Accessibility links

logo-print

მინისტრების პასუხისმგებლობა


"მინისტრთა პასუხისმგებლობა" - სწორედ ასე ჰქვია მცირე მოცულობის წერილს, რომელიც ავტორმა 1906 წლით დაათარიღა.

წერილი განიხილავს მინისტრების პასუხისმგებლობის ორ მოდელს და მისი ავტორია ქართველი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი.

მიხეილ ჯავახიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ ადვილად დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე ქართული პოლიტიკა მსოფლიო პოლიტიკას, სულ მცირე, ასი წლით ჩამორჩა. 1906 წლით დათარიღებულ წერილში საუბარია მინისტრების პასუხისმგებლობის ორ მოდელზე: ერთი მხრივ, პასუხისმგებლობაზე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წინაშე და, მეორე მხრივ - უშუალოდ მეფის წინაშე. აქ ნათქვამია:"მინისტრების საუკეთესო პასუხისმგებლობისთვის საჭიროა, რომ მათი პასუხისმგებლობა იყოს პოლიტიკური. ეს ხდება მხოლოდ იქ, სადაც მინისტრები პარლამენტის უმრავლესობიდან ინიშნებიან. საპარლამენტო სახელმწიფოში მეფეს ან პარლამენტს ნება არა აქვს, მინისტრები თავისი სურვილით დანიშნოს მეუმცირესთაგან ან ისეთებისგან, რომლებიც პარლამენტის წევრებად არ არიან. შემჩნეულია, რომ იქ, სადაც მინისტრები პასუხს აგებენ პარლამენტის წინაშე, მინისტრებად საუკეთესო მცოდნე და ხალხის ერთგულ კაცებს ირჩევენ. იქ კი, სადაც ასეთი პასუხისმგებლობა არ არის, მინისტრები მხოლოდ გულცივი და მშრალი ბიუროკრატები ხდებიან."

აქ თანამედროვე მკითხველი უსათუოდ შეჩერდება და იფიქრებს, რომ ასი წლის წინ ცუდი მინისტრი თურმე გულცივ და მშრალ ბიუროკრატს ნიშნავდა. თუმცა ძველი და ახალი მინისტრების მსგავსება ნათელი ხდება, როგორც კი მწერალი არასაპარლამენტო სახელმწიფოს მოწყობას განიხილავს: "ავსტრიაში, პრუსიასა და განახლებულ რუსეთში მინისტრებს ხელმწიფე ნიშნავს თავისი ნებით. ისინი შეიძლება პარლამენტის წევრნიც არ იყვნენ და, მაშასადამე, არც ხალხის ნებით იყვნენ აღჭურვილნი. ხშირად მომხდარა, რომ პარლამენტის უმეტესობას სამინისტროსთვის უნდობლობა გამოუცხადებია. მაგრამ სამინისტროს ყურიც არ გაუბერტყია და სამსახურიდან არ გასულა მხოლოდ იმიტომ, რომ მეფეს არ სურდა მათი სამსახურიდან გადაყენება! ვინ არის მინისტრების მოსამართლე? მხოლოდ მეფე და სხვა არავინ. ასეთ სახელმწიფოებში მინისტრები თავს იმართლებენ დეპუტატების შეკითხვაზე, მაგრამ, თუ გამტყუნდნენ და გაიკიცხნენ, მაინც თავისუფლად შეუძლიათ თავიანთ ადგილებზე დარჩნენ და მეფის დახმარებით წინანდელივით განაგრძონ უკანონობა და ძალმომრეობა".

მოგეხსენებათ, დღევანდელ საქართველოში მეფე არ გვყავს; აღარც უმრავლესობა გვყავს, განსაკუთრებით, ისეთი, რომელიც მინისტრებს გაკიცხავს. სამაგიეროდ, ზედმიწევნით ნაცნობია სურათი, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილი ცუდი სახელმწიფოს ნიმუშად სახავდა ჯერ კიდევ ასი წლის წინ.
XS
SM
MD
LG