Accessibility links

ეს შაბათი დღე, მოგეხსენებათ, პირველი ივნისია – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ეს შაბათი დღე, მოგეხსენებათ, პირველი ივნისია – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ისიც მოგეხსენებათ, რომ 31 მაისს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ამიტომაც ახალგაზრდულ გადაცემაში შევეცადეთ, ეს თემები ერთმანეთთან დაგვეკაშირებინა. ჯერ ეკა წამალაშვილი გიამბობთ ერთ ეპიზოდს საქართველოს ბავშვთა საფეხბურთო ცხოვრებიდამ, შემდეგ კი მე, დათო პაიჭაძე, გაგაცნობთ ერთ პროექტს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ახორციელებენ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სასარგებლოდ. პირველად ეკა წამალაშვილს მოვუსმინოთ – ის ბავშვთა საფეხბურთო გუნდის, “ოლიმპის,” საერთაშორისო წარმატებაზე მოგითხრობთ და საქარველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ზურაბ მაისურაძეს ესაუბრება.



თბილისის ერთ-ერთ უბანში აშენებული სპორტული კომპლექსი “დერბი” პატარებისთვის ნამდვილ სპორტულ ოაზისს წარმოადგენს. სწორედ იქ მოწყობილ საფეხბურთო მოედანზე გავლილი ვარჯიშის შედეგები აჩვენეს ქართველმა ბავშვებმა ესპანეთის ქალაქ კოსტაბრავოში, სადაც ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს ხელშეწყობით ჩატარებულ ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობის მისღებად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებთან ერთად ჩავიდნენ. პატარა ფეხბურთელების ამ ტურნეს წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა განყოფილებაში მოსაწვევის გამომგზავნა უძღოდა. როგორც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზურაბ მაისურაძე იხსენებს:

[ზურაბ მაისურაძის ხმა] “საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის ბავშვთა განყოფილება ყოველწლიურად იღებს მოსაწვევს ამ ტურნირზე, უფროს სწორად, ფესტივალზე. ღონისძიება ტარდება ყოველ წელს, 25 ტურნირად, 200 გუნდს შორის გერმანიაში, ხორვატიასა და ესპანეთში. მონაწილეობენ ბავშვები 10 წლიდან. ჩვენ პირველი მერცხლები ვიყავით ასეთი პატარებით. წავიყვანეთ ეს ბავშვები, რომ გვენახვებინა მათთვის, რაც ევროპაში ხდება.”

ასე მოხვდნენ პატარა ქართველი ფეხბურთელები დიდი ფეხბურთის ქვეყანაში – ესპანეთში და იქ თავის თვალით ნახეს, თუ რა პირობებში ვარჯიშობენ მათი თანატოლები. ეს არის, რომ, ჩვენი პატარების თვალით აღქმული განსხვავების მიუხედავად (მხედველობაში მაქვს განსხვავება საქართველოსა და ესპანეთის პირობებს შორის), ქართველებმა მეტოქეებს მომზადების მაღალი დონე უჩვენეს. მათმა თამაშმა მწვრთნელი განაცვიფრა. ზურაბ მაისურაძე “ოლიმპელებს,” მხოლოდ 5 თვეა, რაც ავარჯიშებს, ამდენად, 3 პრიზის მიღება მისთვის მოულოდნელი იყო.

ესპანეთში ჩატარებული ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალიდან “ოლიმპი ” მეორე ადგილის, საუკეთესო მეკარისა და “fairyplay” – ის, ანუ პატიოსანი თამაშის, პრიზებით დაბრუნდა. მანამდე პატარა ქართველ ფეხბურთელებს შეხვედრები გერმანელებთან ჰქონდათ. ორჯერ მოიგეს, ორჯერ კი წააგეს. ესპანეთში ერთ-ერთი გოლი 9 წლის ოთო დოლიძემაც გაიტანა. მას სჯერა, რომ კოსტაბრავოში “ოლიმპის” მიერ წაგებული მატჩები მეტოქეების მძიმე წონის ბრალი იყო და მეტი არაფრის.

[ოთო დოლიძის ხმა] “ორჯერ მოვიგეთ და ორჯერ წავაგეთ. სულ გერმანელებს შევხვით. მსუქნები იყვნენ და წონაში გვჯობნიდნენ.”

მოგებას დიდი სიხარული ახლდა, წაგებას ცრემლი. ზურა მასწავლებლისგან განსხვავებით, ბავშვები წაგებას არც მოელოდნენ. ჰოდა, როცა წააგეს და იტირეს, მოულოდნელი სანახაობის მოწმეები გახდნენ.

[ზურაბ მაისურაძის ხმა] “ფინალში რომ წააგეს ჩვენმა ბავშვემა, ტიროდნენ. ეს გერმანელი ბავშვები კი მოუსხდნენ ირგვლივ და ამშვიდებდნენ. ამ დროს მათმა მშობლებმა ქართველი ბავშვების მშობლებს გამოართვეს საქართველოს დროშა და ჩვენი დროშით დაიწყეს სიარული მოედნის გარშემო. ამ მსვლელობას ჩვენი ბავშვებიც შეუერთდნენ. ასე რომ, რაღაცები გვასწავლეს კიდეც. გვასწავლეს, როგორ უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს, როგორ უნდა მივიდეთ წაგებულთან. ეს, მაინც, დიდი ერის თვისებაა.”

ასე რომ, “ოლიმპელებს” წაგებულის მოფერება უკვე ნასწავლი აქვთ. ახლა უკვე მათ შემდგომი მოგებებისთვის მზადება მართებთ, რათა წაგებულებს ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც გერმანელებისგან ისწავლეს. ზურა მასწავლებელი ამ ბავშვებზე დიდ იმედებს ამყარებს. ამ და სხვა ასეთი იმედების გამართლებას კი სპორტის განვითარებაზე მზრუნველობა სჭირდება. მათ შორის, ქართველი ბავშვებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის გზის გახსნის თვალსაზრისით.

[ზურაბ მაისურაძის ხმა] “ჩვენი ბავშვები ყველას სჯობდნენ. რაც უფრო ხშირად მიიღებენ ისინი ასეთ ტურნირებში მონაწილეობას, რაც უფრო ხშირად შეხვდებიან გერმანელებს, ესპანელებს თუ სხვა ქვეყნის ბავშვებს, მით უფრო წინ წავა საქმე. მერე, რომ გაიზრებიან ეს ბავშვები, აღარ ექნებათ ფსიქოლოგიური ბარიერი, რომ ეს – ესპანეთის ნაკრებია ან იტალიის ნაკრები. ყევლაფერი შეჩვევაა და, როცა შეეჩვევიან, იოლად გადალახავენ ბარიერებს.”

სხვანაირად ქართული ფეხბურთი ვერ აღორძინდება. სხვაგვარად მომავალ ნიჭიერ თაობას საქართველო შესაფერის ასპარეზსს ვერ შესთავაზებს და, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტისთვის გამოყოფილი თანხები არ გაიზრდება, სპორტის განვითარებაზე ვერც ვიოცნებებთ. პატარები კი ოცნებობენ. “ოლიმპის” მეხუთე ნომერი ოთო დოლიძეც ფეხბურთელობაზე ოცნებობს და კიდევ იმაზე, რომ თბილისშიც იყოს იმდაგვარი გასართობი ადგილები, როგორიც ბარსელონაში ნახა.

[ოთო დოლიძის ხმა] “მომღერალ ფანტანებთან უნდა წავსულიყავით, მაგრამ სხვაგან წავედით. გვერდზე კი ჩავუარეთ, მაგრამ იმ დროს არ მღეროდნენ. იქ დიდი დელფინიც ვნახე. პირს რომ გააღებდა, ჩაძვრებოდი და ჩაგასრიალებდა. “

ორი კვირის წინ ჩვენს გადაცემაში მოგითხრობდით მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე, რომელთაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარებიან. დღეს გიამბობთ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მღვდელს, გიორგი ჩაჩავასა, და ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს, ლალი მესხს, ეკუთვნის. მათ შექმნეს ასოციაცია “მკურნალი” და მიზნად დაისახეს, ასევე, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების სოციალური ადაპტაცია, კონკრეტულ ხელობაში მათი დაოსტატებისა და დასაქმების გზით. საწყისი თანხა ინიციატივის განსახორციელებლად ბრიტანეთის საელჩომ გაიღო, მოგვიანებით კი ამერიკულმა ფონდმა “ ჰერიტაგე”-მაც გაიღო ფული. ასოციაცია “მკურნალმა” დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბერკლი”, სადაც მოზარდები საოქრომჭედლო საქმის, კომპიუტერული ტექნიკის რემონტის შესწავლის შემდეგ მუშაობენ. მათ სადალაქო საქმესაც ასწავლიან და შემდგომ დასაქმებაზეც ზრუნავენ. ჩემს კითხვას, თუ რატომ არჩიეს ბავშვებისათვის დახმარების სწორედ ასეთი ფორმა, მღვდელმა გიორგი ჩაჩავამ უპასუხა [ჩაჩავას ხმა]: “მხოლოდ დახმარება – როცა ბავშვისთვის წელიწადში ერთხელ რაღაც მოაქვთ ან საჩუქრებს ჩუქნიან და ისიც ამ მოლოდინით ცხოვრობს – აჩენს პარაზიტიზმისკენ მიდრეკილებას: ბავშვი სკოლაში არ დადის, არაფერს არ აკეთებს და ელოდება, როდის გადაუგდებენ ულუფას. ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ზნეობრივ აღზრდაზე. მთავარი არის შრომა. აქედან გამომდინარე, მათ მივეცით საშუალება, იმუშაონ. ცხადია, თუ მარტო შევასწავლით პროფესიებს, ეს საკმარისი არ იქნება. საქართველოში არსებული ტოტალური უმუშევრობის პირობებში ძალიან გაუძნელდებოდათ სამსახურის პოვნა. ამიტომ თავად შევუქმენით მათ სამუშაო ადგილები: ასოციაციასთან არსებულ შპს-ში ისინი შრომობენ, აქვთ კანონიერი გზით მოპოვებული თავიანთი ხელფასი და შეუძლიათ პირნათლად შეხედონ თვალებში თანამოქალაქეებს”.

ამ უნიკალური სოციალური პროექტის ავტორები, საქართველოს პირობაზე, საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავენ. “ბერკლის” ხელმძღვანელმა ნინო ჭუბაბრიამ მითხრა, რომ აპირებენ ავტოგასამართი სადგურის, მარტივად, პროფილაქტიკის გახსნას, სადაც 12 მოზარდს შეასწავლიან მანქანის რემონტსა და მომსახურებას, ასევე, ფიქრობენ მოზარდთა დასაქმებას დიდუბის ერთ-ერთ წისქვილში. “ბერკლიში” მოზარდები სახვითი ხელოვნების ისეთ რთულ მასალაზეც მუშაობენ, როგორიცაა მინანქარი. ნინო ჭუბაბრიამ მიჩვენა მათი ნამუშევრები [ჭუბაბრიას ხმა]: “მე მინდა აღვნიშნო მინანქრის გალერეა “ინემალ ართ”-თან არსებული შემოქმედებითი სკოლა-სახელოსნოს როლი, რომელმაც 6 ბავშვი მოგვიმზადა უფასოდ”.

“ბერკლის” მომსახურებით სარგებლობენ და პერიფერიულ კომპიუტერულ ტექნიკას შესაკეთებლად ანდობენ ბრიტანეთის საელჩო, “თი-ბი-სი” ბანკი, საქართველოს ბანკი, თელასი და სხვა სოლიდური ორგანიზაციები. ბოლო დროს ბავშვებს კიდევ ერთი შემწე გამოუჩნდათ: მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომლის დახმარებამ კვების ხარჯები ოთხჯერ შეამცირა.

რასაკვირველია, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება ასეთ წამოწყებებს ყურადღებას არ აქცევს. არადა, ორი წელი მაინც იქნება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს სამოქალაქო სექტორიდან მიაწოდეს იდეა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება სხვადასხვა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად. ჯერჯერობით ეს არავის შეუსმენია. მხოლოდ მისასალმებელია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა დაფინანსების სხვა წყაროები მონახეს და სახელმწიფოს არ შეაჩერდნენ. სხვათა შორის, “ბერკლი” პატიოსანი გადამხდელიცაა: წელიწადში, სულ ცოტა, 12 ათასი ლარი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ქუჩიდან მოზარდების შეკრებისა და მათზე საქმიანი ზრუნვის ინიციატორები მართლმადიდებელი მღვდელი და მისი მრევლის წევრები არიან, რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მოზარდებს ვინმე ეკლესიური ცხოვრების დაწყებას აიძულებს. გიორგი ჩაჩავას თქმით [ჩაჩავას ხმა]: “ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია რელიგიური ძალადობა და ის, რომ ვიღაცას თავს მოვახვიოთ ჩვენი აღმსარებლობა. ჩვენ, უბრალოდ, ვართ ამ ბავშვების მეგობრები და რჩევებით, თანადგომით ვეხმარებით. ქრისტიანობა ნებაყოფლობითი რელიგიაა: აქ არავითარი ძალადობა არ შეიძლება. თუ ადამიანი თავისი ნებით, შეგნებითა და სურვილით არ მოვა ეკლესიაში, სხვაგვარად მისი მოსვლა შედეგს არ მოიტანს.”
XS
SM
MD
LG