Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი ცვლილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონში


მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელმაც მთავრობის სხდომის მოწონება წინა კვირას უკვე დაიმსახურა, ექსპერტები პატრიოტულს უწოდებენ.

საუბარია ხსენებული კანონის მე-6 მუხლზე, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს მომხმარებლისთვის იმპორტირებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდებას.

თუკი ხსენებული ცვლილების პროექტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობას არ წააწყდება და დამტკიცდება, მაშინ ის ძალაში, როგორც გათვალისწინებულია, 2002 წლის 1 ნოემბრიდან შევა. და სწორედ ამ დღის შემდეგ იმპორტირებულ კვების პროდუქტებზე, პარფიუმერულ ნაწარმსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მომხმარებელი ქართულენოვან ინფორმაციას უკვე კანონის ძალით მოითხოვს. რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწარმს, აქ ლოდინი 2003 წლის 1 იანვრამდე მოგვიწევს.

ცვლილების პროექტის ავტორი, საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური, განმარტავს, რომ მომხმარებელს ქართულ ენაზე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია: პროდუქციის დასახელების, შემადგენლობის, წონის ან მოცულობის, დამამზადებლის, საქონლის ვარგისიანობის ვადების, შენახვის პირობების, პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების, მოხმარების წესებისა თუ სტანდარტთან მისი შესაბამისობის შესახებ. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმის შესახებ, რაც მომხმარებელს პროდუქციის ყიდვის დროს აბსოლუტურად ლოგიკურად აინტერესებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ქართულენოვანი ინფორმაცია უნდა განთავსდეს ეტიკეტზე, კოლოფზე ანდა მყიდველს წარმოებაში დაშვებული ნებისმიერი სხვა წესით უნდა მიეწოდოს. ანტიმონოპოლიური სამსახური მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, მეწარმე საკმაოდ დიდი არჩევანის წინაშე დგას და მას, წესით, სირთულეები არ უნდა შეექმნას. თუმცა ამას ჯერჯერობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახსნა-განმარტებების სრულიად გაუგებარ, უცხო ენაზე დართვისას მყიდველი ბრმად, ანუ ალალბედზე, ირჩევს ამა თუ იმ პროდუქციას, რასაც სამწუხაროდ, არაერთხელ მოჰყოლია სავალალო შედეგი. ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი არმაზ თავაძე აცხადებს, რომ ირანულ გაზის გამათბობლებთან დაკავშირებული ტრაგიკული ისტორიები უპირატესად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მომხმარებელი მათი ექსპლუატაციის შესახებ (ენობრივი ბარიერის გამო) სათანადოდ ინფორმირებული არ იყო.

აუცილებელია ვიცოდეთ – რას ვყიდულობთ... გამყიდველის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაცია საკმარისი არ არის... მით უფრო, რომ ასეთი ინფორმაცია ხშირად მცდარიც გამომდგარა – დაახლოებით, ასეთი აზრი გამოთქვა ჩემთან მოსაუბრე უკლებლივ ყველა რესპონდენტმა და ეს გასაგებიც არის.

“ეს ცვლილება საქართველოს სახელმწიფოებრიობის პატივისცემაა. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია საკუთარ ენაზე ეცნობიან გასაყიდი პროდუქციის რაობას და ეს ჩვენთანაც აუცილებლად ასე უნდა იყოს. ეს კანონი მხოლოდ იმ ქვეყნებში არ მუშაობს, რომლებიც ბანანის რესპუბლიკებად იწოდებიან,” – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

ცხადია, საქართველოს ბანანის რესპუბლიკობა სრულებითაც არ სურს და ის ამ კანონის დამკვიდრებას უკვე ცდილობს. თეორიულად ყველაფერი გასაგები და მისაღებია. თუმცა ახლა მთავარია, მომხმარებელთა უფლებები ისე დავიცვათ, რომ ამით მეწარმეთა უფლებები არ დავარღვიოთ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG