Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო პროცესში დაშვებული კანონდარღვევები


ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არჩევნების სხვადასხვა მეთოდებით შესაძლო გაყალბებებს ვარაუდობენ, თუ ამტკიცებენ.

ჩანს,პოლიტიკური ლიდერები აპირებენ, თუ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ეჭვქვეშ დააყენონ კენჭისყრის შედეგები. მათი ასეთი მომგებიანი პოზიციის გამოკვეთას საარჩევნო პროცესში არსებულმა სუბიექტური თუ ობიექტური ხასიათის პრობლემებმა შეუწყო ხელი.

აქამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პროცესის ორგანიზებაში არსებული ხარვეზების ასახსნელად არასათანადო დაფინანსებას იმიზეზებდა ხოლმე. ამჯერად კომისიამ იმ მოცულობის თანხა მიიღო, რამდენიც მოითხოვა, თუმცა წინასაარჩევნო პროცესში გაცილებით მეტმა დარღვევებმა იჩინა თავი, ვიდრე ეს გასული არჩევნებისას იყო. სხვადასხვა პარტიები ურთიერთგამომრიცხავ ციფრებს ასახელებენ წინასწარ დაბეჭდილი ყალბი ბიულეტენების თუ, ეგრეთ წოდებული, მკვდარი სულების შესახებ. ეს მონაცემები ნაკლებად სარწმუნოა, რადგან კონკრეტული ფაქტებით თითქმის არც ერთი არაა დადასტურებული.

წინასაარჩევნო პროცესის ორგანიზებისას გაცილებით საფუძვლიანი დარღვევები აღნუსხა 6 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილმა კოალიციამ, სახელწოდებით „შენი მომავალი - შენი არჩევანი“. 1 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა:

[ხიდაშელის ხმა] „აი, აქაც კი, ცენტრალურ რაინში,სოლოლაკსა და მთაწმინდაზე, 75% უბნებში ჯერ კიდევ არ არის მიტანილი ბიულეტენები, არც მოსაწვევები, რაც მთავარია. ბიულეტენები კიდევ არ არის პრობლემა, ადგილზე უნდა აიღოს ამომრჩეველმა, მოსაწვევებიც კი არ არის მიტანილი, რომ დაარიგონ მოსახლეობაში. ეს მოსაწვევიც პრობლემა არაა, ისედაც შეუძლია ამომრჩეველს მივიდეს და ხმა მისცეს, მაგრამ პრობლემაა იმიტომ, რომ ამცირებს მისვლის შანსს, ანუ ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს ადამიანზე, როდესაც მას არ ეპატიჟებიან.“

ხიდაშელის ინფორმაციით, სერიოზული პრობლემებია საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. მაგალითად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში ძირითად და დამატებით სიებში ერთი და იგივე პირებია შეტანილი. მოქალაქეთა კავშირის ყოფილი აქტივისტის, ახლა - ქრისტიან-კონსერვატორის გია ბარამიძის განცხადებით, მათი ლიდერი ზურაბ ჟვანიაც კი არ არის საარჩევნო სიაში შეტანილი. ასეთი გაუგებრობის მიზეზი საარჩევნო უბნების ახალი სტრუქტურაა. ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, 3000 ამომრჩევლიანი უბნები გაუქმდა და თითოეულ საარჩევნო უბანს 2000 მოქალაქის მომსახურება დაევალა. შესაბამისად, გაჩნდა ახალი უბნები, რომელთა ადგილმდებარეობა ამომრჩეველმა ნაკლებად იცის. ხოლო მოსაწვევის გარეშე დარჩენილი თბილისელი, ნაკლებად სავარაუდოა, საარჩევნო ურნის ძებნას შეუდგეს და, თუ ამას მაინც გადაწყვეტს, უბნის ნომრისა და მისამართის მაუწყებელი რეკლამის არარსებობის გამო, საარჩევნო ყუთამდე შეიძლება ვერც მიაღწიოს. ვთქვათ და, ამომრჩეველმა საარჩევნო უბანი იპოვა, სრულიად შესაძლებელია, მისი გვარი საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდეს და ასე შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გია ზესაშვილის განცხადებით: [ზესაშვილის ხმა] „სანამ საქართველოში ერთიანი მონაცემთა ბაზა არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და, ამის შესაბამისად, ამომრჩევლებისა, მანამდე ეს პრობლემა იქნება ყოველთვის. 12 წლის განმავლობაში ჩვენ უბან-უბან გვიხდება რეგისტრაცია ამომრჩევლების და ამის გადამოწმება ერთმანეთთან შეუძლებელია ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო.“[სტილი დაცულია]

რაც შეეხება წინასწარ გაყალბებული ბიულეტენების დაბეჭდვის შესახებ პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, თინათინ ხიდაშელი არ ადასტურებს და ხუმრობით დასძენს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჭირო ბიულეტენები ვერ დაბეჭდა და ყალბის დამზადებას როგორღა მოახერხებდაო. გია ზესაშვილის თქმით კი, იმ უბნებში, სადაც ყალბი ბიულეტენების არსებობის ეჭვი გამოითქვა, გაუმჯობესებული დაცვის მქონე ახალი ბიულეტენები შეიტანეს.

[ზესაშვილის ხმა] „ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ოლქის ბიულეტენების თავიდან დაბეჭდვა, რადგან თუნდაც ეჭვი გამოითქვა და, ჩვენის აზრით, ეჭვი ძალიან ცუდად მოქმედებს არჩევნებზე. მთავარია, ეჭვი არ იყოს, თორე მართლა განხორციელდა ზედმეტი ბიულეტენების დაბეჭვდა, თუ არ დაიბეჭდა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება, მთავარია, ეჭვი არ იყოს.“[სტილი დაცულია]

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მთავარი გაყალბება სასჯელთაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებშია შესაძლებელი. თინათინ ხიდაშელის თქმით [ხიდაშელის ხმა], „იყო ინფორმაცი, რომ პატიმრების ხმები და ჯარისკაცების ხმები იქნება ერთ-ერთი დიდი ციფრი, რომელიც უცებ გაჩნდება და სწორედ ამის გამო შევეცადე გამერკვია, რა ხდება.“

მისივე ინფორმაციით, კრწანისის საარჩევნო ოლქზე მიმაგრებული წინასწარი გამოძიების იზოლატორის 1400-მდე პატიმრის სიები და სხვა საორგანიზაციო საკითხები ჯერაც მოუგვარებელია. ასეთივე მდგომარეობაა ანალოგიური სტატუსის მქონე ქუთაისის იზოლატორშიც. მონიტორის ექვსმა ჯგუფმა მსგავსი ვითარება დააფიქსირა საჯარისო ნაწილებშიც.

არჩევნების პროცესს უამრავი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ადევნებს თვალყურს, მათ შორის, თბილისში აკრედიტებული თითქმის ყველა მაღალი რანგის დიპლომატი და შეერთებული შტატების ელჩის მეუღლეც კი. დამკვირვებელთა ასეთი მაღალი აქტიურობა არჩევნების პროცესის გაყალბებას სულ უფრო ართულებს. ამ არჩევნებზე შეიძლება ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა იქცეს თითქმის ერთადერთ მთავარ პრობლემად.
XS
SM
MD
LG