Accessibility links

logo-print

შეცვლის თუ არა ფრანგების ანტიამერიკულ განწყობილებას ჯორჯ ბუშის ვიზიტი?


ვიდრე რომში, ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ორი დღით ეწვია საფრანგეთს

– ქვეყანას, რომელშიც ბოლო ხანს აშკარად იმძლავრა ანტიამერიკულმა განწყობილებამ. ჯორჯ ბუშის სტუმრობის ერთ-ერთი მიზანი – ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებასთან ერთად – სწორედ ამ განწყობილების შეცვლა თუ არა, შერბილება მაინც გახლდათ.

როგორც რადიო “თავისუფლების” მიმომხილველი, ჯოელ ბლოკერი აღნიშნავს, პირველი მიზნის მიღწევა – ანუ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე მეორისა, რადგან ხალხში ფეხმოკიდებული შეხედულებისა თუ განწყობილების შეცვლა ერთი ხელის დაკვრით არ ხდება.

თავისი ორდღიანი ვიზიტის მსვლელობაში ჯორჯ ბუშს ცდა არ დაუკლია, რომ სურათი კარგი მხრიდან წარმოეჩინა: იგი წამდაუწუმ საუბრობდა ამერიკელი და ფრანგი ხალხების ტრადიციულ მეგობრობას და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჟაკ შირაკთან თავის პირად მეგობრობასაც ხაზს უსვამდა. [ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩემთვის ძვირფასია ამ კარგი კაცის რჩევა. როცა რამეს მირჩევს, მუდამ ყურს ვუგდებ და ვამაყობ, რომ შემიძლია, მეგობარი ვუწოდო.”

აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც გაიხსენა, რომ მის ქვეყანაში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ შირაკმა მას დაურეკა და უთხრა, მეგობრად მიგულეო. ცხადია, ჯორჯ ბუშს არც ის დავიწყებია, რომ სწორედ ჟაკ შირაკი იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც მას, საპრეზიდენტო არჩევნებში ახლად გამარჯვებულს, ვაშინგტონში ეწვია; სწორედ შირაკი იყო უცხო ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ნიუ იორკის მიწასთან გასწორებული სავაჭრო ცენტრის ნანგრევები დაათვალიერა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

კვირას, პარიზის ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბუშმა საფრანგეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც იგი ვაშინგტონს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძებნაში უწევს. ბუშის თქმით, ევროპაში სწორედ საფრანგეთი ასრულებს ლიდერის როლს ტერორისტებზე ნადირობის საქმეში.

თავის საპასუხო სიტყვაში ჟაკ შირაკმა თავი აარიდა იმ საკითხებზე საუბარს, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე ფრანგების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. ამ საკითხებს შორის არის აშშ-ის უარი, ხელი მოეწერა გარემოს დაცვის სფეროში გაფორმებული ე.წ. კიოტოს ოქმისთვის; მისი კატეგორიულად უარყოფითი დამოკიდებულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ; და ბუშის ადმინისტრაციის არცთუ დიდი ხნის წინანდელი გადაწყვეტილება, აშშ-ის ფოლადის ექსპორტს სუბსიდიებით დაეხმაროს.

ჟაკ შირაკმა სცადა, სურათი ისე დაეხატა, თითქოს საფრანგეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბუშის მთავრობისადმი კეთილად იყოს განწყობილი. აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციას ჟირაკმა “სრულიად მარგინალური” მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ იგი სულაც არ არის შეერთებული შტატების მიმართ “ეროვნული ანტიპათიის” გამომხატველი.

ბერლინსა და პარიზში მოწყობილი საპროტესტო აქციები არც თავად ბუშს მიუჩნევია მტრობის გამოვლინებად. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მე აქ მტრობას ვერ ვხედავ. ვხედავ, რომ აქ უამრავი მეგობარი გვყავს და მადლიერი ვარ ამ მეგობრობისთვის. ის ფაქტი, რომ დემონსტრანტები არსებობენ, კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვარ. ვმოგზაურობ ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს სხვების აზრს. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ევროპაში, საფრანგეთში. აქ ბევრი მეგობარი მყავს.”

ეს სიტყვები მასპინძლის მიმართ სტუმრის ტრადიციულ, არაფრისმთქმელ განცხადებადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მაგრამ საქმე, როგორც ჩანს, მთლად ასე არ არის. შეერთებულ შტატებს სიხარული არ დაუფარავს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაკ შირაკის გამარჯვების გამო, და არა მარტო იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი, ბუშისა არ იყოს, კონსერვატორია. განსაკუთრებით გაიხარა ვაშინგტონმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიონელ ჟოსპენის მარცხით: ჟოსპენი და მისი სოციალისტი თანაპარტიელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იუბერ ვედრინი მეტისმეტად ხშირად აკრიტიკებდნენ აშშ-ის “ერთპიროვნულ” გადაწყვეტილებებს.

მიმომხილველთა ვარაუდით, საფრანგეთის ახალ, მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობასთან ვაშინგტონს გაცილებით უკეთესი ურთიერთობა ექნება (მით უფრო, თუ ჟაკ შირაკის კოალიციამ წარმატებას მიაღწია მომავალი თვისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში), მაგრამ უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, მოსახლეობაში არსებული ანტიამერიკული განწყობილება განელდეს ან სულაც შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG