Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის სახიფათო არჩევნების ბოიკოტირება


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს, ალბათ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ახლდა დაძაბულობა და ექსცესები. დემოკრატიის ისეთი ატრიბუტი, როგორიცაა არჩევნები,

საქართველოში მყარად არის ასოცირებული უსიამო ინციდენტებთან, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან, რასაც შეიძლება მსხვერპლიც კი მოჰყვეს. საარჩევნო პროცესების ასეთმა ფორმამ თანდათან შეასუსტა მოქალაქეთა დაინტერესება არჩევნებით. შემთხვევითი არ არის, რომ, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რომელიც არჩევნებს ეძღვნება, განუზომლად დიდია არჩევნებისადმი ინდიფერენტულად განწყობილ მოქალაქეთა რაოდენობა, ვიდრე ამა თუ იმ პარტიის თანამგრძნობთა რიცხვი. არსებითად, საქმე გვაქვს არჩევნებისათვის გამოუცხადებელ ბოიკოტთან. რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს არჩევნებზე ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მიუსვლელობა?

არჩევნებისადმი გულგრილობა უცხო ხილი არ არის განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც, ოღონდ ეს ბევრს არაფერს ვნებს არც განვითარებას და არც დემოკრატიას ამ ქვეყნებში. საქართველოში არჩევნებისათვის ზურგის შექცევას, ნაწილობრივ, განსაზღვრავს მოყირჭების გრძნობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დისკრედიტირებულმა პოლიტიკურმა კლასმა გაუჩინა. 1995 წლიდან ყველანი – არჩევითი პოლიტიკოსები, მოხელეები და მასმედია, ნებით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობდნენ პოლიტიკოსთა სახელის გატეხას. შედეგად, ამ უწყვეტმა კამპანიამ, უწინარესად, ის ადამიანები და ინსტიტუტები დააზარალა, რომლებიც დემოკრატიის აუცილებელ დეკორაციებს წარმოადგენენ: არჩევითი პოლიტიკოსები და არჩევითი ორგანოები, სოფლის საკრებულოდან დაწყებული, საქართველოს პარლამენტით დამთავრებული. ესენი ნებისმიერ სახელმწიფო სამსახურსა თუ უწყებაზე ღია სტრუქტურებია, საზოგადოებისთვის უფრო მისაწვდომი. მოქალაქეთა “სულ ერთია” დამოკიდებულება და პოლიტიკისადმი გულგრილობა არ აზარალებს ბიუროკრატიას, პირიქით: ბიუროკრატიას, განსაკუთრებით, ნომენკლატურას, რომელიც - ჩვენში ასე დამკვიდრდა - საზოგადოების წინაშე არაფრით აგებს პასუხს, ამ დროს ხელ-ფეხი ეხსნება. პოლიტიკური უკულტურობით აღბეჭდილი საარჩევნო პროცესი - წესების გარეშე კონკურირება ჩვენს ასარჩევ პოლიტიკოსებს შორის და, ამ ნიაგადზე, მოქალაქეთა გაუცხოება პოლიტიკისაგან - მისწრებაა იმისთვის, ვინც ხილულად არჩევნებში არ ერევა და ამ ფონზე სოლიდურად გამოიყურება. დამოუკიდებლობის პერიოდში შევარდნაძის მმართველობა აერთიანებს როგორც ავტორიტარულ, ისე ლიბერალურ ტენდენციებს. ბოლო დროს აშკარა გახდა უკანასკნელთა დასუსტება და სწრაფვა ავტორიტარული საწყისის გაძლიერებისაკენ. პარტიების ურთიერთლანძღვა (რამაც, სხვათა შორის, ბოლო დღეებში იკლო) და მათ შორის მკაფიო განსხვავების არარსებობა ბევრს არჩევანს ურთულებს და შეიძლება, საბოლოოდ, იმის საფუძველი გახდეს, რომ ყველას შევარდნაძემ აჯობოს. რა თქმა უნდა, წინ არის საპარლამენტო არჩევნები, სადაც არა მარტო პოლიტიკურ ძალთა ახალი განლაგება გაირკვევა, არამედ საზოგადოების ინდიფერენტიზმის ხარისხიც შემოწმდება. თუ ის მაღალი იქნა, მთელი ლაპარაკი ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიან გადაცემაზე, პრეზიდენტის მემკვიდრესა თუ სულაც მმართველობის ვადის გახანგრძლივებაზე ძალიან კონკრეტულ და რეალურ შინაარსს შეიძენს. ამიტომაც 2 ივნისის არჩევნებთან ჩვენი მოქალაქეების მიმართება გამოხატავს არა იმდენად შეზღუდული უფლებამოსილების მქონე საკრებულოებისადმი იმედიან ან სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რამდენადაც იმას, რა გვირჩევნია: ჯერ დაუხვეწავი, ცოტა “უზრდელი” და არეული დემოკრატია, თუ დახავსებული ავტორიტარიზმი.
XS
SM
MD
LG