Accessibility links

პარლამენტისა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკები კეთილგანწყობის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ახლად დანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა და ახლად არჩეულმა საგადასახადო შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ხელისუფლების კედლებში ”იდილიური შეხვედრა” გამართეს.

კომიტეტის თავმჯდომარე დავით სალარიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონმდებლებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდა და თავადაც მეტისმეტად კეთილგანწყობილი იყო მირიან გოგიაშვილისა და, ახლა უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფი, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების ხელმძღვანელთა მიმართ.

”ამ მოწვევის პარლამენტს სულ რაღაც წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი, ამიტომ საჭიროა თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ამ მცირე მონაკვეთის განმავლობაში სერიოზული საქმე გაკეთდეს,” - მიმართა დავით სალარიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კომიტეტი მზად არის ეკონომიკურ ბლოკთან საერთო ენა გამონახოს და გაუგებრობების გარეშე შეძლოს კონსტრუქციული თანამშრომლობა.
კომიტეტის თავმჯდომარის ეს კეთილგანწყობა, ბუნებრივია, მისასალმებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა გუნდური მუშაობის პრაქტიკით, თუმცა გასულ კვირას პარლამენტში გამართული შეხვედრა, ფაქტობრივად, ახალი პერსონალიების პირველი დიალოგი გახლდათ და სასიამოვნო იქნება, თუ ამგვარი ტონი მათ მომავალ შეხვედრებსაც დაებედება.

ფინანსთა მინისტრს და საგადასახადო შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის ამგვარი კონსტრუქციულობა ნამდვილად დასჭირდებათ. სულ ცოტა ხანში ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტით შევა. მთავრობის პროექტი, ძირითადად, ადმინისტრირების დახვეწას ითვალისწინებს. ამ ცვლილებების გასატანად მირიან გოგიაშვილმა კომიტეტს დახმარება სთხოვა. თავიანთი ალტერნატიული პროექტი აქვთ მრეწველებსაც. მისი პომპეზური პრეზენტაცია, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა, რამდენიმე კვირის წინ გაიმართა.

სალარიძის თქმით, ასეთი კანონი მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა შეიმუშაონ და არ არის საჭირო, რომ საგადასახადო კოდექსში ყველამ აფათუროს ხელი. როგორც ჩანს, კეთილგანწყობის მიუხედავად, საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე არ აპირებს დათმოს თავისი პარტიის მიერ შემუშავებული საგადასახადო კოდექსის პროექტი. სგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნაც გახლავთ და მათი მისიის მორიგ სტუმრობამდე ხელისუფლებამ ეს საკითხი, საარჩევნო ციებ-ცხელების მიუხედავად, რამენაირად უნდა გადაწყვიტოს.
რაც შეეხება ”გამსხვილებულ” ფინანსთა სამინისტროს, მირიან გოგიაშვილის თქმით, მომავალში აქ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი. სერიოზულ რეფორმებზე საუბრობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ლევან ქისტაურიც, რომელიც საბაჟოში ფუნდამენტური სისტემური ცვლილებების გატარებაზე ფიქრობს. ქისტაურის თქმით, ცვლილებები მოხდება როგორც საბაჟოს ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარების, ისე ტერიტორიული ორგანოების გამსხვილების, ანუ ე.წ. რეგიონალიზმის, თვალსაზრისით. სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები შეეხება საბაჟოს მთავარ ოფისსაც. ჩამოყალიბდება 4 რეგიონალური რგოლი; გარდა ამისა, შეიქმნება ცენტრალიზებული რკინიგზის საბაჟო, ნავარაუდევია აფხაზეთის საბაჟოს ჩამოყალიბებაც.

საბაჟოს ასევე მოსაგვარებელი აქვს პრობლემა, რომელიც საქართველოდან ბრიტანული აი-თი-ეს-ის წასვლის შემდგომ შეიქმნა. ქისტაურის ინფორმაციით, მისი სამსახური უკვე ახორციელებს ტვირთების წინასაიმპორტო ინსპექტირებას, რასაც კონტრაქტის შეწყვეტამდე ბრიტანელები აკეთებდნენ. თუმცა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება გადაზიდვების ინსპექტირება, რისი გამოცდილება და ტექნიკურ-მატერიალური ბაზა ქართულ საბაჟოს არ გააჩნია.

გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა მირიან გოგიაშვილმა. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ მაისის თვის სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება. ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს გოგიაშვილს თვის განმავლობაში ხაზინაში სტაბილურად შემოსული მოსაკრებლები აძლევს. ადრე, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საგადასახადო სამსახურები მხოლოდ თვის ბოლო რიცხვებში ახერხებდნენ გადასახადების ფორსირებულ ამოღებას. თუ ამ ტრადიციას წერტილი დაესმება, მისასალმებელია, რადგან ხარჯებიც, შესაბამისად, სტაბილურად გაიწერება, რაც საბიუჯეტო პროცესის შედარებითი გაჯანსაღების წინაპირობაა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, თვის გეგმის შესრულებას მხოლოდ 2 მილიონი ლარი აკლია, რის მობილიზებასაც მისი უწყება 2 დღეში შეძლებს. გოგიაშვილის ოპტიმიზმს არ იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 28 მაისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულია 44,8 მილიონი ლარი, მაისის გეგმა კი 79,5 მილიონია. შესაბამისად, არასაბიუჯეტო გეგმის შესრულებას აკლია 2,4 მილიონი ლარი, სპეცფონდებს - 5,8 მილიონი, გრანტებს - 9,8 მილიონი ლარი. საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ხაზით მისაღებია 16,8 მილიონი ლარი. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელს რომან გოცირიძეს ეჭვი ეპარება, რომ დარჩენილ დროში 34,7 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდეს.
ბიუჯეტთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემების არსებობა ტრადიციული ლაფსუსია ქართულ ეკონომიკურ რეალობაში. ყველა უწყება თავისი ინტერესების შესაბამისად ეწევა ციფრებით ეკვილიბრისტიკას, რითაც ზოგიერთი ჩინოვნიკი, შესაძლოა, მუნდირის ღირსების დაცვას ახერხებს, მაგრამ თავად საბიუჯეტო დავალიანებებსა და ასეული მილიონობით დაგროვილ ვალს ამით არაფერი ეშველება. თუმცა ზოგიერთი პოზიტივი, რაც მაისის თვეში გამოიკვეთა, მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესების იმედს ტოვებს.
გამართლდება თუ არა ბიუჯეტთან დაკავშირებით ახლად დანიშნული ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. ხოლო თუ რამდენად მყარი საფუძველი აქვს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტში დემონსტრირებულ ურთიერთკეთილგანწყობას, ეს საბიუჯეტო პროცესებსა და უახლოეს მომავალში საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა განხორციელებისას გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG