Accessibility links

logo-print

რატომ არსებობს არჩევნების გაყალბების მოლოდინი


საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისა და ამ არჩევნების გაყალბების მოლოდინია.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი 2 ივნისს დანიშნულ არჩევნებს სწორედ გასაყალბებელ არჩევნებად განიხილავს და არც გაემტყუნება: ბოლო ათწლეულის მანძილზე ის არაერთი უსამართლო არჩევნების მოწმე გახდა, მოწმე გახდა არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიის უფრო და უფრო დახვეწისა, ამდენად, ახლა უკვე ის აინტერესებს, ვისთვის იმუშავებს წლების მანძილზე დამუშავებული მეთოდები. ამ შეკითხვას პასუხი არჩევნებზე გაეცემა, თუმცა მას უცხოელ დამკვირვებელთა სერიოზული წარმომადგენლობა დაესწრება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ეგონათ, რომ უცხოელი დამკვირვებლები 2 ივნისს დანიშნული ადგილობრივი არჩევნებისადმი ესოდენ დიდ დაინტერესებას გამოიჩენდნენ; არ ეგონათ, თუ რეგისტრაციაში ამდენ დამკვირვებელს გაატარებდნენ. ასეა თუ ისე, ადგილობრივი ორგანოების არჩევნებს მეთვალყურეობას ორ ათეულამდე ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების წევრები გაუწევენ, მათ შორის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ცენტრის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ევროსაბჭოს, ეუთოს და კიდევ რამდენიმე დასავლური ორგანიზაციის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის გია ქურდაძის მონაცემებით, საქართველოში ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებს, დაახლოებით, 300 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი უნდა დაესწროს. ეს კი უმნიშვნელო ციფრს არ წარმოადგენს .

დასავლელი დამკვირვებლები, როგორც წესი, უფრო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობენ ხოლმე. 98 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობით ისინი ასე არ დაინტერესებულან. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე უცხოელ დამკვირვებელთა მოზიდვას ცალკეული პოლიტიკოსების მუშაობამ შეუწყო ხელი. და მაინც, ყევლაფერი ამის მიუხედავად, მოსახლეობაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არჩევნების გაყალბების მოლოდინში არიან. საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ-ნიუსის” საინტერნეტო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნები ტრადიციული ფალსიფიკაციით ჩატარდება. სამართლიან არჩევნებს გამოკითხულთა ძალზედ მცირე ნაწილი ელის. არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც ახლო წარსულში მმართველი პარტიის ლიდერებს წარმოდგენდნენ და, შესაბამისად, არჩევნების ნომერ პირველ გამყალბებლებადაც სახელდებოდნენ.

საუბარია საარჩევნო პროცესში კანცელარიის უხეშ ჩარევაზე, – კანცელარიას კი, ამ შემთხვევაში, ერდროულად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად მიიჩნევენ. მაგრამ ბრალდებები ორმხრივია. კანცელარიის ახალ დასაყრდენად დასახელებული პარტიები გაყალბებას ყოფილი მმართველებისგან მოელიან, მით უფრო, ამ უკანასკნელთა მიერ წლების მანძილზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. უნდობლობა შეიჩნევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ 9 კაციანი ჯგუფის მიმართაც, რომელმაც საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესი უნდა გააკონტროლოს. მართალია, ამ ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის დასაბეჭდ ბიულეტენებს მეტი დამცავი მექანიზმები ექნება და ამით ზედმეტი ბიულეტენების გამოყენების პროცესი აღიკვეთება, უკვე გაჩნდა ინფორმაცია სამგორის რაიონის მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაბეჭდილი ზედმეტი ბიულეტენების არსებობის შესახებ. მოკლედ, საქართველოში ისეთი წინასაარჩევნო აურზაურია, რომ მისი ბნელი მხარეების სრულად გამოკვეთას სერიოზული მუშაობა დასჭირდება. მანამდე კი სერიოზულად ისევ და ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს. ჯუმბერ ლომინაძის თქმით, იქ ნამდვილი ფრონტის წინახაზია, ფრონტისა, რომლის იარაღსაც მუდმივი სატელეფონო ზარები წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG