Accessibility links

logo-print

მოლაპარაკებები აფხაზეთის საკითხზე


სოზარ სუბელიანი, თბილისი 28 მაისს მოსკოვში დაიწყო ორდღიანი წინასწარი კონსულტაციები, რომლებიც 30 მაისს დსთ-წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით დასრულდება.

ქართული მხარისთვის ამ შეხვედრებზე, ტრადიციულად, ყველაზე აქტუალური საკითხი აფხაზეთის პრობლემაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე საქართველო კატეგორიულად დააყენებს საკითხს, რომ თვისებრივად შეიცვალოს კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების მანდატი.

ლაპარაკი იმ ცვლილებებზე, რომელთა გატარებასაც საქართველო ითხოვს, 7-8 მაისს თბილისში გამართული კონსულტაციების დროს დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის კახა სიხარულიძის თქმით, წინადადებები, რომელთა რეალიზაციასაც ამ ეტაპზე ქართული მხარე ითხოვს, შემდეგია: [კახა სიხარულიძის ხმა] “გალის რაიონის ძველ ფარგლებში აღდგეს უსაფრთხოების ზონა, ანუ გაიზარდოს უსაფრთხოების ზონის ფარგლები, გალის რაიონში შეიქმნას ზედმიწევნითი უსაფრთხოების ზონა, მძიმე შეიარაღების საზღვარი გადაწეული იყოს მდინარე მოქვისკენ, რაც უფრო სიღრმეშია კონფლიქტის ზონაში და, ამის გარდა, ქართულმა მხარემ დაიწყოს საუბარი კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ადმინისტრაციის შექმნაზე.”[სტილი დაცულია]

როგორც უკვე ცნობილი გახდა, აფხაზური მხარე კატეგორიულად აპროტესტებს ამგვარ ცვლილებებს და ყველანაირად აბრკოლებს, ეგრეთ წოდებული, “ბოდენის დოკუმენტის” განხილვის დაწყებას, – დოკუმენტისა, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნას ცენტრსა და რეგიონს შორის. კახა სიხარულიძის თქმით, აფხაზური მხარე ყველანაირად ცდილობს გამოიყენოს კოდორის ხეობა იმისთვის, რომ გააჭიანუროს ხსენებული დოკუმენტის განხილვა: [კახა სიხარულიძის ხმა] “პირველი რეაქციები აფხაზეთის მხრიდან – მე ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულ, ხელისუფლებას – უკვე არის: მათთვის მიუღებელია ეს წინადადებები, ისევე როგორც მათთვის მიუღებელია ნებისმიერი მოლაპარაკება, ნებისმიერი პოლიტიკური მეთოდი. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი: დავიწყოთ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა გამიჯვნის დოკუმენტზე მუშაობა, კოდორის თემა ამოვიღოთ დღის წესრიგიდან, როგორც ამ პროცესის შემაფერხებელი, და მეორე: საქმიანობა დსთ-ს ეგიდით სამშვიდობო ძალებისა არის მიუღებელი ჩვენთვის და ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ მათთვის მანდატის გაგრძელება, თუკი რაიმე რეალური ცვლილება არ მოხდება”.

იმ დროს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შესაძლო შეწყვეტაზე საუბრობს, საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების ხელმძღვანელებმა ახალი განცხადებები გააკეთეს. ახალქალაქის ბაზის სარდალმა, გენერალ-მაიორმა სერგეი პაგოდინმა 28 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის 62-ე ბაზის გაყვანას, მინიმუმ, 8-9 წელი სჭირდება და ქართული მხარის მიერ შეთავაზებული 3 წელი სრულებით არ არის საკმარისი, ხოლო აჭარაში დისლოცირებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის სარდალი, გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ბორისოვი აცხადებს, რომ ხსენებული ბაზის გასაყვანად, დაახლოებით, 12 წელია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ბაზების გაყვანის ვალდებულება 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე აიღო. წლევანდელი 28 მაისის რომის ფორუმის გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგადაც ნატოსთან რუსეთის ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, შეიძლება რუსეთს დააჩქარებინოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რასაც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსი გენერლები.
XS
SM
MD
LG