Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ინიციატივა ადამიანის უფლებათა დასაცავად


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ, სავარაუდოდ გრძელვადიან, პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის გაუმჯობესება.

პროექტს აფინანსებს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ქართულ ორგანიზაციათაგან ძირითადი პარტნიორია "თავისუფლების ინსტიტუტი", ხოლო პარტნიორები - რამდენიმე სხვა უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია. უფრო დაწვრილებით ამ პროექტისა და მისი შესაძლო ეფექტის შესახებ "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორს ლევან რამიშვილს ვესაუბრეთ.

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება ამ შემთხვევაში გულისხმობს ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებების უკეთ გაცნობიერებასაც. “თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი ლევან რამიშვილი ამბობს, რომ ეს პროექტი პირველი მცდელობაა, ორგანიზაციამ თბილისის ფარგლებს გარეთ განავრცოს საქმიანობა, რაც გულისხმობს ახალციხეში, ქუთაისში, გორსა და თელავში რეგიონული ომბუდსმენების ამუშავებას. ომბუდსმენებს მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან. ასეთი ურთიერთქმედების შესახებ ლევან რამიშვილმა აღნიშნა: [რამიშვილის ხმა]: “ერთ-ერთი მიზანი, ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოვლენასთან ერთად, არის ამ დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შექმნა და დარღვევათა მსხვერპლის დარწმუნება, რომ მან მიმართოს სამართლებრივ ინსტიტუტებს; არა მხოლოდ აბსტრაქტული ინფორმაციის შეგროვება დარღვევების თაობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლის სამართლებრივი რეაბილიტაცია! ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებმა არაფერი იციან დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმთა შესახებ. ჩვენი მიზანია, გავხადოთ ისინი უფრო ინფორმირებულნი. ჩვენი მისიის შესასრულებლად, პარტნიორის სახით, გვჭირდება საკუთარ უფლებებში კარგად გათვითცნობიერებული მოქალაქე”.

სამომავლოდ ორგანიზაცია აპირებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაშალოს საქმიანობა. პროექტში ჩაებმებიან უცხოელი ექსპერტებიც. თუ წელს პროექტი შედეგიანად იქნა მიჩნეული, ის კიდევ სამ წელიწადს გასტანს.

ლევან რამიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი პოლიტიზებულია, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ფიგურები ადამიანის უფლებების შელახვას ამართლებენ. შესაბამისად, ვინც ცდილობს, დაუპირისპირდეს უფლებების დარღვევას, პოლიტიკურ დებატებში აღმოჩნდება ხოლმე ჩართული. ჩვენ ამას არ გავურბივართ, აღნიშნა ლევან რამიშვილმა [რამიშვილის ხმა]: “დღევანდელ გაჭირვებულ ყოფაში ძალიან ძნელია, ადამიანს მოსთხოვო, სხვისი გასაჭირით იყოს დაინტერესებული. საზოგადოების წევრებისგან ყოველთვის ვაწყდებით გაღიზიანებას, რატომ ლაპარაკობთ სხვის გაჭირვებაზე, როცა, აი, ჩვენც გვიჭირსო. ასეთ პირობებში არსებობს საფრთხე, ადამიანის უფლებათა დარღვევები შეუმჩნეველი დარჩეს. ჩვენი ფუნქციაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ის, რომ უფლებათა დარღვევის მიმართ არავინ დარჩეს გულგრილი”.
XS
SM
MD
LG