Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა გერმანიის უშიშროების ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ”ალ ყაიდის” წევრებს ევროპაში აქვთ განზრახული ტერორისტული თავდასხმების მოწყობა.



ცნობა იმის შესახებ, რომ გერმანიაში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი, გასულ კვირაში გამოქვეყნდა ქვეყნის საშინაო უშიშროების უწყების ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში. მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ოტო შილიმ განაცხადა, რომ გასულ წელს, ისლამისტ ექსტრემისტთა სულ ცოტა 12 ჯგუფი მოქმედებდა გერმანიაში.

შილის თქმით, ამ ჯგუფებს გერმანიაში 3000-ზე მეტი მომხრე ჰყავს. ჰაინც ფრომმა, რომელიც კონსტიტუციის დაცვის უწყებას ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხსენებული ჯგუფები ”მეტად სერიოზულ საფრთხეს” წარმოადგენენ, ვინაიდან ზოგიერთი მათგანი, ”ჩვენი ვარაუდით, ალ-ყაიდასთან უნდა იყოს დაკავშირებულიო”.

ოტო შილიმ განაცხადა, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებები გერმანიასთან ერთად ევროკავშირის ყველა წევრებსაც უქმნიან საფრთხეს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ამასთანავე, რომ არ გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტერორისტული თავდასხმა უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი: [ოტო შილის ხმა] ”ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს, გერმანიასაც შეექმნა ტერორისტული თავდასხმის საფრთხე. თუმცა, არ გაგვაჩნია კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდასხმა ახლო მომავალში მოხდება.”

გერმანიის რამდენიმე გაზეთმა გასულ კვირაში გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” 30-კაციანმა ჯგუფმა, როგორც ჩანს ევროპაში მოახერხა ჩამოსვლა და ტერაქტების განსახორციელებლად ემზადება. ოტო შილის თქმით, ყველასათვის კარგადაა ცნობილი ის ფაქტი, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ავღანელი ლტოლვილები ჩაიყვანეს არალეგალურად ევროპაში, რისთვისაც გასამრჯელო მიიღეს, მაგრამ ამ ლტოლვილთა კავშირები ”ალ-ყაიდასთანა” და თალიბანთან არ დადასტურებულა. ოტო შილიმ განაცხადა აგრეთვე, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებების გარდა გერმანიის ხელისუფლებას თავსატკივარი გაუჩინა ქვეყანაში მოქმედმა თურქულმა ორგანიზაციამ ”მილი გიურუშმა”, ანუ ეროვნულმა თვალთახედვამ, რომელიც 27 500-მდე წევრს აერთიანებს და მიზნად აქვს დასახული, შარიათის კანონები მოახვიოს თავს გერმანიაში მცხოვრებ მუსულმანებს.

ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიუნტერ ბეკშტაინმა, პრესკონფერენციაზე მიუნხენში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ქვეყანაში ”მილი გიურუშის” ყოფნით და მოუწოდა ფედერალურ მთავრობას კანონგარეშედ გამოაცხადოს ეს ორგანიზაცია.

”ალ-ყაიდის” მხრიდან ახალი ტერაქტების მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ოფიციალური განცხადებები გასულ კვირაში შეერთებულ შტატებშიც გაკეთდა. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, საკითხავი მხოლოდ ის არის, როდის მოხდება მორიგი ტერაქტი.
XS
SM
MD
LG