Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები არჩევნების გამჭვირვალეობის გარანტიას პრეზიდენტს სთხოვენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს განსაკუთრებულად პოპულარული გახდა არჩევნების შედეგების გაყალბების თემა.

1 ივნისს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადებით მიმართა პრეზიდენტს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაქსიმალურად უზრუნველყოფის ან არჩევნების ერთი კვირით გადადების თხოვნით.

სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების პარტიები – ლეობორისტები, სოციალისტები, მწვანეთა პარტია, პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა”, საარჩევნო ბლოკი “სახალხო პარტია-ტრადიციონალისტთა კავშირი”, ნაციონალური მოძრაობა დემოკრატიული ფრონტი, ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტია-ზურაბ ჟვანიას გუნდი, მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” პრეზიდენტს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პასუხისმგებლობას აკისრებენ და არჩევნების ჩატარების შემდეგ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ინიციატივით გამოდიან. სახალხო პარტიის თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის ინფორმაციით, ერთობლივ წერილში ამ პარტიების ლიდერები პრეზიდენტს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთ საშუალებას სთავაზობენ – არჩევნების ერთი კვირით გადადებას, რომლის განმავლობაშიც მოესწრება ამომრჩეველტა სიების გადამოწმება. სახალხო პარტიის თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამომრჩეველთა სიებში არსებული დარღვევების კონკრეტული მაგალითები მოიყვანა, ერთ საარჩევნო ოლქში სიაში 700 არარსებული პირის შეყვანით დაწყებული ორი დღის განმავლობაში სიების გადამოწმებით 16 ათასი მკვდარი სულის აღმოჩენით დამთავრებული.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ბოლო წუთს გადაიდოს. ანუ, უფრო შესაძლებელია, რომ უკვე არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვნებათაღელვა ახალ ფაზაში გადავიდეს – უეჭველია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ე.წ. მთავარი მონაწილე პარტიები, ვისაც ამ არჩევნებში უპირატესი გამარჯვების ამბიცია აქვს, არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. მამუკა გიორგაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება პარტიებს არ მისცემს ამომრჩევლის სიების გადამოწმების საშუალებას უკვე არჩევნების შემდეგ, პარტიების დიდი ნაწილი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და ქუჩაში გამოვა.
სხვა საკითხია, თუ ვის სასარგებლოდ შეიძლება გაყალბდეს არჩევნების შედეგი. თუ აქამდე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არსებობდა – ანუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს სახელისუფლებო პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სასარგებლოდ აყალბებდა, ახლა ვითარება ამ მხრივ საკმაოდ ბუნდოვანია. მართალია, მოქალაქეთა კავშირი კვლავ აცხადებს, რომ რჩება პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დასუსტებული და რამდენიმე ორგანიზაციად დანაწევრებული მოქკავშირის გამარჯვება არჩევნებში ძალიან არადამაჯერებელი იქნებოდა. შესაბამისად, თუ ხელისუფლება მართლაც გეგმავს არჩევნების შედეგების ასე ვთქვათ “დიზაინს”, მისი ამოცანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული იქნება – კერძოდ, არა ზრუნვა რომელიმე პარტიის გამარჯვებაზე, არამედ მცდელობა, რომ კონკრეტული პარტიების გამარჯვება ზედმეტად შთამბეჭდავი მასშტაბის არ აღმოჩნდეს.
და მაინც, არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მაინც ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მისვლა რჩება. ასე რომ, საარჩევნო კოშმარის მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასრულებისთვის ისევ ჩვენი – ამომრჩევლის აქტიურობაა აუცილებელი.
XS
SM
MD
LG