Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით იმედგაცრუებულია


თვითმმართველობის არჩევნების პროცესში დაშვებულ უხეშ დარღვევებს მძაფრი კრიტიკით ეხმაურებიან საქართველოში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლები.

3 ივნისს თბილისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო, რომ დემოკრატიულმა პროცესმა საქართველოში არ გაამართლა და ხელისუფლებამ, რომელსაც არ ეყო პოლიტიკური ნება, ვერ უზრუნველყო ჭეშმარიტად დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაცია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა. არჩევნების დღეს დელეგაციის წევრებმა პირადად მოინახულეს არაერთი საარჩევნო უბანი თბილისსა და რეგიონებში, თვალყურს ადევნებდნენ ხმათა დათვლის პროცესს და აღნუსხავდნენ ყველა დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პროცესის დროს.

ვერ ვიტყვით, რომ მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლებს რაიმე ისეთი სკანდალური დარღვევის ფაქტი აღმოეჩინოთ, რაც საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. მაგრამ მათ შეფასებაში, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს კრიტიკა, რომლის ობიექტი საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები არიან.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციის წევრების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ "მათი იმედები, სამართლიან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, გაცრუვდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების არასათანადო მომზადებისა და გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო." დელეგაციის ხელმძღვანელ ლუი როპეს თქმით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოება, რომ რუსთავში ადგილი ჰქონდა ბანდიტური ჯგუფის მიერ საარჩევნო ბიულეტენების გატაცების ფაქტს. ხოლო ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ წინასწარ დაეჭირა თადარიგი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის ხარისხის დადგენას გადაჰყვა და ვერ შექმნა ჭეშმარიტად დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნებისათვის აუცილებელი პირობები.
[ლუი როპეს ხმა] "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ საკმარისი ძალა და უფლებამოსილება და მათი მართვა ხორციელდება რაიონებში გამგებლების, თბილისსა და ფოთში კი ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მერების მეშვეობით. დამკვირვებლების გაოგნება გამოიწვია ამომრჩეველთა სიების სავალალო მდგომარეობამ და იმან, რომ არჩევნები ოდნავადაც კი არ იყო ტექნიკურად უზრუნველყოფილი წინა დღემდე.საარჩევნო უბნებსა და გარეთ შექმნილმა ქაოტურმა ვითარებამ, შეიარაღებული პოლიციის ყოფნამ, ბანდიტური ჯგუფის მიერ საარჩევნო ბიულეტენების გატაცებამ რუსთავში კიდევ უფრო გააღრმავა დამკვირვებელთა იმედგაცრუება."

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლებს ვერაფრით აუხსნიათ, რატომ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღებულობს ცივილიზებულ საარჩევნო კანონს და შემდეგ თავადვე გვევლინება მის მთავარ დამრღვევად. ამ თემაზე საუბრისას ლუი როპემ გაიხსენა ერთი კვირის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ევროპული ქარტია, რომლის მთავარი პრინციპიც ძლიერი და უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის დელეგაციის წევრთა განცხადებით, არჩევნების დროს არავინ არ არის შეცდომისგან დაზღვეული და ამიტომ, მკაცრი შეფასების მიუხედავად, ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს შემდგომში დემოკრატიულობის უფრო მაღალი ხარისხით ჩაატაროს არჩევნები. მით უფრო, რომ, ლუი როპეს აზრით, "საქართველოს მოსახლეობა უკეთეს არჩევნებს იმსახურებს".
XS
SM
MD
LG