Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ევროკავშირისა და რუსეთის მეცხრე სამიტი გაიხსნა


ანდრო ეული, პრაღა 29 მაისს მოსკოვში, ევროკავშირისა და რუსეთის მეცხრე სამიტი გაიხსნა.

რუსეთის დელეგაციას ამ ფორუმზე პრეზიდენტი პუტინი მეთაურობს, ხოლო ევროკავშირისას - ამ ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი და ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი.


მიმართა რა ფორუმის მონაწილეებს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მომავალი ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის იმაზე იქნება დამუკიდებული, როგორ გადაწყდება ევროკავშირის გაფართოების შემდეგ კალინინგრადის ოლქის პრობლემა. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა ამასთანავე, რომ მას შემდეგ, რაც პოლონეთი და ლიტვა ევროკავშირში გაწევრიანდებიან, კალინინგრადელებს უნდა მიეცეს თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ამ ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ნაწილს შორის.

რომანო პროდიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი არ წავა დათმობაზე ამ საკითხში. "კალინინგრადი თვითეული ჩვენგანისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის კონტექსტში უნდა იქნეს განხილული"-განაცხადა რომანო პროდიმ. მან კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ ევროკავშირმა სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა რუსეთს, რაც თავის მხრივ მწვანე შუქს მისცემს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. მოსკოვში ევროკავშირის ახალი წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ოთხშაბათს, რომანო პროდიმ განაცხადა: [რომანო პროდის ხმა] "დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრების მიმართულებით, რუსეთი პროგრესულად ერწყმის ევროპას".

რუსეთის ექსპორტის 35 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, და მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდე გაიზრდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირს ახალი წევრები შეემატება აღმოსავლეთი ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის იმითაა გართულებული, რომ ევროპას რუსეთი ამარაგებს კვლავინდებურად ბუნებრივი აირით. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია გაზპრომს ხელოვნურადა აქვს გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასი.

როგორც მიმომხილველები ვარაუდობენ, მოსკოვში მიმდინარე ევროკავშირისა და რუსეთის სამიტზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ეწყობა, ევროკავშირის წარმომადგენლები დღის წესრიგში დააყენებენ ჩეჩნეთის პრობლემასაც, კავკასიის ამ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მიუტევებელ დარღვევებთან დაკავშირებით. ევროკავშირის ლიდერთა ზეწოლა რუსეთზე ამ საკითხში, განვლილი ორი წლის მანძილზე, უშედეგო აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG