Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ტაბლიაშვილის ხსოვნას


ეროვნულ კინოსა და თეატრს კიდევ ერთი კლასიკოსი გამოაკლდა- გარდაიცვალა 88 წლის ვახტანგ ტაბლიაშვილი,

რომელსაც ქართველი ხალხი გასულ კვირას, 28 მაისს, გამოემშვიდობა. ბოლო დროს მას განსაკუთრებით ხშირად იწვევდნენ ტელევიზიასა თუ რადიოში... რაც ბუნებრივია: როცა საზოგადოებას მეოცე საუკუნის ქართული კულტურის ახლებური გააზრების სურვილი გაუჩნდა, ახალგაზრდა თაობას უშუალოდ უნდა გაეცნო ჩვენი თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პიროვნება, ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეჟისორი, რომელსაც ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის,” დღევანდელი გამოშვება ეძღვნება.


ქართული თეატრი მას თავისიანად მიიჩნევდა, ოპერა ვერაფრით ელეოდა, კინემატოგრაფისტებმა ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმის ავტორად დაასახელეს. წელს, 16 მაისს, ვახტანგ ტაბლიაშვილს 88 წელი შეუსრულდა, მაგრამ უხუცესი რეჟისორი კვლავაც შემოქმედებით გეგმებზე საუბრობდა, ისევ ფიქრობდა განუხორციელებელი სცენარის, “ბარათაშვილის,” გადაღებაზე, იმ სცენარზე, რომელიც თავის დროზე გიორგი ლეონიძესთან ერთად დაწერა. და რომ არა ქართული კინოს დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობა, ჯერ კიდევ შარშან, ან შარშანწინ, ვახტანგ ტაბლიაშვილს ამ პროექტის განხორციელება არ გაუჭირდებოდა. ქართული კინოს ვეტერანს იმხანად არც ფიზიკური ძალა აკლდა და არც იდეები. ბოლოს და ბოლოს, ფრანგი კინორეჟისორი ერიკ რომერი 82 წლისაა, მაგრამ აქტიურად მუშაობს კინოში, რომ არაფერი ვთქვათ პორტუგალიელ მანუელ დი ოლივიერაზე, რომელიც 1908 წელსაა დაბადებული, მაგრამ კინოს ყოველწლიურად იღებს. თუმცა ქართულ კულტურაში უხუცესი რეჟისორის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატ ვახტანგ ტაბლიაშვილის დაბრუნება, პირველ რიგში, მაყურებლისთვის უნდა ყოფილიყო სასარგებლო. ეს იქნებოდა სწორედ ის შემთხვევა, როცა ვეტერანი ხელოვანი, ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს საბჭოთა ეპოქაში მიაღწია, თანამედროვე ქართულ თეატრსა და კინოში აღადგენდა არა სოციალისტური რეალიზმის ფასეულობებს, არა ცრუპათეტ იკას, გაჯერებულს ვითომც პატრიოტული თემებით, არამედ დახვეწილობასა და ფილიგრანულობას, იმას, რაც ძალიან აკლია თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, რაც სხვა დროსაც აკლდა, თუმცა არასდროს აკლდა ვახტანგ ტაბლიაშვილს – უაღრესად განათლებულ ადამიანს, ხელოვანს, რომელიც თავიდანვე, 1939 წლიდან, როგორც კი მარჯანიშვილის თეატრში “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” დადგა, გამოირჩეოდა ენციკლოპედიური ცოდნით, ისტორიის ყველაზე უმნიშვნელო დეტალების მიმართ ყურადღებით, პედანტურობითაც, რომლის გამო ჩვენმა კრიტიკოსებმა მას “ქართველი ვისკონტი” შეარქვეს. მითუმეტეს, რომ გენიალური იტალიელის მსგავსად, ვახტანგ ტაბლიაშვილი ერთნაირი წარმატებით მუშაობდა დრამატულ თეატრში, კინოსა და ოპერაში. და ისევე, როგორც გენიალურ იტალიელთან, ვახტანგ ტაბლიაშვილის თითქმის ყველა ნამუშევარში, სპექტაკლი იქნებოდა, ეს თუ ფილმი, საოპერო ხელოვნების გამომსახველობით საშუალებათა გავლენა ყოველთვის შეინიშნებოდა. მართალია, ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორის პოსტზე მან მხოლოდ რამდენიმე წელი დაყო, თბილისის ოპერის თეატრის შემოქმედებითი აღმავლობა სწორედ ტაბლიაშვილის ხელმძღვანელობის დროს, 1956-65 წლებში, დაიწყო. სწორედ ვახტანგ ტაბლიაშვილის ინიციატივით დაიდგა თეატრში ქართული ოპერები – გარდა ფალიაშვილის “დაისისა” და “აბესალომ და ეთერის” განახლებული დადგმებისა, მელიტონ ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”, შალვა მშველიძის “დიდოსტატის მარჯვენა”. სწორედ ოპერაში მუშაობას იხსენებდა იგი განსაკუთრებული ნოსტალგიით სულ რაღაც ორი წლის წინ, საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში “მრავალსახეობა”. [ვახტანგ ტაბლიაშვილის ხმა] : “ცენტრალურ კომიტეტში უთქვამთ: “არა, დადგამს “დაისს” და დარჩება თეატრში. ასეც მოხდა; დავდგი “დაისი”, კიდევ ბევრი დავდგი, მაგრამ მინდა გამოვყო “ტრუბადური”. კარგი სპექტაკლი გამოვიდა. “თავის ქება კიტრადაო”, არა? თავი არსად მიგრძვნია სტუმრად – სადაც მივდიოდი, ვიყავი პირველი.”

პირველი კი ვახტანგ ტაბლიაშვილი იქ იყო, სადაც ხელოვანს ეპოქის დეტალების ცოდნა, სახვითი და მუსიკალური კულტურა, გემოვნება მოეთხოვებოდა. ეს უკანასკნელი, “გემოვნება, ” მას იშვიათად ღალატობდა. ეტყობა, ყოველთვის ასეა, როცა ხელოვანს, ტაბლიაშვილის მსგავსად, ეგრეთ წოდებული “ისტორიზმი” ახასიათებს, როცა ისტორიული მოვლენის ყოველი დეტალი აქვს გააზრებული – კოსტიუმი იქნება ეს თუ პერსონაჟის პლასტიკა, ანუ როცა მას“სტილის შეგრძნება” აქვს, ის ყოველთვის შექმნის “კულტურულ ნაწარმოებებს”, ზომიერებას ყოველთვის დაიცავს, რადგანაც ზომიერებაა, როგორც წესი, ასეთი რეჟისორების საყრდენი, მათი შემოქმედების მორალი... და თუ 60-იან წლებში, როცა ტაბლიაშვილმა “დიდოსტატის მარჯვენას” ეკრანიზაციას მიმართა, ასეთი სტილი უკვე აღარ იყო მოდაში (ამიტომაც გამოვიდა ფილმი ცოტა თეატრალური), იმხანად, როცა ტაბლიაშვილმა მარჯანიშვილის თეატრში “მეფე ერეკლე”, “გიორგი სააკაძე”, “მაია წყნეთელი” დადგა, მოგვიანებით - “ანტონიუსი და კლეოპატრა”, “რომეო და ჯულიეტა”, ზომიერება და გემოვნება ხელოვანის გამომწვევ ჟესტადაც კი აღიქმებოდა. პათეტიკური მონუმენტალიზმის, ცრუკლასიციზმის ეპოქაში ტაბლიაშვილი დგამდა სპექტაკლებს, კონკრეტულობით, სიცხადითა და სისადავით გამორჩეული მიზანსცენებით, ტრაგედიებს, რომელიც არავის თრგუნავდა, არავისში ბადებდა აგრესიას, რადგანაც, თეატრის ისტორიკოსთა აზრით, ეს არ იყო სპექტაკლი-პლაკატები, ეგრეთ წოდებული “თეატრალური აგიტკები.” – ტაბლიაშვილს, პირველ რიგში, უყვარდა ისტორია და მაქსიმალურად ცდილობდა არ ეთქვა ტყუილი იმ ეპოქაში, როცა უმრავლესობა ტყუოდა.

და მაინც, ვინც არ უნდა “მიითვისოს” დღეს ქართული კულტურის კლასიკოსი, ჩვენი ხელოვნების ისტორიაში ვახტანგ ტაბლიაშვილი დარჩება როგორც ხალხის საყვარელი ფილმის, “ქეთო და კოტეს,” თანაავტორი, ფილმისა, რომელიც მან, შალვა გედევანიშვილთან ერთად, 1948 წელს გადაიღო. სწორედ ამ ნამუშევარში შეძლო რეჟისორმა ერთმანეთისთვის მაქსიმალურად დაეახლოებინა კინო, თეატრი და ოპერა. თანაც როდის? ეგრეთ წოდებული “მცირეფილმიანობის ეპოქაში”, როცა სტალინმა კიდევ უფრო გაამკაცრა ცენზურა კინოზე, როცა საბჭოთა კავშირში ერთი ფილმიც კი არ გამოსულა ეკრანებზე, რომელშიც “აგენტი” არ გამოჩენილიყო, როცა, მართალია, მუსიკალურ ფილმებს იღებდნენ, მათ შორის, გლინკასა და მუსორგსკიზე, მაგრამ ყველა ეს სურათი მაინც სტალინური იდეოლოგიის კლიშეებით იყო სავსე. ვახტანგ ტაბლიაშვილს, გარკვეული თვალსაზრისით, გაუმართლდა კიდეც: ფილმის გადაღება დაემთხვა იმ ეპოქას, როცა ხელისუფლებამ რეჟისორებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ხალხის გართობა მოითხოვა და დაემთხვა, აგრეთვე, იმ ძალიან ხანმოკლე დროს, როცა “მოკავშირე”, ანუ შეერთებული შტატები, აღარ წარმოადგენდა “მტრის ხატს”. სწორედ 1948 წელს დასრულდა გადაღება გრიგორი ალექსანდროვის ფილმისა “შეხვედრა ელბაზე”, რომელიც საბჭოთა და ამერიკელი ხალხის მეგობრობას ასახავს; სწორედ ამ დროს გამოვიდა ჩვენს ეკრანებზე ეგრეთ წოდებული “ნადავლი ფილმები”, ჰოლივუდის მუსიკალური კომედიები. აუცილებელი გახდა შექმნილიყო რაღაც ამის მსგავსი... და შეიქმნა კიდეც – “ქეთო და კოტე, ” ქართული კინოს, თეატრის, ოპერის, ფაქტობრივად, ყველა ვარსკვლავის მონაწილეობით. უბრალოდ, ჰოლივუდის პავილიონები აქ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის, ყოფილი მეფის ნაცვლის სასახლის დარბაზებით შეიცვალა, ჯაზი – ვიქტორ დოლიძისა და არჩილ კერესელიძის მუსიკით. თავად იდეა კი, იდეა, რომელსაც ჰოლივუდი წლების მანძილზე ამკვიდრებდა – როგორ შეუძლია სუსტს “გააცუროს” ძლიერი ამა ქვეყნისა, ნამდვილად ახალი იყო იმ კულტურაში, რომელიც მთლიანად “ძლიერის”, “მონუმენტურის” კულტზე იგებოდა.
[ფრაგმენტი “ქეთო და კოტედან”]

“ქეთო და კოტე” ისევ არ ძველდება. დღეს მაყურებელი, სახვითი და მუსიკალური თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ყველაზე “კულტურულ” ფილმს ქართული კინოს ისტორიაში აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს. რუსებთან ერთად მოქეიფე თავადი ლევანი და ვაჭარი მაკარი, მისთვის დამახასიათებელი არასრულფასოვნების კომპლექსით; სნობიზმი და ქედმაღლობა, ფარისევლობა და ორპირობა – ყველაფერი ეს ნამდვილად იწვევს ასოციაციებს. ამიტომაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 88 წლის ვახტანგ ტაბლიაშვილმა ახალი შედევრის გადაღება, უბრალოდ, ვერ მოასწრო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG