Accessibility links

მოსაზრებები აფხაზეთის კურორტების შესაძლო პრივატიზებასთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის კურორტების შესაძლო პრივატიზება და გენერალ ბორისოვის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.



30 მაისის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის უკანასკნელი სხდომა სენსაციური აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ანრი ჯერგენიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ტურისტული დარგის მთელი რიგი ობიექტების, მათ შორის, ბიჭვინთის ცნობილი კომპლექსის პრივატიზებას აპირებს. ამასთან ერთად, ჯერგენიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმებულია პრეზიდენტ არძინბასთან, რითაც ირიბად მიუთითა საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.”

შემდეგ გაზეთი წერს:

“საიდუმლო არ არის, რომ ოდესღაც აყვავებული აფხაზური კურორტები დღეს სავალალო მდგომარეობაშია. შარშან მხოლოდ 25 ათასმა ადამიანმა დაისვენა აფხაზეთში, მაშინ, როცა ამ თხუთმეტიოდე წლის წინათ, დამსვენებლებისა და ტურისტების რიცხვი ნახევარ მილიონს აჭარბებდა. კრიზისის მიზეზები საყოველთაოდ ცნობილია: ესაა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოუგვარებლობა და დასვენების ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის სრული ნგრევა, რასაც მწირი საბიუჯეტო შესაძლებლობები განაპირობებს.”

“ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთის შავიზღვისპირეთი ძალიან გემრიელი ლუკმაა პოტენციური ინვესტორებისათვის.”

წერილის მიხედვით, “ადგილობრივ ბიზნესს არა აქვს ინვესტირების საშუალებები და, ამიტომ მხოლოდ საზღვარგარეთელ ინვესტორებზე შეიძლება საუბარი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ქონების სამინისტროს წარმომადგენელმა ალეკსანდრ პარშუკოვმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ამ პროცესში რუსეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების მონაწილეობას, თუმცა, მისი თქმით, ბევრი რამ კონკურსის პირობებსა და მის გამჭვირვალობაზე იქნება დამოკიდებული.”

ამასთან ერთად, გაზეთში ნათქვამია, რომ “ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტის აზრით, აფხაზური მთავრობის ინიციატივა აუცილებლად გამოიწვევს ქართული მხარის მძაფრ და ნეგატიურ რეაქციას. და მართლაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ გაზეთს განუცხადა, რომ აფხაზეთის ნებისმიერი ობიექტის ნებისმიერი პრივატიზაცია უკანონოა.” მისი თქმით, “ყველა ობიექტი, საკურორტო ინფრასტრუქტურის ჩათვლით, საქართველოს საკუთრებას წარმოადგენს.”

ხოლო იმავე ექსპერტის თქმით, ”რუსეთის იმ სტრუქტურებს, რომლებიც აფხაზეთის ობიექტების პრივატიზებას გადაწყვეტენ, სერიოზული ლობისტური შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ.” ექსპერტი მიიჩნევს, რომ “როგორც არ უნდა ვითარდებოდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესი, მოსკოვი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, ამასთან, ერთ-ერთ პირობად ჩადებული კაპიტალის დაცვის აუცილებლობა შეიძლება მიიჩნიოს.”

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, “ვინაიდან აფხაზეთის კურორტებზე კონტროლმა, შესაძლოა, არსებითად იმოქმედოს რეგიონში სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობაზე, ამიტომ არ არის გამორიცხული, რუსეთის ფირმების გარდა, თურქებიც დაინტერესდნენ პრივატიზების პროცესით.” გაზეთი მიიჩნევს, რომ თბილისი არ შეეწინააღმდეგება ასეთ მისწრაფებას, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული თბილი ურთიერთობის გათვალისწინებით.

გაზეთის დასკვნა კი ასეთია:

“ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ დაპირისპირება თბილისსა და სოხუმს შორის სრულიად ახალ, იქნებ, საბოლოო ფაზაშიც შედის. სიტუაციის შემდგომი განვითარება, შესაძლოა, არა იმდენად სამხედროებსა და პოლიტიკოსებზე, რამდენადაც ბიზნესმენებზე იქნება დამოკიდებული.”

“ნეზავისიმაია გაზეტას” აზრით, “ამგვარი ვითარება ამცირებს სამხედრო კონფლიქტის განახლების შესაძლებლობას, მაგრამ სამშვიდობო ინტრიგას სრულიად გაურკვეველს ხდის.”

29 მაისის “პარლამენტსკაია გაზეტამ” გამოაქვეყნა ინტერვიუ ბათუმში დისლოცირებული ბაზის სარდალთან, გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაძლოა, საპროტესტო ნოტით გამოვიდეს ამ ინტერვიუს გამო და გენერლის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე, რომლებიც ივნისის დასაწყისში მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს საგარეო უწყების პოზიციის ნათელსაყოფად ორიოდე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ აღნიშნული ინტერვიუდან.

გაზეთის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება საქართველოს ხელმძღვანელობის პრეტენზიები, გენერალმა ბორისოვმა უპასუხა:

“პრეტენზიები სწორედ ის არის, რომ ჩვენ აქ ვიმყოფებით. ჩვენი ბაზები შევარდნაძეს ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი და მას სხვა არაფერი დარჩენია, რომ ამ ფაქტს შეურიგდეს. მე, ალბათ, არ გამოვირჩევი დიპლომატიურობით ჩემს გამონათქვამებში და, როგორც ჩანს, ამჟამადაც გამომაცხადებენ პერსონა ნონ-გრატად, როგორც ეს უკვე სამჯერ მოხდა მანამდე. მაგრამ თუ რუსეთის ბაზებს გაიყვანენ, მაშინ ამიერკავკასიის მთელი ტერიტორია, შავი ზღვით დაწყებული და კასპიით დამთავრებული, ომის ქარცეცხლში გაეხვევა.”

გარდა ამისა, გენერალ ბორისოვის თქმით, “1998 წლის 5 აგვისტოდან ბატონმა შევარდნაძემ “დრაკონული” ბეგარა შემოიღო საქართველოს გზებით ტვირთების გადაზიდვაზე, რის გამოც რუსეთის ჯარების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ქონების მიწოდება საერთოდ შეწყდა.”
XS
SM
MD
LG