Accessibility links

სამზადისი 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებისთვის არაჯანსაღი აჟიოტაჟით ხასიათდება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ექსპერტებისა და დამკვირვებლების აზრით, სამზადისი 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებისთვის არაჯანსაღი აჟიოტაჟით ხასიათდება.

რა განაპირობებს ამგვარ ვითარებას? ამ თემაზე და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ვესაუბრე ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორს ზაზა ფირალიშვილს.

საქართველოში არჩევნები ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიულობითა და კომპრომატების ომით – ამბობს ზაზა ფირალიშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის ეპოქიდან. მისი თქმით, ინფანტილიზმი, რომელიც წინა არჩევნების დროს შეინიშნებოდა, დღესაც სრულიად ძალმოსილია და, ამასთან ერთად, მოწმენი ვხდებით პოლიტიკურ გაერთიანებათა უცნაური სიმბიოზებისა, რაც სრულიად წარმოუდგენელია განვითარებული ქვეყნებისათვის.

[ფირალიშვილის ხმა] “მე ვგულისხმობ იმ უცნაურ პოლიტიკურ წარმონაქმნებს, რომლებიც ჩნდება ქართულ სივრცეზე და რომლებიც ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ემპედოკლეს უცნაურ არსებებს მოგვაგონებენ. ამ არსებებს ჰქონდათ თხის ფეხი, ლომის თავი, ხარის რქა და ა.შ., ანუ სხვადასხვა ელემენტები იყო არეული – იდენტიფიკაციის პრინციპი ჯერ არ არსებობდა.”

გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრისათვის იდეოლოგიის შეცვლაც არის დამახასიათებელი – გუშინდელი მემარცხენე შეიძლება ულტრამემარჯვენედ მოგვევლინოს ან პირიქით, ხოლო ულტრადემოკრატი კონსერვატორად იქცეს და ა.შ. ზაზა ფირალიშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ დახვეწის ფაზაშია.

რაც შეეხება მოსახლეობის დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ამას კარგად ასახავს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პარტიათა რეიტინგები. ნათლად ჩანს, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიები ხმების 6-7%-ს დააგროვებენ,– მიიჩნევს ჩემი თანამოსაუბრე. - ასეთი მაჩვენებელი, –ამბობს იგი, - ამომრჩევლის საგრძნობ პასიურობასა და მის დაბნეულობაზეც მიუთითებს, რაც, როგორც ჩანს, მოქალაქეთა კავშირში განვითარებულმა მოვლენებმაც განაპირობა. ეს მიუთითებს იმ მსოფლმხედველობრივ ქაოსზეც, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს. [ფირალიშვილის ხმა] “შეიძლება ჩვენი პოლიტიკოსები კარგად ხედავენ, თუ რა ხდება და მყარი ორიენტირებიც აქვთ, მაგრამ,წმინდა მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით, მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ უმწიფარია.მათთვის პოლიტიკური მსოფლმხედველობა, პოლიტიკური იდეოლოგია - იქნება ეს რესპუბლიკური, ნაციონალისტური, დემოკრატიული, სოციალისტური თუ სხვა იდეოლოგია – მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიღაბია ჯერ კიდევ და ის შეიძლება სწრაფად შეიცვალოს პოლიტიკური ამინდის მიხედვით.”

ზაზა ფირალიშვილის აზრით, 2 ივნისის არჩევნებში გაყალბების პროცენტი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. მისი თქმით, დღეს ერთმანეთს ეჭიდება რამდენიმე ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არჩევნების ფალსიფიცირების ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ძალიან ძნელია არჩევნების ჩატარება ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილი არ არის დაინტერესებული ობიექტური და სამართლიანი არჩევნებით
[ფირალიშვილის ხმა] “და სადაც გაყალბება პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და, შესაძლოა, მთავარ არგუმენტად იქცა ყველასათვის, იქნება ეს ოპოზციური თუ სახელისუფლებო ძალა.”

ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ მოსახლეობა პასიურად გამოხატავს პროტესტს აღნიშნული მოვლენების მიმართ, რაც არჩევნების იგნორირებას, ანუ პოლიტიკური ცხოვრებისაგან განზე დგომას, გულისხმობს. საქართველოში ჯერ კიდევ დაულაგებელია ამომრჩევლების და პოლიტიკოსების ურთიერთაღზრდის სისტემა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს. თუმცა, როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ეს ბუნებრივიც არის, რადგან ამგვარი სისტემის მოწესრიგებას სოციალური პრაქტიკა და ისტორიული გამოცდილება სჭირდება.
XS
SM
MD
LG