Accessibility links

logo-print

ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯის შეცვლას ცდილობს და არჩევნების გაყალბების აღკვეთის ერთი კონკრეტული ინიციატივით გამოდის


ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ორგანიზაციებიც ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედიან და როგორც ერთმანეთს,

ისე საარჩევნო კომისიებს - პირველ რიგში კი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაში წინასწარ სდებენ ბრალს. 31 მაისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მკაცრი კრიტიკა რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან გაისმა. საარჩევნო კომისიამ კი ბრალდებას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამოგონილი ერთი მეთოდის გახმაურებით უპასუხა.

საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, პოლიტიკური ტემპერატურა საგრძნობლად მაღალია და საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართულ ადამიანებსაც ნერვების მოთოკვა უჭირთ. არჩევნების წინ მათ შორის პაექრობაში პოლიტიკურმა საკითხებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ადგილი არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე კამათს დაუთმო. ამ მხრივ, რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი სამიზნე ცენტრალური საარჩევნო კომისია გახდა. გოგი თოფაძემ და მამუკა გიორგაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რბილად რომ ვთქვათ, არჩევნების გაყალბების ოსტატებად მოიხსენიეს.
საარჩევნო კომისიის წევრებმა კი ეს არცთუ ახალი ბრალდება სერიოზულ შეურაცხყოფად მიიღეს. ზოგიერთმა მათგანმა მრეწველთა პარტიის თავმჯდომარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამოცხადება მოითხოვა. წამოიჭრა არჩევნებიდან მრეწველების მოხსნის საკითხიც. თუმცა გოგი თოფაძე საარჩევნო კომისიაში არ მისულა და არც მისი პარტიისთვის აუკრძალავთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის, რომ საარჩევნო პროცესი ემოციურად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს და ამ დაძაბულობის ცენტრს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმოადგენს.

[ჩართვა ცენტრალური საარჩევმო კომისიის სხდომიდან]

ასეთ ფონზე წარიმართა 31 მაისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ნერვების მოთოკვა საოლქო კომისიებში უფრო გასჭირვებიათ. პირველი მუშტი-კრივი აბაშის საოლქო კომისიაში გაიმართა. რა იქნება შემდეგ, არავინ იცის, თუმცა 2 ივნისს რომ დრამატულ პროცესებთან გვექნება საქმე, ეჭვს არ იწვევს.

თუ არჩევნების მიმდინარეობისას გაყალბების სერიოზული ნიშნები გამოიკვეთება, “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი” დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. ამის შესახებ 31 მაისს ამ ბლოკის ლიდერებმა განაცხადეს. გაყალბებას კი თითქმის ყევლა პოლიტიკური ძალა ვარაუდობს.
ოპტიმიზმს მარტოოდენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამჟღავნებენ. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია ზესაშვილი ფიქრობს, რომ 2 ივნისის არჩევნების სამართლიან და მშვიდ ვითარებაში ჩატარებას დიდად წაადგება მეთოდი, რომელიც გაყალბების ყველაზე ეფექტური ხერხის გამოყენების წინააღმდეგ - დამატებითი სიების გაყალბების აღსაკვეთად იმუშავებს.

[გია ზესაშვილის ხმა] “ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დამატებით სიებში იმ ხალხის შეყვანა, ვისაც არ ეკუთვნის ამა თუ იმ უბანზე ხმის მიცემა. ამისთვის იმუშავებს ჩვენი კომპიუტერული ცენტრი და ყველა უბანს შეეძლება მასთან დაკავშირება. იქ კი ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმება მოხდება.”

გია ზესაშვილის თქმით, გამოვლენილ გამყალბებლებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ და ამ მეთოდით გაყალბების პრობლემა მნიშვნელოვნად შემსუბუქდება. ვნახოთ. გაყალბების ამ ერთ-ერთი მეთოდის წინააღმდეგ ამხედრებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ არც ამომრჩეველთა სიები გამოუქვეყნებია და არც საარჩევნო ბიულეტენები დაუბეჭდავს.
XS
SM
MD
LG