Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპრომატები თბილისის მერის წინააღმდეგ


უკანასკნელ ხანს თბილისის მერის ვანო ზოდელავას მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს სულ უფრო სისტემატური ხასიათი ეძლევა.

შესაძლოა, დედაქალაქის თვითმმართველობისათვის წარმოებული წინასაარჩევნო მარათონი საამისოდ შესაფერისი ფონია, მაგრამ, მეორე მხრივ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. 29 მაისს, მაგალითად, თბილისის საკრებულოში ვანო ზოდელავას წინააღმდეგ გამოთქმულ უმძიმეს ბრალდებებს შესაბამისი ულტიმატუმიც მოჰყვა: თუ არჩევნებამდე იგი თავისი ნებით არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან, არჩევნების შემდეგ მას არათუ თავის სამუშაო კაბინეტში, მერიის შენობაშიც კი არ შეუშვებენ.

თბილისის მერის ვანო ზოდელავას მისამართით გამოთქმული ულტიმატუმის ავტორია თბილისის საკრებულოს ფრაქცია “აღორძინების” წევრი ჯონდი ბაღათურია, რომელიც, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ბრალდებების უარყოფაზე წინასწარი რეაგირების მიზნით, მაკომპრომეტირებელი დოკუმენტების მთელი დასტით წარდგა ჟურნალისტების წინაშე. საქმე ეხება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გაზის გამოთიშვის პრობლემასა და მასთან დაკავშირებულ კორუმპირებულ პირამიდას, რომლის თავშიც, ჯონდი ბაღათურიას თქმით, თბილისის მერი ივანე ზოდელავაა. იგულისხმება, ერთი მხრივ, გაზის საფასურის გადაუხდელობის მოტივით, “თბილგაზის” ხელოვნურად გაკოტრების მცდელობა, გაზის საფასურის გაზრდის, ინვესტორის შემოყვანისა და წილში ჩაჯდომის მიზნით. უფრო მძიმეა ბრალდება, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერს, ბიუჯეტიდან “იტერასათვის” თანხის გადახდა თავისი კერძო ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიაჩნია და ამიტომ მექანიკურად და აუღელვებლად უთიშავს გაზს ათასობით თბილისელს.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა]“თბილისის ბიუჯეტიდან იტერასათვის გადახდილი ფულიდან ატკატი ვერ ბრუნდება.იცით ატკატი რა არის? ანუ ქეში. “[სტილი დაცულია]
ჯონდი ბაღათურია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში ქეშის მოძრაობის შემდეგ სქემას ხატავს: თბილისის მერი, ნათესავებთან და საქალაქო სამსახურების ზოგიერთ ხელმძღვანელთან ერთად, თბილისის ბიუჯეტიდან ჩუმ-ჩუმად ფულის კეთების მიზნით, უხმაუროდ, ზედმეტი რეკლამირების გარეშე, ქმნის “თბილბიზნესბანკს”, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, 36 პროცენტიან კრედიტებს გასცემს. ბანკში ქალაქის მერიის სამსახურების კაპიტალია ჩადებული, ანუ უხეშად, ამ ბანკის დამფუძნებლები, ქალაქის მერთან ერთად, კრედიტს საკუთარი თავისგან იღებენ.
[ჯონდი ბაღათურიას ხმა]“ მიდიხარ შენსავე ბანკში და იღებ 36 პროცენტიან კრედიტს. ამ 36 პროცენტის მერე იწყება ქეშები და ატკატები, გამიგეთ. 36 პროცენტი ეს არის მთლიანად ივანე ზოდელავასი, ამის მერე მოდის ატკატი ანუ ის 10 თუ 15 პროცენტი, რომელიც უნდა დაბრუნდეს.მინიმუმ, ათი პროცენტი იყოს , თუ გინდათ.- 36 პლიუს 10, მინიმუმ, 50 პროცენტი ატკატი მოდის უკან.”[სტილი დაცულია]
აქედან კი დასკვნა, რომ თბილისის მერს დედაქალაქის ბიუჯეტის თანხები მოხმარებული გაზის საფასურში გადასახდელად არ ემეტება, პირადი გამორჩენის მიზნით.
დოკუმენტებს, რომელიც თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ შეაგროვა, ჯონდი ბაღათურია რეაგირებისათვის უახლოეს ხანში ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცემს.

დასასრულ კი, დავაზუსტებთ, რომ “თბილგაზმა” მტკვრის მარცხენა სანაპირო, ეგრეთ წოდებული, სარემონტო სამუშაოებისათვის გამოთიშა. სარემონტო სამუშაოები კი პრაქტიკულად მხოლოდ ნაძალადევის რაიონის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG