Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების დარგში შეერთებული შტატების პრეზიდენტების სამი ყოფილი მრჩეველი ტერორიმზმის საშიშროების შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამ კვირაში ვაშიგტონში, მრგვალი მაგიდის გარშემო, ტერორიზმის ბუნებასა და საშიშროებაზე მსჯელობდა შეერთებული შტატების სამი ყოფილი ოფიციალური პირი,

რომლებიც წარსულში უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტების მრჩევლების თანამდებობაზე იმყოფებოდნენ.

ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელიც 1977-81 წლებში იყო დემოკრატი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი უშიშროების სფეროში, თქვა, რომ მართალია, ტერორიზმის წყაროები შეიძლება რელიგიური ან სოციალური იყოს, მაგრამ ტერორიზმის მოსპობა პოლიტიკური პრობლემაა. ბჟეზინსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ არ უნდა განიხილოს ტერორიზმი, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების პრობლემა. მისი სიტყვებით, ტერორიზმი ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც არ არის უცხო მოვლენა. ტერორიზმის ვიწრო კუთხით განხილვისას, არსებობს საშიშროება, რომ “ტერორიზმის წინააღმდეგ ომი” სხვა რომელიმე ქვეყანამ ან მიმდინარეობამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, თქვა ბჟეზინსკიმ.

[ბჟეზინსკის ხმა] ”ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ტერორიზმმა ფართო, გლობალური მასშტაბები მიიღო. და მარტო ჩვენ როდი ვართ ტერორიზმის მსხვერპლნი. ჩვენ, უბრალოდ, უკანასკნელი მსხვერპლი გავხდით ტერორიზმისა, თუმცა მრავალმა სახელმწიფომ, მთელ რიგ პოლიტიკურ მიზეზთა გამო, ჩვენამდე მიიღო ტერორიზმის უსიამოვნო გამოცდილება. და ვიდრე ეს ფაქტი არ იქნება გაცნობიერებული და ტერორიზმი ამ ფართო კონტექსტში არ იქნება განხილული, არსებობს რეალური საფრთხე ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტების დამახინჯებისა, იმის მუქარა, რომ სხვებმა – საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომი”.

მრგვალი მაგიდის სამივე მონაწილე თანახმა იყო, რომ მსოფლიოში მოქმედ სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებს შორის ყველაზე დიდ საფრთხეს შეერთებულ შტატებს “ალ ყაიდა” უქმნის.

სენდი ბერგერი, 1997-2000 წლებში დემოკრატი პრეზიდენტის ბილ კლინტონის მრჩეველი უშიშროების სფეროში მეორე ადმინისტრაციაში, ამბობს, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის მთავარი მიზანი უნდა იყოს “ალ ყაიდის” მსოფლიო ქსელის მოსპობა. მისი თქმით, ირანზე, ერაყსა და სამხრეთ კორეაზე ყურადღების გადატანით ადმინისტრაციას შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს მისი მთავარი სამიზნე.
ტერორიზმის წინააღმდეგ ომის კონტექსტში პრეზიდენტ ბუშის მიერ “ბოროტების ღერძზე” ლაპარაკმა, შეიძლება დაგვავიწყოს, რომ ჭეშმარიტი მტერი “ალ ყაიდაა”და რომ ის განაგრძობს თავის საშიშ საქმიანობას.

ბერგერმა გაიხსენა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯორჯ ტენეტის მიერ ამას წინათ ნათქვამი სიტყვები, რომ “ალ ყაიდა” ქმედითუნარიანი და მოსისხლე მტერია.

ბრენტ სკოუკროფტს ორჯერ ეკავა მრჩევლის პოსტი უშიშროების დარგში: 1975-77 წლებში რესპუბლიკელი პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში და მეორედ 1989-93 წლებში, დღევანდელი პრეზიდენტის მამის ჯორჯ ბუშ უფროსის დროს.

სკოუკროფტმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაში სამხედრო ოპერაციები ინფორმაციულმა ომმა შეცვალა. მისი თქმით, გლობალურ ტერორიზმს ახლა ასახიერებს “ალ ყაიდა”, რომელიც ემუქრება შეერთებულ შტატებს და ალბათ კიდევ 50 სხვა ქვეყანას, სადაც მას თავისი ქსელი აქვს გაბმული.
სკოუკროფტი ასევე თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა ყურადღება “ალ ყაიდაზე” უნდა გაამახვილოს და არ გაფანტოს ძალები ბრძოლაზე ყველა ტერორისტული ჯგუფის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ – იქნება ეს ჰეზბოლა თუ ირლანდიის რესპუბლიკური არმია.

ბრძოლის სამხედრო ფაზა, როგორც ჩანს, მთავრდება, ვინაიდან ძნელად მოიძებნება თალიბანის მსგავსი კიდევ ერთი რეჟიმი, რომელიც მოისურვებს “ალ ყაიდის” შეფარებას. ისე რომ, ასკვნის ბრენტ სკოუკროფტი, წინა პლანზე საინფორმაციო ომი გამოდის.
XS
SM
MD
LG