Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთი ”ქრისჩიენ საიენს მონიტორი” საქართველოში სამხედრო პროგრამა ”წვრთნა და ეკიპირების” ამოქმედების შესახებ


როგორც ცნობილია, 27 მაისს ოფიციალურად ამოქმედდა ქართულ-ამერიკულ სამხედრო პროგრამა სახელწოდებით ”წვრთნა და ეკიპირება”.

და თუ მის შესახებ ბოლო დღეებში ჩვენი სამხედრო ექსპერტი, კობა ლიკლიკაძე გიამბობდათ, დღეს უცხოელი ჟურნალისტის თვალთახედვას გაგაცნობთ: შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გამომავალმა გაზეთმა ”ქრისჩიენ საიენს მონიტორმა” 30 მაისის ნომერში გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორია თბილისში მივლინებული ჯონ დიდრიჩი. სტატიის სათაურია: ”ამ კვირიდან მწვანებერეტიანები ცდილობენ, ქართველი ჯარისკაცები პროფესიონალებად აქციონ”.

ჯონ დიდრიჩი რამდენიმეჯერ მიუთითებს საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ამოცანის სირთულეზე. ”ამერიკელი ტრენერებისაგან, მათთვის ქართველი სამხედროების პროფესიულ დონეზე აყვანის დავალებით, საკმაოდ ბევრს მოითხოვენო”, აღნიშნავს ის სტატიის დასაწყისშივე და განმარტავს, რომ საქართველოს ჰყავს არასაკმარისად დაფინანსებული, უხეირო დისციპლინის მქონე და ასევე უხეიროდ ორგანიზებული არმია. როგორც დიდრიჩი მოგვიანებით აღნიშნავს, სარდლობის წარმომადგენლები ზოგჯერ თვითონ აღიარებენ ხოლმე, რომ არ იციან, რამდენი კაცი ჰყავთ შენაერთში, არ იციან, როგორ შეადგინონ გეგმები, როგორ გაწვრთნან ან მოამარაგონ ჯარისკაცები.

სტატიის ავტორი ეხება პროგრამის ”წვრთნა და ეკიპირება” დეტალებსაც, რომელთა უმრავლესობა – თუნდაც, პროგრამისთვის განკუთვნილი დრო (20 თვე) და თანხა (64 მილიონი დოლარი) - კარგად არის ცნობილი. მაგრამ იქვე მოყვანილია ნაკლებად გავრცელებული ინფორმაცია. მაგალითად, აღნიშნულია, რომ ამერიკულ სპეცდანიშნულების რაზმებს საქართველომდე ასეთი ფართომასშტაბიანი წვრთნა არასოდეს ჩაუტარებიათ და რომ პროგრამა მოგვიანებით კიდევ 20 ქვეყანაში გამეორდება ანტიტერორისტული კოალიციის განმტკიცების მიზნით. ვკითხულობთ აგრეთვე, რომ ამერიკელი ჯარისკაცები მოთავსებული არიან სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში”: ეს კი შეერთებული შტატების არმიას დაახლოებით 700 ათასი დოლარი დაუჯდება აგვისტომდე, ვიდრე რემონტი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკელი ექსპერტების დასაბინავებელ პირობებს შექმნის.

როგორც საქართველოს შესახებ, ფაქტობრივად, ყველა უცხოურ პუბლიკაციაში, დიდრიჩის სტატიაშიც არის ლაპარაკი კორუფციის პრობლემაზე. საწვრთნელი პროგრამა ითვალისწინებს ქართული მხარისათვის მცირე იარაღის, ტყვია-წამლის, სამხედრო ფორმების, საკომუნიკაციო და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას: ამერიკული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი რობერტ უოლტმაიერი კი შიშობს, რომ ეს დახმარება შავ ბაზარზე აღმოჩნდება, ან, უბრალოდ, გაუჩინარდება.

ასეა თუ ისე, ორშაბათს, 27 მაისს პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა პირველი ჯგუფის- 200 ქართველი ოფიცრის ტრენინგის დაწყებით. ჯონ დიდრიჩს მხედველობიდან არც ის გარემოება რჩება, რომ რთული ამოცანის წინაშე დგანან არა მარტო ამერიკელი ექსპერტები, არამედ ქართველი სამხედროებიც: მათ 70 დღეში უნდა ისწავლონ ის, რისთვისაც ამერიკელ ოფიცრებს, როგორც წესი, 1 წელი ეძლევათ.
XS
SM
MD
LG