Accessibility links

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - საქართველო მსოფლიოს ნაწილი


თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე, 31 მაისი, წელს საქართველოში ჩატარდება ეგიდით-“თამბაქოსაგან თავისუფალი სპორტი”:

ანტინიკოტინური კამპანია ერთი დღით - უფრო სწორად, ორიოდე საათით - თბილისის პარკებსა და სპორტულ დარბაზებში ორმოცდაათიოდე ახალგაზრდას გამოშლის და ამის შემდეგ, მინიმუმ, ერთი წლით, მომავალ 31 მაისამდე, მწეველებიც და არამწეველებიც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან. კამპანიურობა მავნე ჩვევის წინააღმდეგ, საერთოდ , ამ ჩვევის დაძლევის ქმედით საშუალებად არ არის მიჩნეული და ეს თამბაქოს მოხმარების იმ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომელზეც ქვემოთ გესაუბრებით.

თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 12-15 ათასი მწეველი იღუპება. უშუალოდ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით სიკვდილიანობის აბსოლუტური მაჩვენებელი 7-9 ათასის ფარგლებში მერყეობს. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ამგვარი პათოლოგიების 27 პროცენტი სწორედ თამბაქოს მოხმარების შედეგია. ანალოგიურ მონაცემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ფილტვის დაავადებათა შემთხვევაშიც: ფილტვის კიბოს 91 პროცენტი კაცებში, 70 კი - ქალებში სწორედ თამბაქოს მოხმარებითაა განპირობებული. არასახარბიელო პროგნოზით, თუ საქართველოში, თამბაქოს მოხმარების მხრივ, არსებული სიტუაცია შენარჩუნდა, ამჟამად 19 წლამდე ასაკის მოქალაქეთა თითქმის ნახევარი 35-50 წლის ასაკში დაიღუპება, უახლოესი 5 წლის განმავლობაში კი ორსულობის პათოლოგიებისა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევები 3-ჯერ მოიმატებს. პროგნოზი არ გამართლდება იმ შემთხვევაში, თუ თამბაქოს მოხმარება ქვეყანაში არსებული სოციალური ნიჰილიზმის უშუალო შედეგი არ იქნება და, ქვეყნის სოციალური გაჯანსაღების პარალელურად, თუკი ამგვარი რამ ოდესმე მოხდა,
საზოგადოებრივი კულტურაც ამაღლდება. ჯერჯერობით ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეგვიძლია მივიჩნიოთ, თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრისა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, 30 მაისს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსის დაფუძნება. ალიანსი, აღიარებს რა, თამბაქოს მოხმარების მხრივ, საქართველოში შექმნილ ურთულეს მდგომარეობას, თავის მოვალეობად მიიჩნევს თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ნორმატიული აქტებისა და პრეზიდენტის ბრძანებულებების შესრულებაზე მონიტორინგს და პარლამენტის მიერ “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის მიღების უზრუნველყოფას.
ალიანსი ასევე გეგმავს დანერგოს თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირების ეფექტური საშუალებები და შექმნას მძლავრი კერები, რომლებიც მწეველებს დაეხმარებიან და თამბაქოზე უარის თქმას გაუადვილებენ. -კონკრეტული კერების გამოჩენამდე, ცხადია, ეს ზოგადი ფრაზებია, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვის სამინიტროში ირწმუნებიან, რომ ნებისმიერი საჯარო დეკლარაცია კონკრეტიკას ეფუძნება,კერძოდ, შესაბამისი სტრუქტურები საქართველოში აქტიურად მუშაობენ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ჩარჩო კონვენციის დახვეწასა და სრულყოფაზე, რისთვისაც გასული წლიდან დღემდე მათ სხვადასხვა დონის 5 საერთაშორისო კონფერენციასა თუ სამუშაო თათბირში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, საქართველო უკვე მიუერთდა მიმდინარე წლის თებერვალში ვარშავაში მიღებულ დეკლარაციას-“ევროპა თამბაქოს გარეშე”.

მოკლედ, “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” 31 მაისს არც საქართველოს აუვლის გვერდს: ანტინიკოტინური ღონისძიებები თბილისში დღეს დილიდანვე დაიწყება.
XS
SM
MD
LG