Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კვირაში რუსეთის პრესამ არაერთი წერილი მიუძღვნა საქართველოს უშიშროების მინისტრის


ეკა წამალაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირაში რუსეთის პრესამ არაერთი წერილი მიუძღვნა საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებას პანკისის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ.

ჟურნალისტებს არც ამერიკელთა მომზადების პროგრამისათვის აუვლიათ გვერდი და არც კოდორის ხეობის პრობლემა დაუტოვებიათ უყურადღებოდ.

რუსეთის გაზეთებმა ერთგვარ სენსაციად აღიქვეს საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადება, რომ პანკისის ხეობაში, დაახლოებით, ასი არაბი და 800-მდე ჩეჩენი ბოევიკი იმყოფება.
თუმცა, როგორც 22 მაისის “ნეზავისიმაია გაზეტა”აღნიშნავს, მინისტრს არ დაუმალავს პრესის ამგვარი რეაქციით გაკვირვება, რადგან ის ჯერ კიდევ ზამთრის მიწურულს საუბრობდა ამ თემაზე და “რატომღაც სწორედ ამჟამინდელმა განცხადებამ მიიპყრო ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება.”
“ნეზავისიმაია გაზეტას” კიდევ ერთ წერილში ნათქვამია:

“საფიქრებელია, რომ ვალერი ხაბურძანიას შემთხვევით არ შეურჩევია მომენტი მორიგი განცხადებისთვის, რომელიც პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ბოევიკთა საჩოთირო თემას უკავშირდება. ქართულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ უახლოეს პერსპექტივაში აქ არავითარი ანტიტერორისტული ოპერაცია არ ჩატარდება. მაგრამ, ამასთან ერთად, აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები უკვე შეუდგნენ საჯარისო, სასაზღვრო და პოლიციური ქვედანაყოფების მომზადებას, რაც მომავალში პანკისის პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის მისწრაფებით არის განპირობებული. ეს გარემოება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ბევრი ექსპერტი და დამკვირვებელი ეჭვობს, რომ ამერიკელთა მიერ მომზადებულ ქვედანაყოფებს თბილისი არგუმენტად გამოიყენებს სოხუმთან კამათში.”

შემდეგ გაზეთი წერს, რომ “ამ დღეებში კვლავ დაიძაბა სიტუაცია კოდორის ხეობაში, სადაც აფხაზებმა მანევრები დაიწყეს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ეს მანევრები ამერიკელი სამხედროების მორიგი ჯგუფის თბილისში ჩასვლას დაემთხვა. ჯგუფის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ოულტმეიერის განცხადებით, ამერიკელი ინსტრუქტორები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებენ, რაც აუცილებელია როგორც პანკისის ხეობაში მყოფ ტერორისტებთან საბრძოლველად, ისე მთლიანად კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციისათვის.”

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, “აღნიშნული განცხადება, არსებითად, ადასტურებს ორივე არსებულ ვერსიას, რომ მომავალში თბილისი თავისი სუვერენიტეტის აღდგენას აპირებს არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ აფხაზეთშიც.”
22 მაისის გაზეთ “ტრუდის” თქმით, “თბილისში განაცხადეს, რომ ამჟამად არ ხდება არანაირი გეგმის შემუშავება პანკისში სამხედრო ძალის გამოყენებით წესრიგის დასამყარებლად.” შესაძლოა, ასეთი გეგმები გაჩნდეს იმ შემთხვევაში, –წერს გაზეთი, – თუ გამართლდება შევარდნაძის იმედები, რაც ამერიკელთა დახმარებას გულისხმობს. “ტრუდი” აღნიშნავს, რომ ამ დღეებში შევარდნაძემ მიიღო აშშ-ის შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფების სარდალი გენერალი ლესლი ფულერი, რომელიც ორი წლის განმავლობაში კურირებას გაუწევს ქართული არმიის ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მომზადების პროგრამას.

24 მაისის “როსიისკაია გაზეტა” წერს, რომ “გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დიტერ ბოდენის ეგიდით გალის რაიონში გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები კინაღამ ჩაშლის პირას მივიდა. რუსეთის მშვიდობისმყოფელთა და გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ერთობლივმა პატრულმა კოდორის ხეობაში დააფიქსირა 200 მესაზღვრე, 700-მდე შეიარაღებული ადგილობრივი მცხოვრები, აგრეთვე, 3 ქვემეხი და 140 ყუთი, ჭურვებით.”

გაზეთის თქმით:

“სოხუმმა ამ ქვედანაყოფების განიარაღება მოითხოვა. თბილისის რეაქცია იმდენად მწვავე იყო, რომ მოლაპარაკებები კინაღამ ჩაიშალა. იმავდროულად, თბილისმა ქართულ-აფხაზური საზღვრის მდინარე ღალიძგამდე, აფხაზეთის სიღრმეში გადატანა მოითხოვა.
კიდევ ერთი წინააღმდეგობა უკავშირდება სამშვიდობო ძალების საგუშაგოს განთავსებას კოდორის ხეობის ზედა ნაწილში. თბილისი ამ საგუშაგოს შექმნას კოდორის ხეობის სვანური მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად განიხილავს. სოხუმის აზრით კი, ასეთი საგუშაგო საუკეთესო მექანიზმია ხეობაში არსებული ვითარების შესახებ რეალური ინფორმაციის მოსაპოვებლად.”

“როსიისკაია გაზეტა” წერს, რომ “მოლაპარაკებების დამთავრება მხოლოდ დიტერ ბოდენის დიპლომატიური ხელოვნების შემწეობით მოხერხდა. თუმცა მხარეები ძველ პოზიციებზე დარჩნენ – ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებამდე ისინი არ მისულან.”
XS
SM
MD
LG