Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის ფესტივალის “ოქროს პალმის რტო” – ქართულ კინოსკოლას


“რადიო თავისუფლებამ” უკვე გიამბოთ კანის 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატების შესახებ. თუმცა ქართველ კინოს მოყვარულებს შორის ბევრმა არ იცის, რომ კანის წლევანდელი,

საიუბილეო, კინოფორუმის ერთ-ერთი მთავარი პრიზი, “ოქროს პალმის რტო,” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის გადაეცა უნგრელ რეჟისორ პეტერ მესაროშს, რომელიც თბილისის შოთა რუსთაველის
სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.
გესაურებით ქართული კინოსკოლის ამ გამარჯვების შესახებ.

26 მაისს თბილისელმა კინოს მოყვარულებმა პირდაპირ ეთერში იხილეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ახალი ლაურეატების დაჯილდოება. ქართველი კინემატოგრაფისტების გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა, ცერემონიალის დაწყებისთანავე, ეგრეთ წოდებული, “მცირე პალმის რტო” გადასცეს უნგრელ პეტერ მესაროშს ფილმისათვის “წვიმის შემდეგ”. თანაც, ვინ გადასცა – თავად მარტინ სკორსეზემ, რომელიც, ირანელ კინორეჟისორ აბას ქიოროსთამისა და ბრიტანელ მსახიობ ტილდა სვინტონთან ერთად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრი იყო. მართალია, ჩვენი საზოგადოებისთვის, უბრალოდ, კინოს მოყვარულებისთვის უცნობია პეტერ მესაროშის სახელი, ახალგაზრდა უნგრელ რეჟისორს კარგად იცნობენ ქართველი კინემატოგრაფისტები: პეტერი ხომ თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, გელა კანდელაკის მოწაფე, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 1992 წელს ბუდაპეშტიდან დაურეკა თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორს, გოგი დოლიძეს, უთხრა: “ქართული კინო მიყვარს, შეიძლება თქვენს ინსტიტუტში ვისწავლოო?”... მერე კი, როცა მოწვევა მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა, ორ წელიწადში ბრწყინვალედ ისწავლა ქართული და გელა კანდელაკის სტუდია “კვალში” დაასრულა შვიდწუთიანი სადიპლომო სურათი “ვაშლები წვიმაში” – პოეზიისა და კინოს საინტერესო დიალოგი… ამას სრულმეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა – ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკოს” ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს თავად პიტერ მესაროში ასრულებდა, დანარჩენ როლებში კი ქართველი მსახიობები ვიხილეთ. “ვანო და ნიკო” პირველად ბუდაპეშტის კინოფესტივალზე უჩვენეს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით... კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ პეტერ მესაროში თავის თავს უკეთ ავლენს მოკლემეტრაჟიან ფილმებში და მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი ლაკონიურობა და მეტაფორული აზროვნება სწორედ კინომინიატურებში წარმოჩნდება. ახალგაზრდა რეჟისორმა, ეტყობა, გაითვალისწინა კინოკრიტიკოსების შენიშვნები და ისევ მოკლემეტრაჟიან კინოს დაუბრუნდა... დაუბრუნდა წვიმას... გადაიღო, როგორც ამბობენ, ძალიან სევდიანი ისტორია, რომლითაც კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრთა გულები მოიგო. ფესტივალის ბუკლეტში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ პეტერ მესაროში თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “გარდაცვლილი” ქართული კინოს “რეანიმაციას” ახლა უკვე უცხოელები ცდილობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG