Accessibility links

logo-print

ყოფილ კომუნისტურ სამყაროში დასავლელი მისიონერები ხშირად უნდობლობას იწვევენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საბჭოთა იმპერიის დაცემის შემდეგ უცხოელმა მისიონერებმა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ინტენსიური მუშაობა გაშალეს.

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების თაობაზე გადაცემათა ციკლის მესამე ნაწილში გესაუბრებით თუ როგორი წარმატებით ცდილობენ ეს მისიონერები ახალი სულების მიპყრობას.

აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ხალხი უკვე შეეჩვია, რომ შავებში გამოწყობილი ახალგაზრდები წყვილ-წყვილად დადიან კარდაკარ. ბევრს კარს საერთოდ არ უღებენ, ხშირად კი მათ დანახვაზე მიუჯახუნებენ ხოლმე.

ამერიკის იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტის მკვიდრი, მორმონი რომალდ უოგსტაფი პრაღაში მუშაობს მისიონერად. თუ ბედმა გაუღიმა და სახლში შეუშვეს საკუთარ თავს და თავის კოლეგას ის ასეთი სიტყვებით წარმოადგენს: [უოგსტაფის ხმა] “გამარჯობათ. ჩვენ გახლავართ ბოლო დღის წმინდანთა იესო ქრიტსეს ეკლესიის წარმომადგენელები. მე ვარ მონა ღვთისა უოგსტაფი, ეს კი ჩემი პარტნიორია, მონა ღვთისა გლაუსერი; ჩვენ აქ, ამ რაიონში ვართ. პრაღაში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, ხალხს საკუთარ თავზე მოვუთხროთ, ვუთხრათ რა გვწამს და ვკითხოთ, დაგვრთავენ თუ არა ნებას, ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ.”

ბოლო დღის წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები მორმონების სახელით უფრო არიან ცნობილი. მამაკაცი მორმონების უმრავლესობა ორ წელს უთმობს მისიონერულ საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ფაქტობრივად, ისინი ერთგვარი კომივოიაჟორები არიან, რომლებიც მყიდველს საკმაოდ საეჭვო საქონელს სთავაზობენ. [უოგსტაფის ხმა] “ჩვენ შეიძლება ვიცხოვროთ მარადიული ცხოვრებით, მარად ვიცხოვროთ ჩვენს ოჯახთან ერთად”.

ისინი გადიან ისეთივე წვრთნას, როგორსაც ნებისმიერი სხვა კომივოიაჟოორი. უოგსტაფმა, რომელიც ჩეხეთში უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს, პრაღაში ჩამოსვლამდე ჩეხური ენის ინტენსიური კურსი გაიარა. კურსებზე მას და მის კოლეგებს ასწავლეს, როგორი სხარტი პასუხი უნდა გასცენ იმათ, ვინც დამცინავად და უნდობლად მოეკიდება მათ ქადაგებას.

ეს მძიმე და ხშირად უმადური სამუშაოა. კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალ სტადიაში მყოფ ქვეყნებში მორმონებს ხშირად აპატიმრებენ, ქვეყნიდან აძევებენ, სცემენ, პირში აფურთხებენ.

ერთ-ერთი მისიონერის თქმით, 800-მდე კონტაქტის შედეგად, შეიძლება 15-მა მოგისმინოს, და აქედან ერთი გახდეს მორმონების აქტიური მიმდევარი.

ყოფილი კომუნისტური ქვეყნების როგორც მოსახლეობა, ისე მთავრობები სხვადასხვაგვარად ეკიდებიან მისიონერების საქმიანობას.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგლითად, ისინი საკმაო თავისუფლებით სარგებლობენ. რუსეთში, სადაც პროზელიტიზმი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს, რეგიონული მთავრობები სხვადასხვანაირად ეპყრობიან რელიგიურ ჯგუფებს.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე მკაცრად მისიონერებს თურქმენეთში ეპყრობიან. როგორც აღნიშნავს ფელიქს კორლეი კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების ექსპერტი: [კორლეის ხმა] “ეჭვგარმეშეა, რომ თურქმენეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკათაგან ყველაზე მკაცრ რელიგიურ პოლიტიკას ატარებს. ყველა რელიგიური ჯგუფი, გარდა მუსლიმანებისა და რუსული მართლმადიდებლობისა, ფაქტობრივად, აკრძალულია. ყველა დანარჩენ მოწმუნეებს, მათ შორის პროტესტანტებს, ებრაელებს, ლუთერანელებს, კათოლიკეებს და სომხურ ეკლესიაც კი, არა აქვს ფუნქციონირების უფლება. ხალხს აჯარიმებენ, სცემენ, აპატიმრებენ, აკავებენ, სდევნიან.”

მისიონერების საქციელი, ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიიღებენ მათ. ტაჯიკეთის ერთი მკვიდრი იხსენებს: ბერლინში სტუდენტად ყოფნისას მას კარზე მიადგნენ იეჰოვას მოწმეეები და მან, ტაჯიკური კულტურისთვის ჩვეული სტუმარ-მასპინძლობით, ისინი სახლში შეიპატიჟა და ჩაი შესთავაზა. შემდეგ აუხსნა, რომ მორწმუნე მაჰმადიანია და არ აპირებს რელიგიის შეცვლას. მიუხედავად ამისა, მისიონერები რამდენიმე საათს დარჩნენ, სანამ მასპინძელმა კარისკენ არ მიუთითა. მეორე დღეს ისევ ესტუმრნენ და მისცეს ბროშურა, რომლის შინაარსი, ტაჯიკის აზრით, ისლამისთვის შეურაცხმყოფელი იყო. საუბარი, მისი სიტყვით, შემდეგნაირად დამთავრდა: “თქვენ ან სამ წუთში მოუსვამთ აქედან, ან პოლიციას გამოვიძახებო,” უთქვამს მოთმინებადაკარგულ მასპინძელს.

ალბანეთში, სადაც მოსახლეობის 70 პროცენტს მუსლიმანებიშეადგენენ, 20-ს მართლმადიდებლები და 10-ს კათოლიკეები, სხვადასხვა რელიგიის მიმდევართ ტრადიციულად ტოლერანტულად ეკიდებიან. როგორც ერთმა სკოლის მასწავლებელმა, ლეილა კრუჟამ აღნიშნა, ის მიესალმება ნებისმიერი მისიონერის ვიზიტს. მისი თქმით, თუმცა რელიგიის საკითხი მას არ აინტერესებს ის ყველას იღებს. ბავშვებს ინგლისურად ლაპარაკის საშუალება ეძლევათო.

ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს რელიგიურ საქმეთა დირექტორატის ყოფილი უფროსი ივან მატანოვი ამბობს, რომ მისიონერები. ბულგარეთში მთავრობაზე მეტად მოსახლეობას აღიზიანებენ. “ისინი მოდიან მოუმზადებლად, ქვეყანის შესახებ საკმარისი ცოდნის გარეშე და იწყებენ თავიანთი მრწამსის საკმაოდ აგრესიული ფორმით ქადაგებას, რასაც, ცხადია, მოსახლეობის უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.”

ზოგიერთი ჯგუფი, მაგალითად, ხსნის არმიის წარმომადგენლები უსახლკაროებს თავშესაფარს სთავაზობენ, აპურებენ მშივრებს და ეხმარებიან მოხუცებს. რელიგიურ მხარეს კი თითქმის არ ეხებიან.

აქვე უნდა ითქვას, რომ საჭიროა განვასხვავოთ ორი შემთხვევა: როცა რელიგიური ორგანიზაცები ჩადიან რეგიონში, სადაც უკვე არიან მათი მიმდევრები და მათ ელიან და ეპატიჟებიან იქ, ან როცა ისინი შედიან რეგიონში საკუთარი ინიციატივით.

მაგალითად კათოლიკე მღვდლები მუშაობენ ციმბირში ან კავკასიაში, სადაც უწინ არსებობდა კათოლიკური მრევლი. მიუხედავად ამისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ნებისმიერ კათოლიკურ მისიონერს გაღიზიანებით ეკიდება.

მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის ურთიერთობებზე ჩვენს რადიოს ესაუბრა მოსკოვის საპატრიარქოს პრესმიდივანი იგორ ვიჟანოვი.

მისი თქმით, ამ ეკლესიებს ერთმანეთთან ბევრი აქვთ საერთო და 70-იან და 80-იან წლებში მათ შორის თეოლოგიური დიალოგები იმართებოდა. კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურს და-ეკლესიად მოიხსენიებდა.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა მათ დაინახეს რომ არსებობს რელიგიური ვაკუუმი და რომ ახალი დემოკრატიული ინსტიტუტები რელიგიის თავისუფლებას უშვებენ, კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეიცვალა. ისინი აქ მისიონერებს აგზავნიან, ამბობს ვიჟანოვი, თითქოს წარმართები ვიყოთო.

საგანგებოდ აღსანიშნავია განსხვავება ჭეშმარიტ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ისეთებს შორის, რომელთა რელიგიურობა ეჭვს იწვევს. ასეთია, მაგალითად, “საინტოლოჯის ეკლესია”, რომელსაც ბევრი რელიგიის ნიღაბქვეშ ამოფარებულ ფულისმკეთებულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მუსლიმანურ სამყაროშიც არიან ისლამის განსაკუთრებული სტილის უცხო მქადაგებლები, რომელთა მიმართ ეჭვები გამართლებულად გამოიყურება. ამ კონტექსტში, ბრიტანელ ექსპერტს ფელიქს კორლეის ახსენდება ირანი, რომლის მისიონერები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობათა აზრით, პოლიტიკურ, და არა რელიგიურ მიზნებს ახორციელებენ.

ზოგჯერ ზოგიერთი მთავრობა და ორგანიზაცია ნაკლებად ცნობილ მომცრო რელიგიურ ჯგუფებს დამამცირებლად “კულტებად” და “სექტებად” მოიხსენიებენ. როგორც კორლეი აღნიშნავს, უმრავლეს ექსპერტთა აზრით, უფრო სწორია, მათ “რელიგიური ჯგუფი” ვუწოდოთ.
XS
SM
MD
LG