Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-რუსეთის საბჭოს დაარსება


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, 28 მაისს, რომის სამხრეთით მდებარე პრატიკა დი მარეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ხელმოწერილ იქნა შეთნხმება ნატო-რუსეთის ახალი საბჭოს დაარსების შესახებ.

ამდენად, ნახევარსაუკუნოვან მტრობას ნატოსა და მოსკოვს შორის ბოლო მოეღო და ამიერიდან იგი, როგორც მიმომხილველები იმედოვნებენ, თანამშრომლობით შეიცვლება.

ნატოს 19 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, მიულოცეს სამიტზე მიწვეულ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მისი ქვეყნის სრულუფლებიანი გაწევრიანება ახალ საბჭოში. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა აღნიშნა, ახალი საბჭოს დაარსებასთან ერთად დაინგრა უნდობლობის ის კედელი, თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე რომ ჰყოფდა ორად აღმოსავლეთსა და დასავლეთს: [ჯორჯ რობერტსონის ხმა] ”ჩვენ, დღეს აქ შეკრებილნი, წარმომადგენლები ვართ იმ ძალებისა, ორი თაობის მანძილზე რომ ჰყოფდა და ასუსტებდა ამ კონტინენტს, და ყოველი ადამიანისთვის, ვინც
სასოწარკვეთილი იყო გაჭიანურებული ცივი ომის გამო, ეს შეკრება უკეთესი მომავლის საწინდარია”.

ახალ საბჭოში რუსეთი, ნატოს წევრ-ქვეყნებთან ერთად თანაბარი ხმის უფლებით ისარგებლებს მრავალი, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების, სამშვიდობო ოპერაციების მომზადებასა და უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.

მაგრამ, როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონ ბლერი აღნიშნავს ხაზგასმით იტალიის გაზეთ ”კორიერა დელლა სერას” პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, უშიშროებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რუსეთს, ახალ საბჭოში, არ ექნება ვეტოს დადების უფლება. საბჭო, სულ ცოტა თვეში ერთხელ შეიკრიბება ელჩების დონეზე, ხოლო მოსამზადებელი კომიტეტის შეხვედრები, სულ ცოტა თვეში ორჯერ მოხდება.

პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ახალმა საბჭომ არ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები, როცა დიდი სახელმწიფოები ფეხს ითრევდნენ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალთა გასაერთიანებლად. ”ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, კაცობრიობრიობას ათეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა პოლიტიკოსთა კრიმინალური სიბეცე და პასიურობა საერთო მტრის წინააღმდეგ ძალთა გაერთიანების საქმეში. დღეს ჩვენ, ასეთივე ისტორიული მნიშვნელობის ამოცანას დავუპირისპირდით”-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავად რუსეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ცნობას ნატო-რუსეთის ახალი საბჭოს დაარსების შესახებ. ”ნეზავისიმაია გაზეტა” ამ ცნობას ასეთი კომენტარით გამოეხმაურა: ”რუსეთის ურთიერთობა ალიანსთან, თუნდაც ეგრეთ წოდებული ”ოცის” ფორმატში, სამარცხვინოდ გამოიყურება.” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავინდებურად წინააღმდეგია ნატოს გაფართოებისა.
XS
SM
MD
LG