Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა პროგრამის ბოლოს, დასავლეთის პრესის მიმოხილვაში გაგაცნობთ წამყვანი გაზეთების აზრს ინდოეთ-პაკისტანს შორის შექმნილი კრიზისის,

ნატო-რუსეთის ახალი ურთიერთობისა და ტრანსატლანტიკური კავშირების შესახებ ევროპაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ახლახან დამთავრებული ვიზიტის ფონზე. გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი” მიიჩნევს, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომის დაწყების საფრთხე – რეალურია და თან დასძენს, რომ თუ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, მსოფლიო თანამეგობრობამ ყველა ღონეს უნდა იხმაროს იმისთვის, რათა ამ ომში ბირთვული იარაღი არ იქნეს გამოყენებული. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:
”ომის გარდუვალობა მომდინარეობს ინდოეთის ლიდერთა რიტორიკიდან, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმის ეპიცენტრად მოიხსენიებენ პაკისტანს და გადამწყვეტი ბრძოლისათვის ამზადებენ ხალხს. ამასობაში, პაკისტანის პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი იასირ არაფატს ბაძავს, როცა ინგლისურად ხმამაღლა აცხადებს: ”პაკისტანს – მშვიდობა სურს და სხვა არაფერიო”, ხოლო მშობლიურ ურდუზე შეახსენებს თანამემამულეებს, რომ ქაშმირელებს უჭერს მხარს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.”

ბრიტანეთის გაზეთ ”დეილი ტელეგრაფის” აზრით, ვითარება სინამდვილეში, როგორც არასდროს აქამდე, ისეა დაძაბული სამხრეთ აზიაში, და რომ ინდოეთი და პაკისტანი ბირთვული ომის ზღვარზე არიან მისული. პრობლემა იმითაცაა გართულებული, რომ ორივე მხარე თავისი იდეოლოგიებით – ჯიჰადითა და ჰინდუისტური ფუნდამენტალიზმით – აკნინებს ბირთვული იარაღის საფრთხეს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მაგალითად პაკისტანში, ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ატომური ყუმბარა, არსებითად დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან, და მხოლოდ ოდნავაა უფრო ძლიერი. ხოლო გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში”, მწერალი სალმან რუშდი, ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებასთან დაკავშირებით წერს:

”ამჟამინდელი კონფლიქტი სამი წლის წინანდელს გვაგონებს, როცა ინდოეთი და პაკისტანი ბირთვული ომის ზღვარზე იყვნენ ასევე მისული. ორივე ქვეყნის მთავრობებს ხელს აძლევს გარეშე მტერთან დაპირისპირება, რაც შინაპოლიტიკური მიზეზებითაა განპირობებული. ამასთანავე ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ პაკისტანის სპეცსამსახურები ტერორისტებს ეხმარებიან, ხოლო გენერალი მუშარაფი ორმაგ თამაშს ეწევა, როცა ასობით თავის ქვეშემრდომს აპატიმრებს და მეორე დღესვე ათავისუფლებს. თუ სამხრეთ აზიაში ჩვეულებრივი ომი დაიწყება და პაკისტანი აღმოჩნდება დამარცხებული, ქვეყანაში ისლამისტური გადატრიალებაა მოსალოდნელი, როცა ბირთვულ ქობინებს ის ადამიანები დაეპატრონებიან, ვისთვისაც სიკვდილი – სიცოცხლეზე მეტად ფასობს. გამოსავალი ერთია: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აიძულოს ინდოეთიცა და პაკისტანიც – დატოვონ ქაშმირი, და იქ - მრავალრიცხოვანი სამშვიდობო კონტინგენტი უნდა განთავსდეს”.

ავსტრიის გაზეთ ”პრესსეს” აზრით, ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის – გარდაუვალია, გაურკვეველი ისღაა, როდის მოხდება ეს. ხოლო გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” მიმომხილველის ჯორჯ მელონის აზრით, თავად პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერებს მიუძღვით ბრალი იმაში, რომ ბირთვული იარაღის მქონე ეს ორი მეზობელი ქვეყანა, დღეს, ომის ზღვარზეა მისული. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

” სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ამ ორმა ქვეყანამ დღემდე ვერ შესძლო ქაშმირის თაობაზე კარგა ხნის წინათ დაწყებული უთანხმოების მოგვარება და მჭიდრო მშვიდობიანი თანამშრომლობა, რაც კაპიტალდაბანდებას მისცემდა ფართო ასპარეზს, ხოლო უკიდურესად გაღატაკებულ მოსახლეობას, როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებსა და ცხოვრების პირობათა გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემდა.”

გაზეთები მრავალმხრივი კომენტარით გამოუხმაურნენ ცნობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა რუსეთს, გასულ კვირაში, საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა. ნაკლები შოუ და მეტი საქმის არსი – ასეთ შეფასებას აძლევს გერმანიის გაზეთი ”ჰანდელსბლატი” რუსეთ-ევროკავშირის სამიტს, პრეზიდენტების: ბუშისა და პუტინის შეხვედრის ფონზე...

”ჩვენ, პირველებმა ვაღიარეთ რუსეთი საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ”-ამაყად განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ. თუმცა ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ ჭეშმარიტ საბაზრო ეკონომიკამდე რუსეთს ჯერ კიდევ დიდი მანძილი აქვს გასავლელი. საკმარისია თუნდაც იმის გახსენება, რომ რუსეთის მოქალაქენი ყოველწლიურად 38 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ქრთამებში.”

გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ეხება და მოუწოდებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, გადამეტებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის პირად კონტაქტებს. გაზეთის აზრით:

”ზოგჯერ ამგვარ კონტაქტებს სასიკეთო შედეგიც მოსდევს: უფროსი ჯორჯ ბუშის კარგმა ურთიერთობამ გორბაჩოვთან დიდად განაპირობა ისტორიული გეზის შეცვლა მთელს ევროპაში, გერმანიის გაერთიანება და ცივი ომის დამთავრება. მეორეს მხრივ, სტალითან მისმა პირადმა ურთიერთობამ პრეზიდენტი ფრენკლინ რუზველტი დაარწმუნა იმაში, შეიძლება ენდო ”ბიძია ჯოს” და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას ვერ შესძლო იმის გაცნობიერება, რომ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ნაცისტური ოკუპაცია, უბრალოდ, საბჭოურმა შეცვალა. პრეზიდენტი კენედი აღფრთოვანებული დარჩა ნიკიტა ხრუშჩრვთან პირველი შეხვედრით, ხოლო შემდეგ მოწმე გახდა კუბაში შეერთებულ შტატებზე დამიზნებული რაკეტების განთავსებისა. ამდენად, ბუშისა და პუტინის მეგობრობაზე ლაპარაკი – ჯერჯერობით ნაადრევია”.

გაზეთი ”ქრისჩიენ საიანს მონიტორი” მოეწოდებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ შეწყვიტოს ზეწოლა პუტინზე და თან ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ 2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატი ჯორჯ ბუში...

”რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებით იმუქრებოდა ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამდა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებაში მოსკოვის თანამონაწილეობასთან დაკავშირებით და ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ პუტინი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის დამკვიდრებას შეეცდება რუსეთში. და აი, ორი წლის თავზე, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა: მოსკოვი განაგრძობს ირანისათვის ბირთვული ტექნოლოგიების მიყიდვას, ჩეჩნეთში გრძელდება ომი, ხოლო რუსეთში მკვეთრად შეიზღუდა პრესის თავისუფლება. და მაინც, ბუშისა და პუტინის უკანასკნელმა შეხვედრამ მეტად გულთბილ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა”.
XS
SM
MD
LG