Accessibility links

2 ივნისის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა სულ უფრო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 2 ივნისის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა სულ უფრო ვრცლად შუქდება გაზეთების ფურცლებზე.

ამასთან, ქართული პრესა მეტად კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოღვაწეობის მიმართ.

24-30 მაისის გაზეთი “ახალი 7 დღე” ნაციონალური მოძრაობის ბლოკთან დაკავშირებით წერს:

“საერთოდ, სააკაშვილს ყოველთვის შეუძლია მიაგნოს იმ კომპონენტებს, რომელთა შერევით საკუთარ “შემადგენლობასთან” მიიღებს გადარჩენის უტყუარ ფორმულას. ეს ფორმულა დღეს ასე გამოიყურება: ზვიადისტების იმიჯი, პლუს რესპუბლიკელების აღიარებული ინტელექტუალური იმიჯი, პლუს რეზო შავიშვილის დონკიხოტობის იმიჯი და პლუს კიდევ მეტნაკლებად მნიშვნელოვანი რამდენიმე პერსონა-დეტალი “გადარჩენის ფორმულის” დასასრულებლად.”

რაც შეეხება “ახალ მემარჯვენეებს”. ”როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, –წერს გაზეთი, – “ახლები”, მათი ერთწლიანი არსებობის მიუხედავად, საკრებულოში მნიშვნელოვან წარმატებას მაინც მოიპოვებენ, მხოლოდ არა თავიანთი საარჩევნო სიის ან პროგრამის წყალობით, არამედ იმიტომ, რომ “მოქალაქეთა კავშირის” მემკვიდრე – “ახალ მემარჯვენეთა” პარტია პრეზიდენტის განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს. საქართველოში კი ჯერ ისევ პრეზიდენტი წყვეტს ნებისმიერი დონის არჩევნების შედეგებს. პრეზიდენტის მხარდაჭერას თავისი მიზეზები აქვს.

პოლიტოლოგთა მტკიცებით, “ახლების” პარტია შევარდნაძის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალაა,რომელიც მას ჟვანიასთან დასაპირისპირებლად სჭირდება. ჟვანია, რომელსაც საკუთარი მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთთან, უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრეზიდენტს. შევარდნაძის გათვლით, “ახლები” იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებენ ჟვანიას ალტერნატივის შექმნას.”

შემდეგ “ახალი 7 დღე” აღნიშნავს, რომ “ჟვანია სწორედ პრეზიდენტთან დაპირისპირების შემდეგ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. მას ყოფილმა თანაგუნდელებმა თანამშრომლობაზე უარი უთხრეს. იგი არც სააკაშვილის გუნდმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში “მოქალაქეთა კავშირის” ერთი ფრთა კარგა ხანს იწოდებოდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდად. ჟვანიას გუნდს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში საკუთარი წევრების წარდგენის უფლება არ მისცა, სააკაშვილის მიერ რეფორმირებულმა სასამართლომ კი რეგისტრაცია გაუუქმა.
ყველასაგან მიტოვებული პარლამენტის ექსსპიკერი აქმდე ყველასთვის უცნობ ქრისტიანულ-კონსერვატიულ პარტიას მიეკედლა. მათ გაერთიანებას პოლიტოლოგები აბსურდულს უწოდებენ. ქრისტიან-კონსერვატორები ხომ იმ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენენ, რომლის ყველაზე აქტიური წევრიც წლების განმავლობაში ჟვანია იყო. ქრისტიან –კონსერვატიულ პარტიად დღეს ზვიადისტების ერთი ფრთა იწოდება და მათგან ყველაზე ცნობილი ქრისტიან-კონსერვატორი თენგიზ კიკაჩეიშვილია.”

“მრეწველთა” პარტიის შესახებ “ახალი 7 დღე” წერს:

”თუ შევაჯამებთ მათ საკანონმდებლო მუშაობას, უნდა ითქვას, რომ ისინი, ძირითადად, საკუთარი მძლავრი ბიზნესის მფარველობისთვის იღვწიან და გუნდრუკსაც იმ მიმართულებით აკმევენ, საიდანაც დაეხმარებიან ამაში”.
შემდეგ გაზეთი აღნიშნავს, რომ თოფაძესავით მემარცხენე იდეებით, სოლიდური ფინანსებით, მაგრამ პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ლეიბოროსტები პარლამენტს გარეთ დარჩნენ, მაგრამ დღესაც ძველი ლოზუნგებით ცდილობენ ელექტორატის მოზიდვას. მათმა მემარცხენე ორიენტაციის იდეებმა –უფასო სწავლებამ, უფასო მკურნალობამ, მაღალი ხელფასებისა და პენსიების დაპირებებმა ლეიბორისტებს ერთხელ უკვე მოაგებინა საკრებულოს არჩევნები, რაც ქართველი ამომრჩევლის მოუმზადებლობაზე მიუთითებს, რადგან მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ ქვეყნის განვითარება მემარცხენე იდეოლოგიაზე დაყრდნობით შეუძლებელია.”

“ახლი 7 დღის” წერილის დასასრულს კი ნათქვამია:

“როგორც ირკვევა, მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია აქცენტს სოციალურ ფაქტორებზე აკეთებს. მათი სარჩევნო პროგრამები ხშირ შემთხვევაში თოთქმის ემთხვევა ერთმანეთს და იმ პროგრამებსაც, რომლებიც აღნიშნულ პარტიებს ჰქონდათ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. როგორც ჩანს, საქართველოში არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საარჩევნო პროგრამები და, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც.
პოლიტოლოგები კითხულობენ:თუნდაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისა და საკრებულოში დემოკრატიული ძალების მოსვლის შემთხვევაში, როგორ შეძლებს საკრებულო საკუთარი ფუნქციის შესრულებას, როცა ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფალი, მერი, ჯერ ისევ პრეზიდენტის მიერ ინიშნება და ანგარიშვალდებულია არა მოსახლეობის, არამედ პრეზიდენტის წინაშე?”

24-30 მაისის გაზეთ “სპექტრის” თქმით, “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ძალთა წინასაარჩევნო გადანაწილების კონტურები აშკარად გამოიკვეთა. პარტიები, ამომრჩევლის მოხიბლვის გარდა, გაყალბების მექანიზმების დახვეწა-გადანაწილებას განაგრძობენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაჭიანურებული საარჩევნო პროცედურები ძლივს დასრულდა. საუბნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია. შექმნილია სპეცჯგუფებიც, რომლებმაც არჩევნები უნდა გააკონტროლონ და საორგანიზაციო საკითხები მოაგვარონ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კვლავ დაბნეულობა და არეულობაა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ისიც არის, რომ თუ ადრე კომისიის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით ერთ ძალაზე, ანუ მოქალაქეთა კავშირზე, მუშაობდა, დღეს ისინი სხვადასხვა ძალების სასიკეთოდ აპირებენ ბრძოლას. ხათუნა გოგორიშვილი კვლავ ჟვანიას ერთგული რჩება და მისი ინტერესების ლობირებას ცდილობს. ჯუმბერ ლომინაძე კი შევარდნაძის ახალ ფავორიტებზე აპირებს მუშაობას. თუმცა დაბნეულობას ის იწვევს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტი დღემდე გოგორიშვილია. მხოლოდ მან იცის, როგორ უნდა იმუშაოს ეფექტურად გაყალბების სისტემამ. ჯუმბერ ლომინაძე ხათუნა გოგორიშვილის გარეშე, შეიძლება ითქვას, ხელმოჭრილია. შესაბამისად, ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჟვანია-გოგორიშვილმა, ნაწილობრივ, დაკარგეს და, მათ ნაცვლად, “ახლებმა” ჩაიგდეს ხელში, საკმაოდ სარისკოდ გამოიყურება. მით უმეტეს, რომ ჟვანია-სააკაშვილმა დიდი ბრძოლის ფასად მაინც მოიპოვეს გავლენა როგორც საუბნო კომისიებში, ისე სპეცჯგუფებში.”

დასკვნის სახით “სპექტრი” წერს:

“მოკლედ, გაყალბების ერთიანი სისტემა დღეს დაშლილი და გადანაწილებულია. ეს სისტემა ეფექტურად მთლიანობაში მუშაობდა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენად იმუშავებს ის დაშლილი ფორმით. თუ პარტიებს შორის გარიგებები ვერ შედგა, მაგალითად, ამა თუ იმ პარტიამ, ასე ვთქვათ, “იღორა”, ყველაფერი თავისთვის მოინდომა და სხვას არაფერი შეახვედრა, მაშინ წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ წინა არჩევნები მონაგონი იქნება – თუ უბნებზე ცემა-ტყეპას გადავურჩით, არჩევნების შემდგომი პერიოდის ატანა თითქმის შეუძლებელი გახდება. ნაციონალისტები და ჟვანია გაყალბებას “ახლებს” დააბრალებენ, “ახლები” ნაციონალისტებს და ჟვანიას, “აღორძინება” ორივეს, შემდეგ ორივე “აღორძინებას” და ა.შ. მოკლედ, დღევანდელი მარაზმატული დებატები მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც არჩევნების შემდეგ მოხდება.”

25-27 მაისის “დილის გაზეთი” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს – ულოცავს მკითხველებს. გაზეთში პირველად იბეჭდება ილიკო ქურხულის მიერ გადაღებული ფოტო. მასზე აღბეჭდილია, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის ნიშნად, სვეტიცხოვლის გალავანზე ქართული დროშის აღმართვის მომენტი. ეს იყო პირველი ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისაკენ.

“დილის გაზეთი” ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების გზაზე გადადგულ კიდევ არაერთ ნაბიჯს შეახსენებს მკითხველს. გაზეთის თქმით, “ეს ჩვენი სამშობლოს ისტორიაა, ეს უნდა ვიცოდეთ, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ვიაროთ წინ, სულიერი გამთლიანებისაკენ.”
XS
SM
MD
LG