Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგების აღდგენა წინასაარჩევნო ბრძოლის საგნად იქცა


თბილისის დიდი ნაწილი - ეგრეთ წოდებული, მარცხენა სანაპირო -ერთ თვეზე მეტია, ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

თავდაპირველად გაზის შეწყვეტის მიზეზად სარემონტო სამუშაოები დასახელდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ „თბილგაზს“ მარცხენა სანაპიროსათვის საჭირო ბუნებრივი აირის შესაძენი თანხა არ მოეპოვებოდა. ახლა მარცხენა სანაპიროსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა წინასაარჩევნო ბრძოლის საგნად იქცა.

ბოლო 5 თვეა, თბილისის ბუნებრივი აირით მომარაგების საფასურის დიდ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი და თბილისის მერია იხდის. გაზაფხულის დადგომისთანავე გაზის მოხმარება საგრძნობლად მცირდება და იმპორტიორი კომპანიისათვის მისაცემი თანხის მოცულობაც სამჯერ იკლებს. მიუხედავად ამისა, თბილისის უდიდესი ნაწილისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება სწორედ გაზაფხულის ბოლო თვის დასაწყისში შეწყდა. უკმაყოფილო მოსახლეობამ, აღორძინების კავშირის ინიციატივით, 27 მაისს თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აღორძინების კავშირის განმარტებით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი არა არის. მოსახლეობაც ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან კავშირს მხოლოდ იმით ხსნიდა, დამოუკიდებლად მოწყობილ აქციებს ყურადღებას არავინ აქცევს და ხელკეტებით გვიმასპინძლდებიანო.

პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ზურგგამაგრებული აქციის მოთხოვნები თბილისის ვიცე-პრემიერმა გიორგი შერაძემ „თბილგაზის“ დირექტორთან ერთად მოისმინა და 28 მაისიდან გაზის მიწოდების აღდგენის პირობაც დადო. 28 მაისს კი ტელეარხ რუსთავი 2-ით გამოსვლისას, აი, რა განაცხადა „თბილგაზის“ დირექტორმა ვახტანგ ცაავამ:

[ცაავას ხმა] „შეიძლება აღდგეს გაზის მოწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური უზრუნველყოფა იქნება. ეს დაკავშირებულია მომწოდებელზე. ჩვენ ის ხარჯი, რაც სჭირდება აღნიშნულ მოსახლეობას, ჩვენ გუშინდელი დღიდან გვაქვს მოლაპარაკება მომწოდებელთან, მაგრამ ეს ტექნიკურად შეუძლებელია.“[სტილი დაცულია]

როგორც ჩანს, ცაავა მომწოდებელი კომპანიის ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებს. 27 მაისის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ჯონდი ბაღათურიას, განცხადებით კი, ამის მიზეზი დედაქალაქის მერი ვანო ზოდელავაა.

[ბაღათურიას ხმა] „მან დაიბარა თბილგაზის ხელმძღვანელი - გენერალური დირექტორი - თავისთან კაბინეტში და პირდაპირ ასეთი განცხადება გაუკეთა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნეს აღდგენილი ბუნებრივი აირის მიწოდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ამის მიზეზი რამდენიმე არსებობს, ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ ეს არ დაბრალებოდა ჯონდი ბაღათურიას, გიორგი თარგამაძეს და აღორძინების კავშირს, აი, ამ ბუნებრივი აირის აღდგენა.“[სტილი დაცულია]

ჯონდი ბაღათურია დედაქალაქის მერს ბუნებრივი აირისათვის განკუთვნილი თანხის პირადი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაშიც ამხელს. რამდენად საფუძვლიანია ბაღათურიას ეს განცხადება, უახლოეს მომავალში გაირკვევა, როცა იგი თავის ხელთ არსებულ დოკუმენტებს გამოაქვეყნებს. რაც შეეხება არჩევნებამდე თბილისის მარცხენა სანაპიროსათვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას, ცხადია, აღორძინების კავშირის საპროტესტი აქციის შემდეგ ეს ქალაქის მუნიციპალიტეტის ინტერესებში ნაკლებად შედის.
XS
SM
MD
LG