Accessibility links

კარდიოქირურგი ლადო ალექსი-მესხიშვილი თბილისში


სამი კვირის განმავლობაში თბილისში სტუმრად იმყოფებოდა ბერლინის გულის ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, კარდიოქირურგი ლადო ალექსი- მესხიშვილი,

რომელიც 12 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი დედისა და ახლობლების მონახულება იყო, იგი სიამოვნებით შეხვდა თბილისის სამედიცინო წრეებსაც. ამ შეხვედრების შემდეგ ლადო ალექსი-მესხიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში მედიცინა ყოველწლიურ პროგრესს განიცდის, როგორც ტექნიკურ-საინფორმაციო, ისე პროფესიონალური დაოსტატების მხრივ. ასეა ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში, სადაც თავად ლადო ალექსი-,მესხიშვილი მოღვაწეობს.

ლადო ალექსი-მესხიშვილის 30 წლიანი ქირურგიული პრაქტიკიდან დიდი წილი მოდის რუსეთზე, სადაც იგი გერმანიაში წასვლამდე მუშაობდა. შესაბამისად, მისთვის კარგადაა ცნობილი რა კრახითაც დამთავრდა საბჭოთა პერიოდში საქართველოში კარდიოქირურგიის განვითარების ყველა უმნიშვნელო მცდელობა, - განსაკუთრებით, ბავშვთა ქირურგიაში. მისთვის, ცხადია, ასევე კარგადაა ცნობილი, რომ, კარდიოოპერაციების მეტისმეტი სიძვირის გამო, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გაცილებით პრიორიტეტულია დარგი ადგილზე განვითარდეს. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოსა და მისი ტიპის ქვეყნებს, რომელთა წლიური ბიუჯეტი გულით ავადმყოფთა საზღვარგარეთის კლინიკებში ოპერირებას ნამდვილად არ ეყოფა. სწორედ ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, ბატონმა ალექსი მესხიშვილმა ერთიორად მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს კარდიოქირურგიის განვითარებაში არსებული მიღწევები და პერსპექტივები, რომელთა დახვეწაში თავადაც აპირებს მონაწილეობის მიოღებას. შესაბამისად, ქართველ კარდიოქირურგებთან ლადო ალექსი-მესხიშვილის შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის კონტურებიც მოიხაზა: საუბარია გერმანიაში მოღვაწე გამოცდილი და თანამედროვე მიღწევებში გაცნობიერებული პრაქტიკოსი ქირურგის თეორიულ კონსულტაციებზე, რომელსაც ის, საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერის საშუალებით სისტემატურად განახორციელებს;
[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]“ მე ვთვლი, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება ესეთი რაღაც თეორიული დახმარებით, რომ ავადმყოფების გარჩევით, მძიმე შემთხვევების და გაურკვეველი სიტუაციების გაანალიზებით და ასე შემდეგ და არა იმითი, რომ მოხვიდე და სამი ოპერაცია გააკეთო. ეს ცოტა რამეს მისცემს, ეს ყველას შეუძლია. მთავარია იყოს უშუალო, მუდმივი კონტაქტი. ეს კონტაქტი უნდა იყოს დამყარებული იმაზე, რომ აქაურმა მხარემ შესძლოს იმ ცოდნის გამოყენება და მიღება, რომელიც დაგროვილია, დავუშვათ, იგივე ჩვენთან”.[სტილი დაცულია]
როგორც გაირკვა, ღუდუშაურის მშენებარე კლინიკაში, დისტანციური სამედიცინო-კოორდინაციული კონტაქტების განსახორციელებლად, სპეციალური მონიტორი დამონტაჟდება. ბერლინის გულის ცენტრი, ჩვენი თანამემამულე ლადო-ალექსი მესხიშვილის სახით, პრაქტიკულად, უკვე მოიაზრება ამ კონტაქტებში.
[ლადო ალექსი-მესხიშვილის ხმა]“ბერლინში, გულის ცენტრში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპაში, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დიდ რაოდენობას სხვადასხვანაირ ოპერაციებს, ყველას, რაც არსებობს გულის და სისხლძარღვების პათოლოგიის დროს ახალშობილებში , ბავშვებში, მოზრდილებში, მოხუცებში. დიდი პროგრამა გვაქვს ხელოვნური გულის, დაახლოებით, 500 შემთხვევა გვაქვს ასეთი ბავშვებში, ხელოვნური გულის პროგრამა, გულის გადანერგვის პროგრამა. ” [სტილი დაცულია]
ლადო ალექსი-მესხიშვილი ბერლინში 31 მაისს გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG