Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გაფრთხილება, რომ თუ არ იქნება მიღებული სათანადო ზომები, მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფა ელის


ელენე ლორთქიფანიძე გაეროს გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში დედამიწის ეკოლოგიური სიტუაციის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ სახელმწიფოები დაუყოვნებლივ არ დაიწყებენ უფრო მწვანე პოლიტიკის გატარებას,

მსოფლიოს ოკეანეების, ტყეებისა და გარეული სამყაროს რესურსები პერმანეტეული დეგრადაციის გზას დაადგება, რასაც კაცობრიობისთვის ავი შედეგი ექნება.

10 წლის წინ გაეროს ეგიდით მოეწყო სამიტი გარემოს დაცვისა შესახებ, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში. დასკვნით დეკლარაციაში მსოფლიოს ლიდერმა პირობა დადეს, რომ გარემოს დაცვა იქნება, განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილი, პლანეტის რესურსების შენარჩუნების მიზნით.

ახლა როცა ლიდერები მორიგი ეკოლოგიური სამიტისთვის ემზადებიან, ამ ჯერად იოჰანსბურგში, ზაფხულის დამლევს, გაეროს გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ რიოს 1992 წლის დაპირებებიდან ცოტა რამ შესრულდა. საანგეტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ასობით მილიონი ადამინის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, თუ ქვეყნები თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის ფოკუსში გარემოს დაცვის საკითხებს არ მოაქცევენ.

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ევროპის რეგიონის კოორდინატორმა რონ ვიტმა ჩვენს რადიოსთან საუბარში ასე დაახასიათა 1992 წლის შემდეგ შექმნილი მდგომარეობა.

[ვიტის ხმა] “ჩვენ ვხედავთ, რომ დედამიწის ზედაპირის დეგრადაცია გრძელდება, ქრება ტყეები და სხვა ბუნერივი რესურსები, ვხედავთ, რომ ადამიანის საქმიანობია კვლავ ახდენს უარყოფით გავლენას ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში: სულ უფრო მეტი სახეობა ექცევა საფრთხეში მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სიაში. განსაკუთრებით ზიანდება ზღვების სანაპირო რეგიონები, სამრეწველო ნარჩენებისა და კანალიზაციის ჩაშვების და, საერთთრლ ადამიანის საქმიანობის გამო. და გარემოს გაუმჯობესება არანაირად არ ხდება.”

გარემოს მდგომარეობაზე გაეროს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ძუძუმწოვართა ერთი მეოთხედი გაქრობის პირამდეა მისული და თევზის მარაგის ერთი მესამედი კლასიფიცირდება როგორც გამოფიტული. გაეროს სიტყვით, მსოფლიოს 6 მილიარდი მოსახლეობიდან მინიმუმ ერთი მილიარდი 100 მილიონი ადამიანი სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის და ორჯერ ამდენი ვერ სარგებლობს ნორმალური კანალიზაციით. მსოფლიოს მდინარეთა ნახვარი ამა თუ იმ ხარისხით დაბინძურებულია, ზოგიერთი მათგანი სერიოზულად.

ანგარიშში მოცემულია მომავალი 30 წლის განმავლობაში განვითარების ოთხი სცენარი. ყველაზე ოპტიმისტური ვერსიით, ქვეყნები დაუყოვნებლივ შეიგნებენ, რომ თუ არ გაატარებენ გარემოს დაცვის პოლიტიკას, ეს მათ უზარმაზარი ეკონომიკურ და სოციალურ ფასად დაუჯდებათ. ხოლო თუ გადადგმულ იქნება სწორი ნაბიჯები 2032 წლისთვის მოხდება ნახშირორჟანგის ემისიის სტაბილიზება, წყლების ხარისხი გაუსჯობესდება, შემცირდება შიმშილი და ინფექციური დაავადებები.

ყველაზე პესიმიტსური, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სავარაუდო ვარიანტით, 2032 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი იცხოვრებს გვალვის პირობებში, ცხოველთა სახეობების 70 პროცენტი განადგურების პირამდე მივა და დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტს დეგრადაცია ელის.

ვიტი მოუწოდებს[ვიტის ხმა]“ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ წინდახედული და გონივრული ზომები მომავალში ჩვენი პალანეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების გამოყენების თაობაზე. აუცილებელია როგორც გლობალურ, ისე სახელმწიფოებრივ და ლოკალურ დონეებზე ქმედითი პოლიტიკის შემუშავება, მხოლოდ მაშინ ექნება კაცობოირბას ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაგძელების იმედი.”

მოსალოდნელია, რომ იოჰანენსბურგის სამიტზე, რომელიც 26 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმუშავებს, ფორმულირებულ იქნება ასეთი პოლიტიკა. მაგრამ როგორც აღნიშნავს მსოფლიო ეკოლოგიური ჯგუფის გრინპისის კოორდინატორი, კელი რიგი(Rigg), წინასწარი ნიშნები იმედისმომცემი არ არის. და რომ რიოს სამიტზე მიღებული დოკუმენტები, რომლებიც ითვალისწინებს საგანგებო მიზნებს, გრაფიკებს და ვალდებულებებს იგნორირებულია

მსოფლიოს განვითარების ირონია იმაშია, რომ როცა ღარიბი ქვეყნები იწყებენ მოდერნიზირებას გარემოს დაცვის პრობლემები კიდევ უფრო სერიოზული ხდება. ეკოლოგიური საკითხები კი ხშირად სულაც არ ადარდებს ხალხებს, რომლებიც ცდილობენ დასავლეთის ცხოვრების სტილის ნაყოფით რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სარგებლობა. ამ ადამიანების ცხოვრება, შეიძლება, მოკლე ხანში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური დეგრადაციის ხარჯზე, მაგრამ გრძელვადიანი შედეგი შეიძლება მეტად მტკივნეული იყოს. ამის ერთი მაგალითია კატასტროფული წყალდიდობები ჩინეთში 1998 წელს. ჩინეთის ლიდერებმა აღიარეს, რომ ის ტყეების მასიური განადგურებით იყო გამოწვეული. წყალდიდობებმა დაახლოებით 20 მილარდი დოლარი ზარალი მოიტანა და ათასობით ათასი ადამიანის საცხოვრებელი სახლები წალეკა.

ამასთან ვიტი, გაეროს გარემოს დაცვის სააგენტოდან, ამბობს, რომ სწორი ეკოლოგიური პოლიტიკის შედეგად იწყება დეგრადირებული გარემოს აღდგენის პროცესი ამის კარგი მაგალითია დასავლეთი ევროპა: 1970 წლის შემდეგ, როცა მომწამვლელ ნივთიერებების ემისიაზე მკაცრი ლიმიტი დაწესდა, კონტინენტის ჰაერი და წყალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ირწმუნებიან, რომ გარემოს პრობლემების ერთადერთი პრაქტიკული გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი შეთანხმება ბიზნესის საქტორსა და მთავრობებს შორის, განსაკუთრებით განვითარებად სამყაროში.

მაგრამ, როგორც რიგი აღნიშნავს, ეკონომიკის გლობალიზაციასთან ერთად იქმნება საერთაშორისო კორპორაციები, რომლებიც ხშირად თვით ადგენენ თავიანთ ეკოლოგიურ ნორმებს და არავის არ აბარებენ ანგარიშს თავიანთ, ხშირად ბოროტ საქმიანობაზე. ზოგ შემთხვევაში ეს მკვლელობაა. ამის მაგალითად რიგს მოყავს ფოპალის კრიზისი. 1984 წელს ინდოეთის ქალაქ ფოპალში ამერიკის კუთვნილ საწარმოზე აფეთქების შედეგად ქიმიური ნივთიერებების შემცველმა ბოლმა 5 ათასამდე ადამიანი მოკლა. მაგრამ ეს არე-მარე დღემდე არ გაუსუფთავებიათ და ხალხი დღემდე ავადდება კიბოთი.
XS
SM
MD
LG