვინ შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელია და ვინ - კრიმინალი, ძალზე ძნელია. ყველა ერთად აღებული კი ჩვენთვის უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენს. ამიტომ ისინი ან არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან იარაღი არ უნდა გააჩნდეთ."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ხშირად აკეთებენ სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავ, პრევენციული ხასიათის განცხადებებს. ვალერი ხაბურძანიას ეს სიტყვები გარკვეულ პრევენტიულ ღონისძიებად იქნა აღქმული. თუმცა ჩვენი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ პრევენცია გაცილებით სჯობს რადიკალური ზომების გატარებას, რადგან პანკისის ხეობაში არსებული პრობლემის მიმართ "სირაქლემის პოზაში" ყოფნას ქვეყნისთვის არაფერი სიკეთე არ მოუტანია. თუმცა ნამდვილ სკანდალად იქცა უშიშროების მინისტრის არაორაზროვანი განცხადება რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების თაობაზე, თუკი ვითარება პანკისის ხეობაში არ შეიცვლება. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ქართული გაზეთი, "კვირის კურიერი," აღნიშნავს: ხაბურძანიამ "პანკისის ხეობა რუსეთს დასაბომბად დაუთმოო".
აი, როგორ კომენტარს აკეთებს რუსეთ-საქართველოს შესაძლო თანამშრომლობაზე ქართული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი:

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველასთან. თუ რუსეთის დაინტერესება იქნება და ხეობაში აღმოჩნდებიან ის ტერორისტები, რომლებიც რუსებს ებრძვიან, ვითანამშრომლებთ რუსეთთან და ვთანამშრომლობთ კიდეც. თუ ჩეჩნეთში ჩეჩენი ხალხის წინაამდეგ მიმართული ტერორისტული საფრთხის აღკვეთაზე იქნება საუბარი, ჩვენ ამ შემთხვევაშიც არ დავიხევთ უკან თანამშრომლობისგან. რადგან 11 სექტემბერმა, ვფიქრობ, ყველას გვიჩვენა, რომ ამ სენთან ბრძოლა მხოლოდ ყველა ძალის გაერთიანებით არის შესაძლებელი და ჩვენც ვითანამშრომლებთ ყველა ჯანსაღ ძალასთან, ვინც ტერორიზმს უპირისპირდება."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში, უშიშროების მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვის დროს, ვალერი ხაბურძანიამ სისტემაში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და რამდენიმე საყურადღებო დებულებაც გააცნო საზოგადოებას. ეს შეეხებოდა ლუსტრაციის კანონს, ერთიანი გამოძიების სისტემის შექმნას, ე.წ. "ოდეერის" ინსტიტუტის გარდაქმნას და სხვ. ჩვენთან საუბარში ამ სიას ვალერი ხაბურძანიამ ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბებაც დაუმატა. მისი თქმით, ეს იქნება წმინდა ამერიკული ტიპის სტრუქტურა, სადაც ინფორმაცია ყველა ღია წყაროდან მოიყრის თავს. ამას დაემატება დახურული წყაროებიდან მიღებული მასალა. და ეს კეთდება იმისთვის, რომ მარტო ოპერატიულ მუშაკზე არ იყოს დამყარებული ინფორმაციის კვლევის შედეგად შემუშავებული უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა ვალერი ხაბურძანიას უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს. კერძოდ, დღის წესრიგში დგას თავად უშიშროების სამინისტროს სტატუსის შეცვლის საკითხი და მისი სამსახურად გარდაქმნა, რაზეც პირადად უშიშროების მინისტრი მუშაობს.

დაბოლოს, უშიშროების მინისტრთან ჩვენი ინტერვიუ ყველასთვის საჭირბოროტო შეკითხვით დავამთავრეთ, კერძოდ: რამდენად არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და ხომ არ შეიძლება საქართველოში კვლავ შეიქმნას ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორიც შარშან აგვისტოში იყო კოდორის ხეობაში?
[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ვითარების გამწვავება შეიძლება მოხდეს ყველგან და ყოველთვის. მაგრამ მე ერთს ვიტყოდი: პანკისის ხეობაში, რომლის მიმართულებითაც ჩვენ გავააქტიურეთ მუშაობა, გარკვეულმა ძალებმა იგრძნეს, რომ მათ მეორე მხრიდან სახელმწიფო ელაპარაკება. ვფიქრობ, რომ ეს უკვე თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. გაიხსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ იქ სულ სხვა ვითარება იყო. აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ შედეგები დადებითი იქნება და, ვფიქრობ, ვითარება გამწვავებისკენ არ უნდა წავიდეს. მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს პრობლემისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა. მე ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია".

ვალერი ხაბურძანიას არ დაუმალავს, რომ სპეცსამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი უწყება აფხაზეთის მიმართულებითაც მუშაობს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას, რაზეც მთელი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, დღესდღეობით პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG