Accessibility links

დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაული


დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაული,

როგორც წესი, საინტერესო კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. მაგრამ წელს 26 მაისი
წინასაარჩევნო მარათონს დაემთხვა. ქართული კულტურის მუშაკებმა ხელოვნებისთვის, უბრალოდ, ვერ მოიცალეს – მათი უმრავლესობა ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით იყო გართული:კოლექტიურ წერილებს აწერდა ხელს, ან საგანგებოდ არჩევნებისთვის მოწყობილ პროპაგანდისტულ აქციებში მონაწილეობდა. “...ჩვენი პასიურობა არ გვსურს აღქმულ იქნეს როგორც უსიტყვო თანხმობა და მხარდაჭერა ხელისუფლებისა,” – აღნიშნულია ედუარდ შევარდნაძის მისამართით გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები - გურამ დოჩანაშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი; მხატვარი გია ბუღაძე, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე აწერენ ხელს. ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერები საკუთარ პოზიციას მხოლოდ კოლექტიური წერილებით არ გამოხატავენ. 28 მაისს ქართველი ავანგარდისტი მხატვრები, მუსიკოსები გრანდიოზული აქციის მოწყობას გეგმავენ. თუმცა, საეჭვოა, მათ შოუ-ბიზნესის ყველა ვარსკვლავი შეუერთდეს. თავისი “თანავარსკვლავედით” ხომ დღეს “ახალი მემარჯვენეებიც” ამაყობენ, სოციალისტებიც. პარტიები ახალგაზრდების ხმების მოსაპოვებლად იბრძვიან. ახალგაზრდებს კი, როგორც წესი, არა პოლიტიკოსების, არამედ მათი “მანათობელი ძმების” – ქართული ესტრადის ვარსკვლავების - ციმციმი უფრო “აღაგზნებ|თ”. ასეთი ცეკვა-თამაშის ფონზე კი ქართული მედია, რომელსაც “წინასაარჩევნო ბუკ-ნაღარა” უყურადღებოდ არ რჩება, სრულიად გულგრილია იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომელთა მიღმა პოლიტიკური ჯგუფები არ მოიაზრება. მაგალითად, ჩვენს ჟურნალ-გაზეთებსა და ტელევიზიას ამ დღეებში აშკარად არ ეცალათ “ქარვასლაში” გახსნილი გამოფენისთვის, სახელწოდებით “ერთხელ თანამედროვე ხელოვნება ვანო და ნიკოს გარშემო”, რომელიც ნიდერლანდური ენისა და ლიტერატურის ცენტრმა და კულტურის განვითარების კავკასიურმა ცენტრმა ნიდერლანდური და ფლანდრიული კულტურის დღეების პროგრამით გამართეს. გამოფენის გახსნამდე ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელზედაც ნიდერლანდური ენისა და ლიტერატურის ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინგრიდ დეხრავემ აღნიშნა [ინგრიდ დეხრავეს ხმა]: 14.22 “ვანო და ნიკო” ნიდერლანდურადაა გადათარგმნილი, - ბევრმა იცის, ალბათ, რომ მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. მე მგონი, ეს უკვე ნიშანია. ეს იყო ჩემთვის პირველი წიგნი, რომელიც ქართულად წავიკითხე.”

რისი ნიშანია ნიდერლანდურად თარგმნილი ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკო” – ამ ენაზე გამოქვეყნებული პირველი ქართული ნაწარმოები? გამოფენის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ქართველი ახალგაზრდების ეს საკულტო წიგნი ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ხასიათს. მერაბ მამარდაშვილი შემთხვევით არ იყენებდა თავის ლექციებში საილუსტრაციოდ სწორედ ახვლედიანის იგავებს, შემთხვევით არ მიუძღვნა პეტერ ჰანდკემ მთელი ესე ერლომ ახვლედიანის ამ ნაწარმოებს. “ვანო და ნიკო” შედგება დასაშვები ადამიანური ურთიერთობების გარკვეული სახის კატალოგისგან, – აღნიშნულია გამოფენის ბუკლეტში. – ჩვენ ვხედავთ, როგორ ფორმას აძლევს ადამიანი საკუთარ თავსა და დანარჩენ სამყაროსთან დამოკიდებულებას.”

და თუ “ვანო და ნიკო” ილუსტრირებული კატალოგია, რატომ არ შეიძლება მოეწყოს გამოფენა, რომელიც თავს უყრის არა იმდენად ლიტერატურული ნაწარმოების ილუსტრაციებს, რამდენადაც უფრო განზოგადებულ ვიზუალურ მასალას – ვიდეოს, ფოტოებს, ინსტალაციებს, ყველაფერს, რაც, გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ხელს შეუწყობს “ვიზუალური დიალოგის შექმნას სადა და ძლიერ მეტაფორულ ნაწარმოებთან”. ინგრიდ დეხრავეს თქმით [ინგრიდ დეხრავეს ხმა]: 15.08 “ვიყავით ქართველი მხატვრების სახელოსნოებში და ავარჩიეთ რამდენიმე ნამუშევარი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს კავშირი ტექსტთან, ე. ი. ილუსტრაციები კი არ არის ეს, უფრო ასოციაციებია და კომუნიკაცია ვიზუალურ და ლიტერატურულ კულტურებს შორის.”

ამგვარი გამოფენა საქართველოში დიდი ხანია არ მოწყობილა. ქართული ხელოვნების მოყვარულებს დიდი ხანია არ უნახავთ ექსპოზიცია, რომელიც ლიტერატურული და პლასტიკური მეტაფორების დიალოგზეა აგებული: მხატვრებისა და ფოტოგრაფების - ლევან ჭოღოშვილის, გიორგი სუმბაძის, მიხეილ გოგრიჭიანის, ვატო წერეთლისა და სხვათა ნამუშევრები უშუალოდ არ ასახავს ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებს, მაგრამ, შეიძლება ითქვას, “ტონალობაში” ნამდვილად ემთხვევა... და რადგან გამოფენის მოწყობის საბაბი “ვანო და ნიკოს” ნიდერლანდურ ენაზე დაბეჭდვა იყო, არ არის გამორიცხული, რომ ამ ექსპოზიციის კონცეფცია ასე იკითხებოდეს: მთელი თანამედროვე კულტურა, ფაქტობრივად, ერთი ტექსტის მეორე ენაზე თარგმნაა, ქართულიდან –ნიდერლანდურზე, ლიტერატურიდან – ფოტოგრაფიასა თუ ინსტალაციაზე. და თუ ტექსტის ინტერპრეტაცია პირდაპირ არ ხდება, როგორც “ნიკო და ვანოს” შემთხვევაში, განმსაზღვრელია დროის, ისტორიის ფაქტორი – “ქარვასლაში” მოწყობილ ექსპოზიციაზე გამოიფინა იმ ავტორების ნამუშევრები, იმ თაობისა, რომელიც “ნიკო და ვანოზე” და ქართველ “სამოციანელთა” სხვა ნაწარმოებებზე აღიზარდა. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, როცა შვილებმა მხატვრულ სახეებში გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მამების თაობის მიმართ, თანაც, ხელოვნების განსხვავებულ დარგებში. ნიდერლანური კულტურის დღეები ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბი გახდა, წინასაარჩევნოდ ასეთი ექსპოზიციის მოწყობა კი მხოლოდ დამთხვევა... თუმცა - ნიშანდობლივი დამთხვევა. ისევე როგორც ნიშანდობლივი დამთხვევაა ამ კვირაში კინოს სახლში მოწყობილი გერმანული ფილმების კვირეული. თბილისელ კინოს მოყვარულებს დიდი ხანია არ ჰქონიათ საშუალება ენახათ კარგი ხარისხის ფირზე წარმოდგენილი და, რაც მთავარია, უახლესი ფილმები, ის კინოპროდუქცია, რომელსაც არასდროს უჩვენებენ არც საქართველოს ტელევიზიით და არც თბილისის კინოთეატრებში, რომელთა მესვეურები, როგორც წესი, მხოლოდ ჰოლივუდის ბლოგბასტერებით ართობენ პუბლიკას. კინოფესტივალის ორგანიზატორია გერმანული ფირმა “მედია ფილმ პროდუქსიონი”, კერძოდ, ბატონები მატიას ჰები და მიხეილ ვიედმანი, აგრეთვე, გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე - კინოს მხატვარი ირინე ქურთიშვილი, რომელმაც კვირეულის მომზადება ჯერ კიდევ ზამთარში, ბერლინის კინოფესტივალზე, დაიწყო. ქალბატონმა ირინემ “ბერლინალეზე” გვითხრა სწორედ, რომ “მედია ფილმ პროდუქსიონი” თავის მუშაობას მხოლოდ და მხოლოდ რეგიონალურ პოლიტიკაზე აგებს, ფინანსურად ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტებს, მუშაობს ერთობლივ პროექტებზე. ამიტომაცაა, ალბათ, რომ ფილმების კვირეულზე თბილისში ჩამოვიდა ახალგაზრდა გერმანელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფი, გაიმართა მასტერ კლასები, რაც, გამოცდილების გაზიარებას უფრო ჰგავდა. ამ თვალსაზრისით, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ორივე მხარეს, მართლაც, შეუძლია რაღაც ასწავლოს ერთმანეთს. თავად ირინე ქურთიშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მიუნხენის კინოსკოლაში სწავლა მან მხოლოდ მაშინ გააგრძელა, როცა აკადემიაში კინოს მხატვრის სპეციალობას დაეუფლა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გერმანელებს პირველად გაუკვირდათ კიდეც, როცა შეიტყვეს, რომ თბილისის აკადემიაში არსებობს ასეთი ფაკულტეტი, მერე კი აღიარეს, რომ თანამედროვე გერმანულ კინოში რეჟისორები იშვიათად აღწევენ საინტერესო სახვით გადაწყვეტას, რადგან, როგორც წესი, ან მხოლოდ პრობლემის გამძაფრებაზე ფიქრობენ, ან სახალისო სიუჟეტზე... რაც, სხვათა შორის, ასე თუ ისე, გამოჩნდა კვირეულის პროგრამაში ჩართულ ფილმებშიც... არადა ეს ის სურათებია, რომლისაც არ რცხვენიათ გერმანელ კინემატოგრაფისტებს: ბენიამინ ქეაბეკის, მაქს ოფიულსის პრიზით აღნიშნული, “არაფერზე ინანო”; ქრისტიან პეტცოლდის, 2001 წლის საუკეთესო გერმანულ ფილმად აღიარებული, “შინაგანი უსაფრთხოება”; ოსკარ როელერის “შეუვალი”, მარკ როტემუნდის “იმედი ბოლოს კვდება” და სხვ. თითოეული ამ სურათის ბიუჯეტი მთელი ქართული კინოს ბოლო 5 წლის დაფინანსების ტოლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გერმანული კინო ფინანსებს არ უჩივის, მაგრამ უჩივის ნიჭიერ კადრებს, რეჟისორებს, რომლებიც ვერა და ვერ ახერხებენ გერმანულ კინოს ავტორიტეტი დაუბრუნონ მსოფლიოში. თუმცა თბილისში მოწყობილმა ამ რეტროსპექტივამ ქართველ კინემატოგრაფისტთა სახეც დაგვანახვა. ჩვენი კინორეჟისორების უფროსი თაობის წარმომადგენლები (გია ჭუბაბრიას თუ არ ჩავთვლით) არც გერმანული ფილმებით დაინტერესებულან და არც კოლეგებთან შეხვედრით. სხვისი ფილმების ნახვა ქართველი კინორეჟისორების უმრავლესობას არც არასდროს ჰყვარებია, თუმცა ამ შემთხვევაში მათ, შესაძლოა, სანანებლად გაუხდეთ საქმე – გერმანელები თბილისში ხომ კონტაქტების დასამყარებლად ჩამოვიდნენ, ანუ ერთობლივ პროექტებზე მოსალაპარაკებლად. მათ, უბრალოდ, არ იცოდნენ, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ შექმნილა კინოპროდიუსერის ინსტიტუტი და რომ კინორეჟისორები დახმარებას ისევ და ისევ ხელისუფლებისგან ელიან მხოლოდ. ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს კი მათთვის ისევ არ სცალიათ. ეს ხალხი ჯერჯერობით წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული.
XS
SM
MD
LG