Accessibility links

logo-print

რა ენაზე მეტყველებს ხელისუფლება არჩევნების წინ


დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში საარჩევნო პროცესი ისე მიდის, რომ მის მთავარ პერსონაჟად ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იქცა. სააკაშვილს, მეხუთე წელია, პოპულარობა არ აკლია,

მაგრამ მასმედიაში მისი გამოჩენა ამ დღეებში მაინც მეტისმეტად გახშირდა. მან ყველას დაასწრო და დაიკავა არა კონკურენტი პარტიების, არა მარტო ზოგადად, ხელისუფლების, არამედ ქვეყნის პირველი პირისადმი ყველაზე შეურიგებელი პოზიცია. ხელისუფლებამ, ვფიქრობ, შეცდომა დაუშვა, როცა სააკაშვილს ამ თამაშში აჰყვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს სააკაშვილისადმი მიმართული გამოსვლებიდან, რომელთა ლექსიკა, საეჭვოა, ღირსებას ჰმატებდეს ხელისუფლებას.
“თბილისელებო! თუ გსურთ, იცხოვროთ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, წყლის, ბუნებრივი გაზის, შუქის გარეშე, თუ გინდათ, გაწვიმოთ და გათოვოთ საკუთარ ბინაში, აუცილებლად მიეცით ხმა ნაციონალურ მოძრაობას და შეეგუეთ იმ აზრსაც, რომ პირველი ნაციონალისტის მიერ აღებული ვალები თქვენი შვილებისა და, ალბათ, უფრო თქვენი შვილიშვილების გადასახდელი იქნება.
მიზანი ამართლებს საშუალებას?! ვითომ შეიძლება ამით თავის მოწონება? თუკი ბინძური მიზანი გაგიხდია ამძრავად, მაშინ შეიძლება. იმ ბინძურ ხერხებს ვგულისხმობ, არსაიდან მოსული ლიდერები რომ ცდილობენ ერთა შორის შუღლისა და დაპირისპირების ჩამოგდებას. არ მინდა ამ თემის განვრცობა, ეს სიბინძურე მისმა ლეკვებმა ალოკონ.
მხარი მოსტეხა საქართველოს პროვინციულმა ფაშიზმმა - აფხაზეთი დაგვაკარგვინა (დროებით!), ახლა თავს გვჭრის ცრუინტელექტუალური ფაშიზმი.
მომიტევონ ჭეშმარიტმა ინტელექტუალებმა, არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ სწორედ მათი პასიურობა აძლევს ასპარეზს ამ ჩაგრანტულებსა თუ გამოგრანტებულებს.
ამიტომაც მიაჭენებენ და მიაჭენებენ.
საქართველოში არ სურთ სააკაშვილის ნაციონალიზმი, რომელიც მიხაკისფერია შიგნიდანაც და გარედანაც.
მიხეილ სააკაშვილი თინეიჯერი, ანუ ჩამოუყალიბებელი, გაუთვითცნობიერებელი მოზარდია ქართულ პოლიტიკაში, დროსა და სივრცეში ვეღარ ერკვევა, უფსკრულის პირას ჭვავის ყანაში თამაშობს და ამ თამაშში ქვეყნის ძნელბედობით გატანჯული თბილისის მოსახლეობის ჩათრევასაც ცდილობს. მაღალია ჭვავის ყანა და თინეიჯერი - მოზარდი მიშა - ვერ ხედავს, თუ რა ახლოსაა უფსკრულთან”...
ყველა ეს სიტყვა ამოკრეფილია ოფიციალური პრესიდან. ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ფიგურა, რომლის მოქმედებაზეც ხელისუფლება ძალიან მწვავედ რეაგირებს და ამით კარგ სამსახურს უწევს, მიხეილ სააკაშვილია. ამ პოლიტიკოსის მეტყველება გაჯერებულია უკიდურესად მძაფრი შესიტყვებებით, რომელთა გამოყენებაში, შეიძლება ითქვას, ვერავინ შეედრება. რიტორიკის დონეზე სააკაშვილი, მართლაც, რადიკალია და ვერბალურ რადიკალიზმში მასთან შეჯიბრი არ ღირს. ხელისუფლება კი ჯიუტად ცდილობს დაპირისპირებაში მას ამ ასპარეზზეც აჰყვეს. ძნელი სარწმუნოა, რომ ყველა შემთხვევაში ეს შევარდნაძის მითითებით კეთდებოდეს - შევარდნაძისა, რომელსაც არაერთხელ უჩვენებია, რა იარაღია ოპონენტთა იგნორირება პოლიტიკური ბრძოლისას. მაგრამ, პოეტისა არ იყოს, ეს ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანია...
XS
SM
MD
LG