Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების ფედერალური ბიურო ახალ უფლებამოსილებას იძენს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების წამყვან კანონაღმსრულებელ ორგანოს – გამოძიების ფედერალურ ბიუროს – ახალი უფლებამოსილება მიენიჭა იმასთან დაკავშირებთი,

რომ ახლა მისი მთვარი ფუნქცია ბოროტმოქმედებასთან ბრძოლა კი არა, ტერორისტული აქტების პრევენტირებაა.

სამი ათეული წლის წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ წარმოებული ფარული მეთვალყურეობა მკაცრად იყო ლიმიტირებული. მათ ეკრძალებოდათ კონტრტერორისტული გამოძიების ჩატარება განსაკუთრებით რელიგიური ჯგუფების ზონდირება, თუ არ მიიღებდნენ კარგად დასაბუთებულ ნიშნებს, რომ ფედერალური დონის ბოროტმოქმედება მზადდება. აგენტებს აგრეთვე ეკრძალებოდა დროდადრო ინტერნეტში შეჭრა.

ახალი წესების თანახმად, ბიუროს აგენტები შეიძლება გაიგზავნონ ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში. მათ შეიუძლიათ ინტერნეტის “ჩატ რუმებში” შესვლა საეჭვო საქმიანობის გამოსაძიებლად.

გამოძიების ფედერალური ბიუროს კანონაღმსრულებელი პასუხიმგებლობა ტრადიციულად ეხება შტატის იურისდიქციის საზღვრებს გარეთ ჩადენილ ბოროტმოქმედებას, როგორიცაა ბანკის გაძარცვა ან ადამიანების გატაცება. ის აგროვებს აგრეთვე ინფორმაციას, მაგრამ მხოლოდ შეერთებული შტატების შიგნით. საზღვარგარეთ ამ სამუშაოს ს ცენტრალური სამმართველო ასრულებს.

ხუთშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა რობერტ მიულერმა და მისმა შეფმა, იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი წესების შესახებ ილაპარაკეს. როგორც ეშკროფტმა აღნიშნა, დღევანდელი რეალიების გათვალისწინებთი, თუ არსებული ინფორმაცია მიუთითებს ტერორიზმზე, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოძიება აგრესიულად უნდა ჩაატაროს და საქმეში წინასწარ ჩაერიოს.

ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მიცემული ინფორმაციის შეგროვების ახალი უფლებამოსილება ფრთხილად და გონივრულად არის გააზრებული და არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ამერიკელთა სამოქალაქო უფლებებს.

[ბუშის ხმა] “ჩვენ დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს, რასაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და, თანაც, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს რისი გაკეთებაც შეგვიძლია შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ამერიკის დასაცავად. სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს გამოძიების ფედერალური ბიურო.”

მაგრამ სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები ამაში სავსებით დარწმუნებული არ არიან. ერთერთი მათგანია თავდაცვის პოლიტიკის შემსწავლელი კატოს ინსტიტუტის დირექტორი აივან ილანდი (Ivan Eland), რომელიც შიშობს, რომ ინფორმაციის შეგროვება დაიწყება არა მარტო ტერორისტების, არამედ იმ ადამიანების შესახებაც, ვინც არაფერ ცუდს არ ჩადის.
ილანდის თქმით, მას საგანგებოდ აშფოთებს ბიუროს ახალი უფლებამოსილება შეამოწმოს რელიგიური, და, განსაკუთრებით, ისლამური ჯგუფები.

მის აზრს არ იზიარებს ჯეიმს ფილიპსი, უშიშროების საკითხების შემსწავლელი ჰერიტიჟის ფონდიდან, ამობს რა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას ეროვნული კრიზისების პერიოდში საგანგებო ზომების მიღება ჰმართებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გულისხმობს სამოქალაქო უფლებების ოდნავ და ხანმოკლე შეზღუდვას. ფილიპსს არ ადარდებს აგრეთვე ახალი წესების კავშირი რელიგიურ წრეებთან.

[ფილიპსის ხმა] “არ მგონია, რომ ეს არის რელიგიის თავისუფლების ხელყოფა, პირიქით, ვფიქრობ რომ ეს ტერორისტების თავისუფლების შეკვეცაა და სწორედ ამაშია მნიშვნელოვანი განსხვავება.”

ამასთან, არც ფილიპსი და არც ილანდი არ ფიქრობენ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მიცემული ახალი უფლებამოსილება იმდენად ძირს გამოუთხრის სამოქალაქლ უფლებებს, რომ შეერთებული შტატები რეპრესიულ რეჟიმად გადაიქცევა.

მაგრამ, როგორც ილანდი ამბობს, დემოკრატია ფაქიზი რამ არის და მთავრობას არ უნდა მიეცეს მოქალაქეების ცხოვრებაში ჩარევის მეტისმეტად დიდი უფლებები.

ფილიპსი იზაიარებს ამ აზრს. ის თვლის, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილ გამოძიების ახალ წესებს უნდა მიეცეს გარკვეული ვადა, რომლის გაგრძელება უნდა მხოლოდ კონგრესს შეეძლოს.
XS
SM
MD
LG