Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რამდენიმე მონაცემი არჩევნების შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი რა განწყობა აქვს ამომრჩეველს არჩევნების წინ; რა არგუმენტები და მოტივები არსებობს მოქალაქეთა არჩევნებზე მისასვლელად; როგორია პოლიტიკური პარტიების რეიტინგი,

რითი ჰგვანან ისინი ერთმანეთს და რა განასხვავებთ მათ ლიდერებს ერთიმეორისგან; ამ და სხვა საკითხებს დღეს საქართველოში მოქმედი სოციოლოგიური კვლევის თითქმის ყველა სამსახური სწავლობს. ზოგიერთი მოპოვებულ მონაცემებს არ ახმაურებს, ზოგიერთი ყიდის, ზოგსაც საჯარო სამსჯავროზე გამოაქვს. ვესაუბრეთ ერთი ასეთი ორგანიზაციის - საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის - დირექტორს, გოჩა ცქიტიშვილს. ინსტიტუტის მიერ გაწეული შრომის შედეგი, აღწერებისა და ვარაუდების სიზუსტე სულ მალე, ერთ კვირაში, შემოწმდება და ყველასთვის ნათელი გახდება, რამდენად სანდოა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში.

მიღებული აზრია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან ჩართულნი სახელმწიფოს მართვაში. ჩვენ არც საკუთარი უფლებები ვიცით ხეირიანად და არც ვალდებულებები გვაქვს გაცნობიერებული. არჩევნების დღე არის მომენტი, როცა საქართველოს მოქალაქე ან საერთოდ არ მიდის საარჩევნო უბანში, ან მიდის და მთელ პასუხისმგებლობას კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკისრებს. როგორც ამბობს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი გოჩა ცქიტიშვილი [ცქიტიშვილის ხმა]: “ამომრჩევლისათვის ამით მთავრდება მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში. მივეცი ხმა იქს პოლიტიკურ ორგანიზაციას – ეს ნიშნავს, რომ დავავალდებულე ის, 100 პროცენტით შეინახოს ჩემი ოჯახი, უზრუნველყოს ჩემი ბედნიერება და ა.შ.”.

გასაკვირი არ არის, რომ ასეთი დამოკიდებულების კვალად, არჩევნებს არასოდეს მოჰყვება ამომრჩევლისთვის სასურველი შედეგი. ამით უნდა აიხსნას მოქალაქეთა საგრძნობი ნაწილის გაუცხოება არჩევნებისაგან, ყოყმანი ან მყარი გადაწყვეტილება, არ წავიდეს არჩევნებზე. [ცქიტიშვილის ხმა] “ამომრჩეველს არა აქვს გამოცდილება, რომ ხმის მიცემას მისთვის რაიმე სიკეთე მოეტანოს. ხმა მიუცია – სასიკეთო კი არაფერი მიუღია”.

კიდევ ერთ პრობლემად გოჩა ცქიტიშვილს მიაჩნია ძლიერი საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში, რაც ვითარებას სოციალური აფეთქების ზღვართან აახლოებს. პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ, მოერგონ ამ განწყობას. [ცქიტიშვილის ხმა]: “ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია “ზის” საპროტესტო ხმებზე. საპროტესტოა საარჩევნო ხმების 70%-ზე მეტი. საპროტესტო არის “მოქალაქეთა კავშირის” ხმებიც კი: ლევან მამალაძის 0,6% თბილისში ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ”.

პოლიტიკური ორგანიზაციები, ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირდნენ მოქალაქეთათვის ისეთი გარემოსა თუ პირობების შექმნაზე, სადაც შრომის შედეგად შესაძლებელი იქნება კეთილდღეობის მიღწევა, ამომრჩეველს პირდაპირ კეთილდღეობას ჰპირდებიან, ცდილობენ სიტყვითა თუ საქმით, შეუქმნან ილუზია, თითქოს პოლიტიკურ ორგანიზაციას, გამარჯვების შედეგად, ბედნიერების მოტანა შეეძლოს. ამის მაგალითია ამომრჩეველთათვის ფქვილის, შაქრისა თუ ფულის დარიგება მათი ხმების მიღების მიზნით. მაგრამ ძირითადი არგუმენტი თუ მოტივი არჩევნებზე წასასვლელად და ხმის მისაცემად, გოჩა ცქიტიშვილის აზრით, მაინც ერთგვაროვანია ყველა პარტიის ამომრჩევლისათვის [ცქიტიშვილის ხმა]: “ყველას უნდა ვითარების შეცვლა – არავინ არ იცის, როგორ. არ არის რაციონალური ორიენტაცია; ამომრჩეველს ძალიან უძნელდება (იმის გამო, რომ გამოცდილება არა აქვს და არც არაფერს სთავაზობენ ამოსარჩევად), იფიქროს და გადაწყვიტოს, რომელი გზა იქნებოდა ოპტიმალური დროის მოკლე შუალედში მოკრძალებული სასიკეთო შედეგების მისაღწევად. საერთო ჯამში, სამარცხვინოა, რომ დღეს საპროტესტო ელექტორატში გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელ პარტიას მისცენ ხმა, მთავარია პირი, ვინც პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს”.

რესპონდენტს ვთხოვე, ელაპარაკა არჩევნების წინ ძირითადი კონკურენტების შესახებ. საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის მართებულად არ ასახელებენ თავიანთ მთავარ მეტოქეებს და კონკურენტების ასეთ წყვილებს გვთავაზობს [ცქიტიშვილის ხმა]: “რა თქმა უნდა, არ არიან “ნაციონალური მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” კონკურენტები. კონკურენტები არიან “ნაციონალური მოძრაობა” და ლეიბორისტული პარტია, “ახალი მემარჯვენები” და “მრეწველები”, “აღორძინება” და ზურაბ ჟვანიას გუნდი”.

რაც შეეხება პირველ წყვილს, განსაკუთრებით კი ლეიბორისტებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, გოჩა ცქიტიშვილი ასე აღწერს მათ პოზიციებს თბილისში არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე [ცქიტიშვილის ხმა]: “თბილისში პირველ ადგილზე (თუმცა ეს სრულიად არაფერს ნიშნავს) არის “ნაციონალური მოძრაობა”: მას აქვს არჩევნებზე მოსულების დაახლოებით 20%. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ხმები მზარდია. სავარაუდოა, ისინი 25%-ზე მეტს ვერ აიღებენ. მისი ელექტორატი, აშკარად, “გაჯანსაღებულია”; საწყის ეტაპზე “ნაციონალური მოძრაობის” თანამგრძნობთა 60%-ს 50 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები შეადგენდნენ. ახლა კი ახალგაზრდებს - 18-25 წლის ადამიანებს - შორის, ნდობის თვალსაზრისით, პირველი სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა”. მეორე ადგილზე, არცთუ შორს “ნაციონალური მოძრაობისგან”, არის ლეიბორისტული პარტია: 17-18 პროცენტი. ყველაზე პოპულარული ადამიანი თბილისში – მესმის, ეს ბევრს არ მოსწონს – შალვა ნათელაშვილია. კვლევის მიხედვით, ის ყველაზე გულწრფელი, ყველაზე პატრიოტი და ყველაზე ეთიკური პოლიტიკოსია. თუმცა, ნდობის თვალსაზრისით, სააკაშვილი, დაახლოებით, ისევე უსწრებს ნათელაშვილს, როგორც ეს უკანასკნელი უსწრებს სააკაშვილს პატრიოტიზმში; ანუ, ამ ორ პოლიტიკოსს, არსებითად, ერთი რანგი აქვს ნდობაში, გულწრფელობაში, პატრიოტიზმსა და ეთიკაში.”

რა გამოარჩევს სხვა პარტიებისგან კონკურენტთა მეორე წყვილს და რამდენი ხმის იმედი უნდა ჰქონდეთ მათ? [ცქიტიშვილის ხმა]: “ამის შემდეგ, ობიექტურობა მოითხოვს, ორი პარტია ერთად დავასახელოთ: “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და “ახალი მემარჯვენეები”. მოტივების, განწყობისა და ძირითადი სარეიტინგო პარამეტრების მიხედვით, იმდენად ერთნაირი პოზიციები უკავიათ, რომ მიჭირს, ცალკე გამოვყო რომელიმე. ამ პარტიებს არჩევნებზე მოსულთა ხმების 10-დან 14%-მდე აქვთ. 14-თან ახლოს დგანან “მრეწველები” და დაახლოებით 10 აქვთ “ახალ მემარჯვენეებს”. ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია მსგავსია თავისი დიპლომატიითაც: ზურაბ ჟვანიას ფრთისა და “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით, ისინი ძალიან კარგად ახერხებენ უფრო დიპლომატიურნი იყვნენ ედუარდ შევარდნაძესთან, კარგად შეუძლიათ ლავირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეიძლება ეს მათი პლუსია”.

გოჩა ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ “ახალი მემარჯვენეების” ხმებმა შეიძლება მოიმატოს. ეგევე შესაძლებლობა აქვს პოლიტიკურ კონკურენტთა მესამე წყვილის ერთ წევრს [ცქიტიშვილის ხმა]: “მესამე ჯგუფია “აღორძინება” და ზურაბ ჟვანიას გუნდი. “აღორძინება” არ არის მზარდი ხმების პარტია, განსხვავებით ჟვანიას გუნდისაგან, რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდი ხმების პოლიტიკური ორგანიზაციაა: ფაქტია, ამ ჯგუფს, როგორც ცალკე აღებულ გუნდს, “მოქალაქეთა კავშირისათვის” დავის პერიოდში ჰქონდა 1-1,5% და ახლა აქვს 6%-ზე მეტი. სავარაუდოდ, ჟვანიას გუნდი არჩევნებში ამდენივეს მიიღებს. მაქსიმალური თეორიული ზღვარი მისთვის არის 8-9%. მეტის აღება, რეალურად, ჟვანიას გუნდს ძალიან გაუჭირდება, თუმცა მარტივი წარმოსადგენია, რომ “აღორძინებას” გაუსწროს. ანუ იმ 6 პარტიაში, ვინც 4%-ს გადალახავს, იყოს ბოლოსწინა და ბოლო აღმოჩნდეს “აღორძინება”.

ყველა შემთხვევაში, პროგნოზი სარისკო საქმეა, აღნიშნავს გოჩა ცქიტიშვილი ჩემთან საუბრისას და არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი, რაც შესამჩნევად შეცვლის ძალთა ამგვარ განლაგებას.
XS
SM
MD
LG