Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაქს ოფიულსი - 100


6 მაისს კინოს მოყვარულებმა დიდი რეჟისორის მაქს ოფიულსის დაბადების ასი წლისთავი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნეს. მაგრამ ოფიულსის იუბილე ყველაზე უფრო მაინც გერმანიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში იზეიმეს, რადგანაც, ასე თუ ისე, სამივე ქვეყანა ებრაული წარმოშობის რეჟისორის სამშობლოდ ითვლება. მაქს ოფიულსი კინოს კლასიკოსია, მაგრამ საბჭოთა ეკრანებზე მისი ფილმები არასდროს უჩვენებიათ. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ იყო უცხო კომუნისტური კულტურისათვის ოფიულსის ესთეტიკა და რა ჰქონდა საერთო დიდი რეჟისორის ფილმებს ქართულ კინოსთან.

კინოს ენციკლოპედიებში მაქს ოფიულსს ხან გერმანელ კინორეჟისორად მოიხსენიებენ, ხან ფრანგად, ხანაც - ამერიკელად. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო კინოს კლასიკოსი იტალიელებმაც, ავსტრიელებმაც, ჰოლანდიელებმაც “მიითვისონ”. საქმე ისაა, რომ გერმანიაში დაბადებულმა რეჟისორმა მოღვაწეობა ბერლინსა და ვენაში დაიწყო. ნაცისტების გამარჯვების შემდეგ კი ჯერ იტალიაში გადასახლდა, მერე ჰოლანდიაში და, ბოლოს, საფრანგეთში. 1933 წელს სწორედ პარიზში გადაიღო ფილმი “ფლირტი”, რომლის გერმანული ვერსია იმხანად, ნაცისტების ბრძანებით, აიკრძალა. 1940 წელს მაქს ოფიულსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა და ახლა უკვე ჰოლივუდში გაითქვა სახელი. 1950 წელს იგი საფრანგეთში დაბრუნდა, გადაიღო “კარუსელი,” ჟერარ ფილიპით მთავარ როლში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე კი, 1956 წელს, სამუშაოდ ისევ გერმანიაში გადავიდა. მაგრამ ვერ მოესწრო თავისი უკანასკნელი სურათის, “ლოლა მონტესის,” პრემიერას. ცოტა ხანში ეს სურათი კრიტიკოსებმა ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ათ ფილმს შორის მოიხსენიეს.

მაქს ოფიულსის ფილმებზე დასავლეთში დისერტაციებს წერენ; ლუკინო ვისკონტი, ფედერიკო ფელინი, ფრანსუა ტრიუფო, რაინერ ვერნერ ფასბინდერი, მას მასწავლებლად მოიხსენიებენ. ამბობენ, რომ ფრანგული კინოჟურნალის, “კაიე დიუ სინემას”, დამაარსებელი ანდრე ბაზენი თავის მოწაფეებს სთხოვდა, ყურადღებით მოესმინათ შუბერტის “ავე მარია”, წარმოედგინათ ეს ნაწარმოები კინემატოგრაფის ენაზე და მხოლოდ შემდეგ ენახათ 1936 წელს ოფიულსის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ავე მარიას” ეს თავისებური ეკრანიზაცია. ეფექტი გამაოგნებელი იყო – არავის მოსვლია თავში შუბერტის მუსიკის ილუსტრაცია ჩვეულებრივი, ყოფითი სახეებით (პარალელურად მუსიკა) – მაქს ოფიულსი, ფაქტობრივად, პირველი მუსიკალური კლიპის ავტორად გახდა ცნობილი.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ოფიულსის შესახებ თითქმის არაფერს ამბობდნენ. და არა იმიტომ, რომ ეს კინემატოგრაფისტი თავის ფილმებში კომუნისტურ იდეოლოგიას უცხადებდა ბრძოლას. საქმეც ისაა სწორედ, რომ მაქს ოფიულსის ფილმებში საერთოდ არ იყო იდეოლოგია. მისი ყველაზე სახელგანთმული სურათები: “უცნობი ქალის წერილები”, გადაღებული შეერთებულ შტატებში, ცვაიგის მოთხრობის მიხედვით, 1948 წელს; “მადამ დე..”, რომლის პრემიერა 1953 წელს შედგა; იგივე “ლოლა მონტესი” – ეგრეთ წოდებული “სუფთა კინემატოგრაფის” გენიალური ნიმუშებია, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “სუფთა ფორმა”, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგია ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა. როგორც ჩანს, აქ ისევ წარმოჩნდა, ბერდიაევს რომ დავესესხოთ, “ფორმის, სივრცის ორგანიზებისა თუ “დალაგების” მიმართ მტრული განწყობა,” ყოველთვის დამახასიათებელი რუსული კულტურისათვის, რუსული ხელოვნების “თხრობითობა”, ეგრეთ წოდებული “ლიტერატურშჩინა”, ვერბალური პლასტის პირველადობა, რასაც ოფიულსის ფილმები სრულიად მოკლებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდენტიფიკაციის, ანუ მაყურებლისა და ეკრანული სივრცის გაერთანების, ორნაირ მექანიზმს შორის, საბჭოთა კინომ აირჩია ერთი – იდენტიფიკაცია პერსონაჟთან, მაქს ოფიულსმა კი მეორე – იდენტიფიკაცია ეკრანულ სანახაობასთან. საბჭოთა კულტურისთვის აუცილებელი იყო, რომ პუბლიკას ვიღაცისთვის მიებაძა – კოლმეურნისთვის, შრომის გმირისთვის და ა.შ. ოფიულსი კი მსოფლიო კინოს ისტორიაში, შესაძლოა, ერთადერთი კინემატოგრაფისტია, რომელიც მხოლოდ ფილმის ენაზე აკეთებს აქცენტს და მაყურებელს არა ფსიქოლოგიური იდენტიფიკაციის სურვილს, არამედ დახვეწილ, რაფინირებულ სამყაროსთან გაერთიანების ვნებას უღვიძებს, უზრუნველყოფს სიამოვნების განცდას...ანუ იმას, რასაც კინემატოგრაფიული გამოსახულების ეროტიკულობა ჰქვია და რასაც სრულიად მოკლებული იყო საბჭოთა კინემატოგრაფი.

ოფიულსის 1936 წელს გადაღებულ სურათში “შოპენის ბრწყინვალე ვალსი” კონკრეტული საგნები ეკრანზე, საერთოდ, აღარ ჩანს. ჩვენ ვუსმენთ შოპენის მუსიკას და ვხედავთ მოძრავ ლანდებს, მაგრამ ფილმის ბოლომდე სიამოვნებით შევცქერით ამ “აბსტრაქტულ ბალეტს” (პარალელურად მუსიკა), ვაკვირდებით სინათლის ციმციმს, რიტმის განუწყვეტელ ცვლას. ოფიულსის ეს სურათი უფრო თავის შექცევაა, ხუმრობაა, მაგრამ, ამავე დროს, არის კინოს, როგორც სივრცობრივი, დროში “განფენილი” ხელოვნების, რეაბილიტაციის ცდა. ამგვარ ექსპერიმენტებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ფორმალიზმს უწოდებდნენ. აქაურ კინოში არა იმდენად კინემტოგრაფიულ ატმოსფეროს, რამდენადაც უფრო სიუჟეტს და, ეგრეთ წოდებულ, “გმირის ხასიათს” ქმნიდნენ. ყველაფერი, რაც არ იყო დაკავშირებული სიუჟეტთან, კადრიდან ამოვარდებოდა ხოლმე...და, როგორც წესი, ამით ზარალდებოდა თავად კინოხელოვნება, რომლის მშვენიერებას ეკრანზე მოულოდნელის არსებობაც განსაზღვრავს, რაც მაქს ოფიულსთან სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგად მოიაზრება.

80-იანი წლების მიწურულს, ერთ ფრანგ ჟურნალისტთან საუბარში, მერაბ მამარდაშვილმა ერთმანეთს შეადარა რუსული და ქართული ხასიათი და, ისევ და ისევ ბერდიაევზე დაყრდნობით, გაგვახსენა, რომ რუსს, როგორც წესი, არ სურს იყოს ორგანიზატორი, უფრო მეტად უნდა, რომ “ორგანიზებული” იყოს, ანუ მისთვის სხვამ იზრუნოს. “რუსს შეუძლია თევზი გაზეთის ფურცელზე დადოს და ისე მიირთვას, რაც ქართველისთვის, რომელსაც ფორმის გრძნობა არასდროს ღალატობს, ყოვლად წარმოუდგენელია” – აღნიშნა მერაბ მამარდაშვილმა.

სწორედ მაშინ, 80-იანი წლების მიწურულს, მაქს ოფიულსის შემოქმედების რუსმა მკვლევარმა მიხაილ იამპოლსკიმ მოსკოვში წაიკითხა ლექცია, რომელსაც დაარქვა “კინო – კინოს გარეშე’. პირველად იამპოლსკიმ შენიშნა, რომ მთელ საბჭოთა კინოს საშინელი შიში აქვს იმის მიმართ, რაც არ არის ვერბალური, არასდროს ენდობა ვიზუალურ ფაქტურებს და გამოსახულების მაგიას სიტყვიერი რიტორიკით ცვლის. კინოს რუსმა თეორეტიკოსმა მხოლოდ ქართული კინემატოგრაფი მიიჩნია გამონაკლისად და აღნიშნა, რომ საქართველოში შემთხვევით არ შექმნილა კინოოპერატორთა და კინოს მხატვართა შესანიშნავი სკოლა; იმავე მოსფილმისგან” განსხვავებით, კინოსტუდია “ქართულ ფილმში’ ყოველთვის პატივს სცემდნენ გამოსახულების სილამაზესო”, – დაუმატა იამპოლსკიმ.

სახვითი გადაწყვეტის მნიშვნელობა, პლასტიკური რიგის მიმართ ყურადღება ქართულ კინოში, მართლაც, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც, ალბათ, იმით უნდა ავხსნათ, რომ ქართულ კულტურაში ვერბალური მოტივი პირველადი არასდროს ყოფილა, რომ პლასტიკური ხელოვნების ტრადიციები აქ გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე რუსეთში. მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ საქართველოში შესაძლებელი იყო მაქს ოფიულსის ესთეტიკასთან თუნდაც მიახლოება: პედანტურობა, ფილიგრანულობა, დახვეწილი ესთეტიზმი და “სუფთა ფორმის” გამომხატველობა, ასე თუ ისე, მთელ საბჭოთა კულტურაში იდევნებოდა, სხვა რომ არაფერი, იმიტომაც, რომ “ხარისხი” აქ,საერთოდ, ყოველთვის იდევნებოდა “რაოდენობით”, აბსტრაქტული განცდა –იდეოლოგიით და… იდევნება დღესაც, როცა საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ ქართული კინო ვერა და ვერ აღწევს “ხარისხიან გამოსახულებას”, როცა მაყურებლის მენტალიტეტიც ვერა და ვერ თავისუფლდება სტერეოტიპებისგან – “ხელოვნებამ აუცილებლად რაღაც უნდა გვასწავლოს, უკეთესი გაგვხადოს...რაც შეეხება ხელოვნების ნაწარმოებისგან მიღებულ სიამოვნების განცდას, ეს - რაღაც მანკიერი, რაღაც უზნეოა...”

მაქს ოფიულსის სიუბილეოდ დასავლეთის ქვეყნებში ისევ უჩვენებენ მის ფილმებს. ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ რეჟისორის შესახებ ისევ არავინ ლაპარაკობს. “სიამოვნების” აქ ისევ ეშინიათ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG